ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვაშინგტონში ახლო აღმოსავლეთის საკითხებზე მსჯელობა გრძელდება


ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ მოლაპარაკებებში ამერიკის საგანგებო რწმუნებულად მარტინ ინდიკი დანიშნა

გუშინ, გვიან საღამოს, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტში ჯონ კერიმ ისრაელის იუსტიციის მინისტრს ციპი ლივნის და მთავარ პალესტინელ დელეგატს ახლო აღმოსავლეთის საკითხებში საებ ერეკატს უმასპინძლა.
გუშინვე, უფრო ადრე, ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტში მონაწილე მხარეების წარმომადგენლები ვაშინგტონში ჩამოვიდნენ. ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ მოლაპარაკებებში ამერიკის საგანგებო რწმუნებულად მარტინ ინდიკი დანიშნა.

ინდიკი: „პრემიერ მინისტრმა ნეთანიაჰუმ და პრეზიდენტმა აბასმა რთული გადაწყვეტილებები მიიღეს, რათა მოლაპარაკებების მაგიდას დაბრუნებოდნენ. მე პირადად სახელმწფო მდივან ჯონ კერის და პრეზიდენტ ობამას ვუმადლი რომ მათ ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან მე დამავალეს ამ მნიშვნელოვანი მისიის შესრულება, მისიისა რომელმაც ისრაელ-პალესტინას შორის სრულ-მასშტაბიანი სამშვიდობო ხელშეკრულების მიღება უნდა უზრუნველყოს.“

ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, მხარეებს შორის მოლაპარაკებების განახლების მიზნით, ამერიკის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი ისრაელისა და პალესტინის ოფიციალურ პირებს არაერთხელ შეხვდა.

ვაშინგტონში გამართულ შეხვედრაზე ჯონ კერიმ ხაზი გაუსვა რთული ალტერნატივების განხორციელების მნიშვნელობას, რაც მხარეებს საღი კომპრომისის მისაღებად მოუწევთ.

ჯონ კერი: „ჩემი აზრით ელჩი ინდიკი რეალისტურად აფასებს სიტუაციას. მას ესმის, რომ ისრაელსა და პალესტინას შორის მშვიდობის დამყარება ადვილი ამოცანა არ არის და ეს არც ერთ დღეში მოხდება. თუმცა მას ისიც ესმის, რომ დღეს ამის რეალური შანსი და წინ მიმავალი ბილიკი გვაქვს და ამ გზას დაუყოვნებლივ უნდა გავყვეთ.“

ვაშინგტონში გამართული შეხვედრისას, მხარეები შეთანხმდნენ რომ სტატუსის განმსაზღვრელი შეთანხმების მისაღწევად მოლაპარაკებებს 9 თვის განმავლობაში წარმართავენ. მოლაპარაკებებში მონაწილეობის გადაწყვეტილებას ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი ჯენიფერ პსაკი ადასტურებს.

პსაკი: „ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ამ დროში კონკრეტულ შეთანხმებას მივაღწიოთ. თუმცა პროგრესის შემთხვევაშიც კი, ჩვენ არ გავჩერდებით. ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ შეთანხმება მუშაობის გაგრძელების პირობაა.“

ამერიკელი ოფიციალური პირების ინფორმაციით, სიტუაცია რეგიონში კიდევ უფრო გართულდება თუ ყველაზე მწვავე საკითხები-ისეთები როგორიც არის იერუსალიმის სტატუსი და დამოუკიდებელი პალესტინური სახელმწიფოს საზღვრები-არ გაირკვევა.
XS
SM
MD
LG