ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკა-აზერბაიჯანის მეგობრობა


ეს არის ამერიკის ხმის სარდეაქციო წერილი, რომელიც აშშ-ის ოფიციალურ პოზიციას ასახავს

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ჰილარი კლინტონმა აზერბაიჯანში ვიზიტის დროს აღნიშნა, რომ იმ 20 წლის მანძილზე, რაც ამერიკამ აზერბაიჯანის დამოუკიდებლობა სცნო და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა დამყარდა, „მთავრობებმა ერებს შორის ბიზნესკავშირების და ხალხთა შორის ურთიერთობების განმტკიცება თანმიმდევრულად შესძლეს“.

სახელმწიფო მდივნის თქმით, მისი შეხვედრები პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან და საგარეო საქმეთა მინისტრ ელმარ მამადიაროვთან ძირითადად სამ მნიშვნელოვან საკითხს ეთმობოდა: უსაფრთხოებას, ენერგიას და დემოკრატიულ რეფორმებს.

ქალბატონმა კლინტონმა დიდი პატივისცემით მოიხსენია აზერბაიჯანის წარსული წვლილი ერაყში და კოსოვოში. ამასთან ავღანეთში დღეს მიმდინარე სამუშაოებში აზერბაიჯანის მიერ გაწეულ სამსახურს უმნიშვნელოვანესი უწოდა „საჯარისო ქვედანაყოფების ტრანსპორტირების, მომარაგების და საერთაშორისო მისიის ხელშეწყობის საქმეში“.

სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები და აზერბაიჯანი მჭიდროდ თანამშრომლობენ ენერგო-უსაფრთხოების საკითხზე, რაც “დღესდღეობით ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევაა.” მან დადებითად შეაფასა “აზერბაიჯანის როლი ნავთობისა და გაზის დივერსიფიცირებული მიწოდების საქმეში” და ქვეყნის მხარდაჭერა გამოხატა შეიქმნას სამხრეთ დერეფანი, რომლითაც ბუნებრივი აირი ევროპას მიეწოდება.

ჰილარი კლინტონმა ისაუბრა “აქტიური სამოქალაქო საზოგადოების წახალისების მნიშვნელობაზე და დემოკრატიული რეფორმების გატარების და გაღრმავების აუცილებლობაზეც.” მან დადებითად შეაფასა პრეზიდენტ ალიევის გადაწყვეტილება ბახტარ ჰაჯიევის პირობით გათავისუფლებასთან დაკავშირებით. ჰაჯიევს სახელმწიფო მდივანი უკანასკნელი ვიზიტის დროს შეხვდა. “ვიმედოვნებ, რომ იგი და ყველა ის ადამიანი, რომელიც აზერბაიჯანში სამოქალაქო საზოგადოებას წარმოადგენს, გააგრძელებს თავის საქმიანობას,” განაცხადა მან. “გვწამს, რომ ქვეყნები, რომლებიც 21-ე საუკუნეში წარმატებით განვითარდებიან, პატივს სცემენ კანონის უზენაესობას, პრესის თავისუფლებას, აზრის გამოხატვის თავისუფლებას და სხვა უნივერსალურ უფლებებს.”

“ღრმად ვარ დარწმუნებული,” აღნიშნა სახელმწიფო მდივანმა, “რომ აზერბაიჯანს ძალუძს, განაგრძოს როგორც ეკონომიკური აღმავლობის, ასევე პოლიტიკური რეფორმების გზა.”
XS
SM
MD
LG