ამერიკული ავტორბოლის Indy Car-ში მონაწილე ავტომობილები საათში 320 კილომეტრზე მეტ სისწრაფეს ავითარებენ. მოსწავლეებმა ახლოდან ნახეს ეს მანქანები ბალტიმორში დიდი პრიზის რბოლის წინ.
მერე მათ სარბოლ ბილიკთან ახლოს გაშლილ კარვებთან გადაინაცვლეს, რათა გაეგოთ, თუ როგორ ეჭიდება საბურავი გზის ზედაპირს. მოსწავლეებმა სენსორი გამოიყენეს, რათა შეედარებინათ ხახუნის ხარისხი გლუვ და უხეშ ზედაპირებს შორის.
ათი წლის ჯანეიჯინ დოუთრი ფიქრობს, რომ საბურავების შესახებ საინტერესო ინფორმაცია მიიღო, განსაკუთრებით იმიტომ, რომ ის ინჟინრობას აპირებს.
„სარბოლი ავტომობილის საბურავის ზედაპირი უფრო გლუვია, რათა ადვილად იმოძრაოს ქუჩებში, ჩვეულებრივ საბურავს კი ჩაღრმავებები აქვს და როგორც ვფიქრობ, მისი გამოყენება ყველგან შეიძლება.“
ბუნებისმეტყველების საგნების მასწავლებელი ქეთრინ სპივი ამბობს, რომ ასეთი გაკვეთილები ნათლად უჩვენებს მოსწავლეებს თუ როგორ პრაქტიკულ გამოყენებას პოულობს მათ მიერ სკოლაში ნასწავლი საგნები.
„მოსწავლეებს საშუალება მივეცი პრაქტიკულად შეხებოდნენ ბუნებისმეტყველებასთან დაკავშირებულ ისეთ აღჭურვილობას, რომლის საკლასო ოთახში ქონის საშუალებაც არ გვაქვს. მათ შეძლეს ენახათ ის, რაზეც კლასში ვსაუბრობდით, უსაფრთხოებაზე , ხახუნის ძალაზე და მოძრაობაზე.“
სარბოლი მანქანებიდან ამ ბავშვებს ბევრი რამის სწავლა შეუძლიათ მეცნიერებასა და საინჟინრო საქმეზე, ამბობს ავტომრბოლელი ედ კარპენტერი.
„ყველაფერი, რასაც სარბოლი მანქანების გარშემო ვაკეთებთ, საინჟინრო საქმეზე დაფუძნებული სპორტია, იქნება ეს ავარიის შემთხვევაში უსაფრთხოების ტექნოლოგია თუ ტექნოლოგია, რომელიც სარბოლ ბილიკზე სწრაფი მოძრაობის საშუალებას გვაძლევს. ამ ყველაფრის გული მათემატიკა და მეცნიერებაა.“
ავტორბოლის ორგანიზაცია „IndyCar“ სპონსორობას უწევს პროექტ „Lead the Way” - გამოიჩინე ინიციატივა-ს პროგრამას „Future of Fast” - სისწრაფის მომავალი. ჯგუფი ამერიკის სკოლებს სასწავლო კურსებს აწვდის მეცნიერებაში, ტექნოლოგიაში, საინჟინრო საქმეში და მათემატიკაში. ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელი ვინს ბერტრამი ამბობს, რომ ასეთი დემონსტრაციების მიზანია ახალი იდეების ბავშვებამდე მიტანა.
„ერთი რამაა, როცა სიამოვნებას იღებ სისწრაფისგან და რბოლის გამოცდილებიდან, მაგრამ როცა ტექნიკურ საკითხებში იწყებ გარკვევას და გებულობ, როგორაა ავტომობილები გათვლილი და აწყობილი, ეს უკვე სხვაგვარად ამაღელვებელია და ჩვენი მოსწავლეების დაინტერესებას იწვევს.“
ბავშვებმა ასევე უნდა შეისწავლონ სარბოლი ბილიკის უსაფრთხოების ბარიერები. ისინი თვითონ აკეთებენ ბარიერების მოდელებს ქაღალდით, პლასტიკებით, სასმელის საწრუპით და წებოთი. ხელსაწყოს დახმარებით იზომება ძალა, რომლითაც პატარა მანქანა ბარიერს ეჯახება.
შეინ გორმანი შედეგს განმარტავს
„თუ მას უფრო სქელს გააკეთებ და არა თხელს, ბევრად უკეთესი ბარიერი გამოგივა.“
ბრენან რადკი გაოცდა, როცა გაიგო, რომ ნამდვილი უსაფრთხოების კედელი ბეტონისგან არ იყო დამზადებული.
„ვფიქრობ, ის უბრალო ბეტონის კედელი რომ ყოფილიყო, მანქანა მთლიანად დაიმსხვრეოდა. იმის გამო, რომ ის პლასტიკით და ფოლადითაა დამზადებული არ მგონია მანქანა იმდენად დაზიანდეს.“
პროგრამა „The Future of Fast” - სისწრაფის მომავალი გასულ წელს, რამდენიმე ქალაქში გამართული ღონისძიებით დაიწყო. არის იმედი, რომ მეტი ბავშვი დაინტერესდება მეცნიერებით და საინჟინრო საქმით და “IndyCar”-იც იმედოვნებს მიიზიდოს ახალგაზრდა თაყვანისმცემლები თავის ავტორბოლებზე.