ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მოხსენება


ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მოხსენება

დასავლეთი შეაშფოთა გაეროს სააგენტოს მოხსენებამ, რომელიც ამტკიცებს, რომ ირანის ბირთვული ამბიციები არ არის მხოლოდ მშვიდობიანი მიზნებით განპირობებული.

ირანის პრეზიდენტმა მაჰმუდ აჰმადინეჟადმა უარყო ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მოხსენებაში მოყვანილი ფაქტები. მისი თქმით: “ეს სააგენტო იმ მასალებს აქვეყნებს, რასაც მისგან ამერიკის ხელისუფლება მოითხოვს.“

სააგენტოს მოხსენებაში ნათქვამია, რომ ირანს რამდენიმე თვის განმავლობაში შეუძლია ატომური ბომბის შექმნა.

ვაშინგტონის სტრატეგიული კვლევების საერთაშორისო ცენტრის ექსპერტის ენტონი კორდსმანის განცხადებით ირანს მიწისქვეშა საიდუმლო ლაბორატორიები აქვს, სადაც ამ მასალებს ინახავს.

მისი თქმით: “ახლა მწვავედ დგას კითხვა, თუ სადამდე უნდა გაგრძელდეს ამ თემაზე მოლაპარაკებები? როდის გახდება აუცილებელი სამხედრო ძალის გამოყენება? თუ ჩვენ მათ მივცემთ ბირთვული იარაღის შექმნის საშუალებას?“

ისრაელი დიდი ხანია ირანის ბირთვულ პროგრამას სასიკვდილო საფრთხედ მიიჩნევს. უკანასკნელი მონაცემებით ისრაელი ირანზე თავდასხმის შესაძლებლობას განიხილავს. არც შეერთებული შტატები გამორიცხავს სამხედრო აქციის ჩატარებას.

1981 წელს ისრაელმა ერაყის ოსირიკის რეაქტორი დაბომბა, რომელსაც სადამ ჰუსეინის საიდუმლო ბირთვულ ობიექტად მიიჩნევდნენ. თუმცა როგორც ბატონი კორდსმანი აცხადებს ისრაელმა კარგად იცის, რომ ირანზე თავდასხმა გაცილებით მეტ რისკს შეიცავს. მისი თქმით: “ ბოლო დროინდელი წვრთნები და გამოცდები იმაზე მიუთითებს, რომ ისრაელი ირანის მიწისქვეშა ბუნკერებსა და ობიექტებზე თავდასხმისთვის ემზადება, რათა სრულიად გაანადგუროს ამ ქვეყნის გამდიდრებული ურანის მარაგი.“

ვაშინგტონის შეაიარაღებაზე კონტროლის ასოციაციის წარმომადგენლის პიტერ კრაილის განცხადებით, თუ ირანმა ბირთვული იარაღის დაუფლება შეძლო ის უფრო აგრესიულ პოლიტიკას გაატარებს რეგიონში. მისი თქმით:“ მას უფრო თავისუფლად შეეძლება ჰეზბოლას მსგავსი მოკავშირეების გამოყენება ისრაელის წინააღმდეგ ისე, რომ თავად აღარ ექნება საპასუხო დარტყმის შიში.“

ბატონი კრაილის განცხადებით ირანის წინააღმდეგ შემოღებულ სანქციებს შეზღუდული შესაძლებლობები გააჩნიათ, მაგრამ გაეროს ატომური ენერგიის სააგენტოს მოხსენებამ ირანის საერთაშორისო პოზიციები მნიშვნელოვნად შეარყია. მისი თქმით: “ირანს განვითარებადი სამყაროს ლიდერად მოაქვს თავი და აცხადებს, რომ ბირთვულ ენერგიას მხოლოდ მშვიდობიანი მიზნებისთვის ანვითარებს, რასაც ეს ქვეყნები მოწონებით ხვდებიან.“

მაგრამ თუ წამყვანი განვითარებადი სახელმწიფოები ირანს ჩამოშორდებიან და თეირანი იზოლაციაში მოექცევა, მაშინ ისინი კარგად დაფიქრდებიან ღირს, თუ არა ბირთვული იარაღის შექმნაზე მუშაობა.

XS
SM
MD
LG