ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მომავალი ექიმების ინიციატივა


სამკურნალო პრაქტიკა უსახლკაროთა დახმარების გზით

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:00:00 0:00
ბმული
კვირაში ერთხელ, ჰოლივუდის დასახლებაში ქუჩებში გამოსული სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები ღარიბი და მიუსაფარი მოსახლეობის გამოკითხვით იწყებენ. იდეა ლოს ანჯელესში მდებარე კალიფორნიის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე გაჩნდა. სტუდენტები ყოველ საღამოს ქალაქის სხვადასხვა უბნებს სტუმრობენ და პაციენტებს პირდაპირ ქუჩებში მკურნალობენ. მათ წამლები, სუფთა წინდები, საკითხავი სათვალეები და კიდევ უამრავი რამ მიაქვთ იმ ადამიანებისთვის, ვისაც დახმარება ყველაზე მეტად სჭირდება.

სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტების ინიციატივა სხვებმაც აიტაცეს. ერთ ნაწილს უსახლკაროებისთვის ვიტამინებით მდიდარი საჭმელი გამოაქვს. სოციალური სამსახურების და იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები იმ უსახლკაროთა შველას ცდილობენ, ვინც არც კი იცის, თუ სახელმწიფო დახმარების რომელი პროგრამა მუშაობს მათთვის.

მომავალი ექიმები კვალიფიციური და გამოცდილი მედიკოსის, უოლტერ კოპენრატის ზედამხედველობის ქვეშ მუშაობენ. მან საკუთარი მობილური საავადმყოფო ჯერ კიდევ 12 წლის წინ დააარსა, როცა თავად იყო სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტი. უოლტერს სჯერა, რომ მათი მომსახურება ამ კატეგორიის ავადმყოფებისთვის კრიტიკული მნიშვნელობისაა.


პატარა ინფექციის მოვლა ფეხზე ხომ უბრალო ჰიგიენით და წინდის გამოცვლითაც შეიძლება. მაგრამ როცა ელემენტარულად დაბანის საშუალება არ გაქვს, აღარაა ლაპარაკი ახალ წინდაზე, მცირე ინფექციაც კი სიცოცხლისთვის საშიშ დაავადებად შეიძლება გადაიქცეს“ - აღნიშნავს ექიმი კოპენრატი.

ჩარლზ ბრაუნრიჯი მისი პაციენტია და მობილურ კლინიკაში ყოველ კვირა დადის.


„აქაური ატმოსფეროც მომწონს, საჭმელი, კარგი მომსახურება. გვასწავლიან კიდეც, როგორ უნდა მოვიქცეთ. ახალგაზრდებთან ყოფნა მიყვარს. კარგი, ძალიან კარგი სიტუაციაა“ - ამბობს ჩარლზი.

სტეფანი ბასერა სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტია და მას ეხმარება. ეს ადამიანების ის კატეგორიაა, რომელთაც, ჩვენ რომ არ ვიყოთ, სხვა დამხმარე არავინ ჰყავს, ამბობს ის.


ჩვენ გვიყურებენ, როგორც ერთადერთ საშველს და სამედიცინო მომსახურების ერთადერთ წყაროს. აქ კონსულტაციებსაც ვუწევთ, წამლებსაც უფასოდ ვურიგებთ. იცით რამდენს აქვს ჰიპერტენზია ან დიაბეტი, რასაც სისტემატური ყურადღება და მოვლა სჭირდება? მათ ხომ არანაირი სხვა საშუალება არ აქვთ ექიმის ნახვის, ან წამლის შეძენის, არსად სხვაგან, ჩვენს გარდა“ - ყვება სტეფანი.

მისი თანაკურსელი, კევინ ნორისი თვლის, რომ მობილური საავადმყოფო მარტო პაციენტებს კი არა, თავად სტუდენტებსაც დიდ სამსახურს უწევს. ოღონდ როცა ამას ვამბობ, სასწავლო, სამკურნალო პრაქტიკის გავლას არ ვგულისხმობ, ამბობს კევინი.

ჩვენ მათ ისე ვეპყრობით, როგორც ჩვეულებრივ, ღირსეულ ადამიანებს, რომლებიც პატივისცემას იმსახურებენ. ხშირად მათ ზემოდან უყურებენ ან საერთოდ იგნორირებას უკეთებენ“ - და კევინს ეს ყოვლად დაუშვებლად მიაჩნია.

კიდევ კარგი, რომ ჩვენ ამის საშუალება გვეძლევა და კვირაში ერთხელ მაინც ვახერხებთ ამ ადამიანებს ის მოვლა და ყურადღება ვაგრძნობინოთ, რასაც ისინი იმსახურებენ, დასძენს ის ბოლოს.
XS
SM
MD
LG