ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მეღვინეობა ვირჯინიაში


მეღვინეობა ვირჯინიაში
მეღვინეობა ვირჯინიაში

წარმოშობით ფრანგი -სებასტიან მარკეტი- დუკენის საწარმოს მთავარი მეღვინეა.

ბავშვობა ბურგუნდიაში გაატარა. ეს სამსახური მისი ბავშვობის ოცნება და სიზმარი იყო. სულ პატარა იყო, როცა სკოლის მასწავლებელმა ჰკითხა, რა გინდა გამოხვიდეო? სებასტიანმა კი უპასუხა: მინდა ღვინო ჩამოვასხა, ოღონდ - ამერიკაში.

პირველი ვენახი სებასტიანმა კარიბის კუნძულ მარტინიკზე გააშენა. შემდეგ ამერიკაში გადმოვიდა და საყვარელი საქმიანობა კალიფორნიაში, სონომას ველზე გააგრძელა. ბოლოს ვირჯინიაში აღმოჩნდა, რადგან მიაჩნია, რომ ღვინოს დიდი მასშტაბები არ უხდება. მას მცირე ზომის წარმოება, სხვადასხვა ჯიშის ყურძენი და ახალ ღვინოებზე ექსპერიმენტირება უფრო აინტერესებს.

„კარგი ღვინის ჩამოსასხმელად რამდენიმე პარამეტრია საჭირო. მათ შორის ყველაზე მთავარია: კარგი მიწა, საკმარისი მზე და ადამიანების დიდი სიყვარული. ვირჯინიაში ეს ყველაფერი უხვადაა. თანაც აქ კარგ ღვინოს დიდ პატივს სცემენ“.

ოცდაათი წლის წინ ვირჯინიაში მხოლოდ 6 ღვინის მწარმოებელი ქარხანა იყო. დღეს კი მათი რაოდენობა 200 -ს აღემატება. ღვინის წარმოების რაოდენობით ვირჯინია ამერიკაში მე-6 ადგილზეა კალიფორნიის, ვაშინგტონის, ორეგონის, ნიუ-იორკის და ტეხასის შემდეგ.

ასოციაცია „ღვინო-ამერიკა“ ადგილობრივი მეღვინეობის განვითარებას ბიზნესის ხელშეწყობის გარდა, მისი საკანონმდებლო ბაზის დახვეწითაც ცდილობს. ორგანიზაციის ლობისტი მაიკლ კაიზერი ამბობს, რომ მეღვინეობა ვირჯინიაში კიდევ უფრო დაწინაურდება.

„ტეხასს ის მალე გაასწრებს, მაგრამ ნიუ-იორკს ჯერ ვერ დაეწევა, რადგან იქ 200-ით მეტი ღვინის საწარმოა. სავარაუდოდ ვირჯინია ამერიკაში მეხუთე ადგილს დიდი ხნით შეინარჩუნებს“.

სებასტიან მარკეტი დუკენის ქარხანაში ოთხი წლის წინ ჩამოვიდა. მაშინ აქ მხოლოდ 1500 ყუთ ღვინოს ასხამდნენ. დღეს ეს საწარმო 3-ჯერ მეტ პროდუქციას აწარმოებს. შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში 8000 ყუთზე უნდა ავიდნენ.

კალიფორნიული ქარხნები დაახლოებით 10-ჯერ უფრო დიდია. მაგრამ დუკენის ქარხნის ბიზნეს-სტრატეგია მცირე წარმოების შენარჩუნებაა. ამ გზით ისინი მასშტაბური დისტრიბუციის პრობლემებს თავიდან იცილებენ და ღვინის რეალიზაციაზე თვითონ ზრუნავენ.

„არ გვინდა დისტრიბუტორებს მივმართოთ. მცირე საწარმოსთვის ეს შეუძლებელიცაა. ფასს 50 პროცენტით ამცირებ, როცა ღვინოს დისტრიბუტორს აძლევ. ჩვენ ამისთვის ჯერ მზად არ ვართ“.

მრავალფეროვნების გაზრდისთვის დუკენის ქარხანამ წელს დამატებით ორი ჰექტარი ვენახი გააშენა. მათ შორის ისეთი ცნობილი ჯიშებია, როგორიცაა სოვინიონ ბლანი, შარდონე, მერლო და კაბერნე ფრანკი. ეს უკანასკნელი ვირჯინიის დამრეც ფერდობებზე მოყვანისას უნიკალურ თვისებებს იძენს.

დუკენის ქარხნის კაბერნე ფრანკმა სან ფრანცისკოში საერთაშორისო კონკურსზე 2007 წელს ოქროს მედალი და 2008 წელს ვერცხლი მოიგო. ვირჯინიელებს იმედი აქვთ, რომ საწარმო მათ კიდევ არაერთხელ ასახელებს.

XS
SM
MD
LG