ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიის არმიის ძალადობის ამსახველი საიდუმლო მასალა


სირიის არმიის ძალადობის ამსახველი საიდუმლო მასალა

ამერიკის ელჩმა სირიაში, რობერტ ფორდმა აქამდე საიდუმლო გრიფის მქონე მასალების გამოსაქვეყნებლად „ფეისბუქი“ გამოიყენა. სირიის არმიის შეტევების ამსახველი ფოტოები ქალაქ ჰომსში მშვიდობიან მოსახლეობაზე განხორციელებულ ძალადობას ასახავს.

სირიელი აქტივისტების თქმით ძალადობის ესკალაცია ქალაქის ბაბა ამრის უბანში უკვე ერთ კვირაზე მეტია, რაც განუწყვეტლად გრძელდება.

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის, ვიქტორია ნულანდის განცხადებით ფოტოებს შორის ზოგიერთი განსაკუთრებით შემზარავია და ამგვარ ფაქტებს მხოლოდ ნამდვილი სამხედრო შეტევის დროს შეიძლება ჰქონდეს ადგილი.

ჩვენი მიზანია ამ რეჟიმის სისასტიკე და შეუბრალებლობა მთელი სიმწვავით ვაჩვენოთ, რათა ყველამ ნახოს დომინანტური მთავრობის მიერ საკუთარი ხალხის იარაღის ძალით ჩაგვრის ფაქტები“ - აღნიშნავს ქალბატონი ნულანდი.

სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის თქმით ელჩმა რობერტ ფორდმა დამასკო ორშაბათს მას შემდეგ დატოვა, რაც ვაშინგტონმა იქ საელჩოს დახურვა გადაწყვიტა, მაგრამ ბატონი ფორდი „თვითერის“ საშუალებით სირილებთან მუდმივ კონტაქტს ინარჩუნებს. ვიქტორია ნულანდის განცხადებით ადრე საიდუმლო გრიფით შენახული ფოტოების ნახვა დღეს ყველას შეუძლია და სრული მასალა განლაგებულია ვებგვერდზე: www.stateondemend.com

სოციალური ქსელების და ტრადიციული მედიის გარდა ფოტოების გამოქვეყნება მიზნად ოფიციალური მოსკოვის და პეკინის ინფორმირებასაც ისახავს. რუსეთმა და ჩინეთმა გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას, რომელიც პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადის მიერ მშვიდობიან მოსახლეობაზე განხორციელებული ძალადობის შეჩერებას შეძლებდა, ერთი კვირის წინ ვეტო დაადეს.

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მდივნის მოადგილე ახლო აღმოსავლეთთან ურთიერთობის საკითხებში, ჯეფ ფელტმანი პარასკევს ბაჰრეინში არაბ ლიდერებს შეხვდა. მანამდე კი პარიზში გამართულ მოლაპარაკებებში მიიღო მონაწილეობა, რომელთა მიზანი დამასკოს წინააღმდეგ საერთაშორისო წნეხის გაზრდა გახლავთ.

ორგანიზაცია, რომელსაც „დემოკრატიული სირიის მეგობრები“, ან „სირიელი ხალხის მეგობრები“ ერქმევა, პრეზიდენტ ასადის ოპოზიციას პოლიტიკურ მხარდაჭერას შესთავაზებს. საერთაშორისო ორგანიზაციები კი არამარტო ოფიციალურ დამასკოზე გააგრძელებს ზეწოლას, არამედ იმ ქვეყნებზე, რომლებიც პრეზიდენტ ასადს იარაღით ამარაგებს, კონკრეტულად-რუსეთზე.

XS
SM
MD
LG