ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჯეი კარნი: „ჩვენ იმ ვითარებაში ვართ, რომელშიც აქამდე არ ვყოფილვართ“


ჯეი კარნი: „ჩვენ იმ ვითარებაში ვართ, რომელშიც აქამდე არ ვყოფილვართ“

შეერთებული შტატების ოფიციალური პირების განცხადებით, ვაშინგტონი ირანის ბირთვული პრობლემის მოგვარებას დიპლომატიური გზებით ცდილობს. ამავდროულად საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტო დღეს ან ხვალ ირანის ბირთვულ პროგრამაზე მოხსენებას გამოქვეყნებს. თუმცა მანამდე, ირანის ბირთვულ საკითხთან დაკავშირებით მედიაში ბოლო დროს ატომური სააგენტოს მოხსენების ზოგიერთმა დეტალმა გაჟონმა და სხვადასხვა სახის მოსაზრებები გაჟღერდა.

ისრაელის მედიასაშულებების ცნობით, ისრაელის მთავრობაში მიდის დებატები ირანზე შესაძლო სამხედრო დარტყმის განხორციელების თაობაზე. ასევე „ვაშინგტონ პოსტმა“ გამოაქვეყნა სტატია, სადაც დასავლელ დიპლომატებზე და ექსპერტებზე დაყრდნობით ნათქვამია, რომ ირანი მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს ტექნოლოგიური სირთულეების დასაძლევად, რაც ბირთვული იარაღის შექმნისთვის არის გამიზნული. სტატიის თანახმად, ამ საქმეში ირანს უცხოელი მეცნიერები ეხმარებიან.

საერთაშორისო ატომური სააგენტოს მოხსენებასთან და პრესაში გაჟონილ ინფორმაციებთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა თეთრი სახლის პრესმდივანმა ჯეი კარნიმ.

მისი განცხადებით, შეერთებული შტატები განაგრძობს დიპლომატიურ ძალისხმევას პრობლემის მოსაგვარებლად. შეკითხვაზე, თუ როგორ აფასებს თეთრი სახლი ისრაელის მხრიდან ირანზე პრევენციული დარტყმის შესაძლებლობას, კარნიმ განაცხადა:

„ჩვენ იმ ვითარებაში ვართ, რომელშიც აქამდე არ ვყოფილვართ. რადგანაც იმ ორმაგი მიდგომით რაც ამ პრეზიდენტმა და მისმა ადმინისტრაციამ აირჩეს, ცხადი გახდა მსოფლიოსთვის, რომ საქმე არ არის შეერთებულ შტატებში, არამედ საქმე არის ირანის ქცევაში. ამან ჩვენ მოგვცა უფლება მიგვემართა საერთაშორისო საზოგადოების მობილიზებისკენ, რაც აქამდე არ ყოფილა. ჩვენ ერთად დგომით უნდა განვახორციელოთ ზეწოლა ირანზე, რათა მან შეცვალოს არსებული ქცევა,“ - განაცხადა კარნიმ.

გასულ კვირას „დიდი ოცეულის“ სამიტზე, საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ განაცხადა, რომ ირანის ბირთვული პროგრამა საფრთხეს წარმოადგენს. მან თეირანს ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდა.

XS
SM
MD
LG