კორეის ნახევარკუნძულზე დაძაბულობის განეიტრალების მიზნით, ჩრდილოეთ კორეა მზადაა შეერთებულ შტატებთან პირდაპირი დიალოგი აწარმოოს. ამის შესახებ განცხადება 16 ივნისს, სამხრეთ კორეასთან დაგეგმილი შეხვედრის ჩაშლიდან სულ რამდენიმე დღეში გაკეთდა.
ჩრდილოეთ კორეის თავდაცვის ეროვნულმა კომისიამ ოფიციალურ საინფორმაციო ტელე და რადიო არხებზე საგანგებო განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ ვაშინგტონს შეუძლია ფხენიანთან უმაღლესი დონის მოლაპარაკებისთვის ადგილი და დრო თავად შეარჩიოს. ოღონდ, ჩრდილოეთ კორეა შეხვედრამდე ყოველგვარი წინაპირობის წაყენებას გამორიცხავს.
მოლაპარაკებათა მიზანი კორეის ნახევარკუნძულზე რეგიონალური მშვიდობის და უსაფრთხოების გარანტირებაა. ჩრდილოეთ კორეა აცხადებს, რომ ის ბირთვულ სახელმწიფოდ მანამ დარჩება, სანამ გარეშე ბირთვული საფრთხეები იარსებებს. ამასთან ფხენიანი ვაშინგტონს საერთაშორისო სანქციების გაუქმებისკენ მოუწოდებს.
შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, რომ ჯერჯერობით ჩრდილოეთ კორეის მხრიდან პოზიტიურ სიგნალებს ვერ ხედავს.
“ჩრდილოეთ კორეა გულახდილ და სანდო მოლაპარაკებაში უნდა ჩაერთოს, კონკრეტული ბირთვული განიარაღებისკენ მიმართული ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას. არის ამმხრივ რაიმე ცვლილება? არა. ჯერჯერობით მოლოდინი არ მართლდება და ჩვენი მოთხოვნების განხორციელების დამადასტურებელ ცნობებს ვერ ვიღებთ“ - აცხადებს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი, ჯენ ფსაკი.
ჩრდილოეთ კორეა დაბეჯითებით იმეორებს, რომ მოლაპარაკებებისთვის არანაირი წინაპირობა არ უნდა არსებობდეს, მათ შორის არც ბირთვულ განიარაღებაზე.
სამხრეთ კორეის უნიფიკაციის მინისტრის თქმით, მოლაპარაკების შეთავაზება თავისთავად პოზიტიური მოვლენაა და შესაძლოა, ჩრდილოეთ კორეას სიტყვა „ბირთვული განირაღების“ ხსენება შეერთებულ შტატებთან პირდაპირი დიალოგის დასაწყებად სჭირდებოდა. ანალიტიკოს მაიკლ ოსლინს „ამერიკულ წამოწყებათა ინსტიტუტიდან“ კი მიაჩნია, რომ ბირთვულ განიარაღებაზე საუბარი მხოლოდ დროის გაცდენაა და ეს ყოველივე რეალურ შედეგს არ მოიტანს.
„მოდით ვცნოთ ჩრილოეთ კორეა, როგორც ბირთვული სახელმწიფო. მათ ბირთვული იარაღი აქვთ. ისინი უკან ხომ არ დაბრუნდებიან? მხოლოდ გაუმჯობესებას შეეცდებიან. ერთ მშვენიერ დღეს კიდევ უფრო მეტი და უფრო დახვეწილი იარაღი ექნებათ. და როგორ მოვიქცეთ ახლა? ვაღიაროთ რეალობა, თუ მოვიტყუოთ თავი, თითქოს საქმე სხვაგვარადაა?“ - ამბობს ანალიტიკოსი.
მოლაპარაკებების პოზიტიურ შედეგებთან დაკავშირებით სამხრეთ კორეასაც სკეპტიკური პოზიცია აქვს. რაც შეეხება შეერთებული შტატების პრეზიდენტს, ბარაკ ობამას იმედი აქვს, რომ ჩინეთის პრეზიდენტის დახმარებით ჩრდილოეთ კორეას მოლაპარაკების მაგიდასთან მაინც დააბრუნებს. უახლოეს მომავალში ცალკე ჩინეთის და ჩრდილოეთ კორეის ოფიციალური პირების შეხვედრა იმართება პეკინში და ასევე - იაპონიის და სამხრეთ კორეის მოლაპარაკება ვაშინგტონში.