ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ში კვალიფიციური მუშახელის ნაკლებობაა


უმაღლესი განათლების მქონე ბევრი ამერიკელი ვეღარ ახერხებს კვალიფიციური სამუშაოს შოვნას

გასულ კვირას შეერთებულ შტატებში კიდევ 350,000-მა ადამიანმა მოითხოვა უმუშევრებისთვის განკუთვნილი ფინანსური დახმარება. ამერიკაში უმუშევრობის დონე ამჟამად 8,2 პროცენტს აღწევს. დამქირავებლები კი აცხადებენ, რომ მათ მაღალ ტექნოლოგიებზე მუშაობის მცოდნე ადამიანები სჭირდებათ.

გაეროს ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ხელმძღვანელის ანხელ გურიას განცხადებით, უმაღლესი განათლების მქონე ბევრი ადამიანი დღეს ვეღარ ახერხებს კვალიფიციური სამუშაოს შოვნას.

“ამჟამად ბევრი განათლებული ადამიანია უმუშევრად დარჩენილი ქუჩაში, მაშინ როდესაც საქმის მწარმოებლები მუშახელს ეძებენ. ეს ნამდვილი ტრაგედიაა.“

გაეროს მონაცემებით, დღეს მსოფლიოს ყველაზე მდიდარი 34 სახელმწიფოს 44 მილიონი მოქალაქეა დარჩენილი სამუშაოს გარეშე.

მარტო შეერთებულ შტატებში 13 მილიონი უმუშევარია, მაშინ როდესაც 3,6 მილიონი თავისუფალი სამუშაო ადგილი არსებობს.

პარადოქსია, მაგრამ ფაქტია, რომ უმუშევრობის პირობებში მაღალი კვალიფიკაციის მუშახელზე მოთხოვნილება არ არის დაკმაყოფილებული.

სამუშაოს მაძიებლებს კომპანია “Monster Worldwide” მაღალტექნოლოგიურ დახმარებას ჰპირდება ახალი კომპიუტერული პროგრამების საშუალებით, რომელშიც მილიონობით ადამიანის რეზიუმეებია თავმოყრილი.

როგორც ამ კომპანიის ოფიციალური წარმომადგენელი ერლ რენისონი აცხადებს ახალი პროგრამა სემანტიკურ პრინციპებზეა დაფუძნებული და სიტყვის ძიების პროცესში, მასთან დაკავშირებულ უამრავ ვარიენტს აძლევს დაინტერესებულ ადამიანს.

ამავე პროფილის კიდევ ერთი კომპანია Beond.com-ის წარმომადგენელი რიჩ მაილგრამი სხვა პრობლემაზე ამახვილებს ყურადღებას. მისი თქმით, დაუჯერებელია ამბავია, მაგრამ რეცესიის დროს პირველ რიგში სწორედ იმ ექსპერტებმა დაკარგეს სამუშაო, რომლებიც უმუშევრებს სამსახურის ძებნაში უწევდნენ დახმარებას. სამსახურში მიღებულ ახალ თანამშრომლებს კი, გამოცდილების უქონლობის გამო, გარკვეული დრო სჭირდებათ სამუშაო პირობებთან შესაგუებლად.
XS
SM
MD
LG