ხუთშაბათს, ბაიდენის ადმინისტრაციამ ჯასტინ ტრუდოს მთავრობას დაჟინებით მოუწოდა გამოიყენოს თავისი ფედერალური უფლებამოსილებები და დაასრულოს სატვირთო მანქანების ბლოკადა. კანადელები ქვეყნის დიდ ქალაქებში და ასევე ამერიკის საზღვართან, კოვიდ-19-ის შეზღუდვებს აპროტესტებენ. დემონსტრაციამ საზღვრის ორივე მხარეს ავტოქარხნების გაჩერება, ან წარმოების შეკვეცა გამოიწვია.
მეოთხე დღეა, აქციაში სატვირთო მანქანის ბევრი მძღოლი მონაწილეობს. ისინი თავს „თავისუფლების კოლონას" უწოდებენ. კოლონამ ონტარიოს პროვინცია უინძორისა და დეტროიტის დამაკავშირებელი ხიდი დაბლოკა და ორ ქვეყანას შორის ავტო-ნაწილების და სხვა პროდუქციის გადატანა შეაფერხა.
თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ შიდა უსაფრთხოების მდივანი ალეჰანდრო მეიორკასი და ტრანსპორტის მდივანი პიტ ბუტეჯეჯი თავის კანადელ კოლეგებს ესაუბრნენ და მათ ჩიხიდან გამოსვლაში დახმარება დაჟინებით სთხოვეს.
კანადის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრმა მარკო მენდისინომ თქვა, რომ სამეფო ცხენოსანი პოლიციის დამატებითი ძალები იგზავნება უინძორში, ოტავაში და ალბერტას პროვინციის დასახლება კოუტში, სადაც ასევე საზღვრის ბლოკირება ხდება.
პარასკევს, ონტარიოს პროვინციამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ონტარიოს პრემიერმა დაგ ფორდმა ჟურნალისტებს უთხრა: „მოვიწვევ კაბინეტის სხდომას რათა გამოვიყენო იურიდიული უფლებამოსილება ბრძანებების სასწრაფოდ გამოსაცემად, რომელიც სრულიად ნათელს გახდის, რომ დაბლოკვა და საქონლის, ადამიანების და მომსახურების კრიტიკულ ინფრასტრუქტურებში გადაადგილების შეზღუდვა უკანონო და დასჯადია.“
ფორდმა ასევე პირობა დადო, რომ დემონსტრანტების წინააღმდეგ ახალ სამართლებრივ დევნას მიმართავს, მათ შორის, მთავრობის ბრძანებების დაუმორჩილებლობის გამო ჯარიმებს და პოტენციურად, ციხეში პატიმრობას.