როგორც ცნობილია, 2010 წელი შეერთებულ შტატებში კონგრესის არჩევნების წელია და პოლიტიკური ექსპერტები დიდი ყურადღებით ადევნებენ თვალ-ყურს კონსერვატიულად განწყობილ ამერიკელთა მოძრაობას, რომელიც „ჩაის სმის“ მოძრაობის სახელწოდებით არის ცნობილი. ამ მოძრაობის სახელწოდება ამერიკელი პატრიოტების მიერ ბრიტანეთის იმპერიული მთავრობის მიერ დაწესებული გადასახადების წინააღმდეგ მიმართულ საპროტესტო აქციას უკავშირდება, რომელიც 1773 წელს ბოსტონის პორტში გაიმართა. მოძრაობის აქტივისტებს მიაჩნიათ, რომ ფედერალური მთავრობის როლი შეზღუდული უნდა იყოს. ისინი აგრეთვე მძაფრად აკრიტიკებენ პრეზიდენტ ბარაკ ობამასა და კონგრესის წევრებს დემოკრატიული პარტიიდან.
„ჩაის სმის“ მოძრაობა უფრო პოლიტიკურ მოძრაობას წააგავს ვიდრე პოლიტიკურ გაერთიანებას. ამ მოძრაობის წევრებს გადასახადებისა და მთავრობის ხარჯების შემცირება სურთ. ზოგადად ისინი ფედერალური ხელისუფლების როლის შემცირებას ემხრობიან.
ამ მოძრაობამ პოლიტიკური გავლენა მოიპოვა გასულ წელს პრეზიდენტ ობამას საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემის რეფორმის ინიციატივით გამოწვეული მწვავე დებატების დროს. როგორც ცნობილია, სახალხო დებატები მალე მრავალრიცხოვან საპროტესტო აქციებში გადაიზარდა, რომელიც მთელს ქვეყანას მოედო.
ამჟამად ოპოზიციაში მყოფ რესპუბლიკელებს სჯერათ, რომ „ჩაის სმის“ მოძრაობის ენერგია და პოპულისტური მიმზიდველობა ნოემბერში დაგეგმილ კონგრესის არჩევნებში მათ გამარჯვებას მოუტანს.
სწორედ ამ მიზნით ცოტა ხნის წინ წარმომადგენელთა პალატის 30 რესპუბლიკელმა კონგრესმენმა დაარსა წარმომადგენელთა პალატის „ჩაის სმის“ მოძრაობის ჯგუფი. ამ ჯგუფის მიზანი იქნება „ჩაის სმის“ მოძრაობის პოლიტიკური განრიგის ლობირება.
„ჩაის სმის“ მოძრაობის ჯგუფს კონგრესმენი მიშელ ბაკმანი გაუძღვება.
„ისინი ამერიკელი ხალხის უმრავლესობას წარმოადგენენ. მათ უბრალოდ მობეზრდათ პასიურობა. მათ სჯერათ, რომ უკვე საკმარის გადასახადებს იხდიან, რომ ფედერალურმა მთავრობამ არ უნდა დახარჯოს იმაზე მეტი, რისი გადახდაც შეუძლია, და რომ კონგრესი უნდა მოქმედებდეს კონსტიტუციით დაშვებული შეზღუდვების ფარგლებში,“ აღნიშნა ქალბატონმა ბაკმანმა.
დემოკრატიული პარტიის პოლიტიკური სტრატეგიის ექსპერტების სტენ გრინბერგისა და ჯეიმს კარვილის დაკვეთით ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებმა ცხადყო, რომ „ჩაის სმის“ მოძრაობის აქტივისტებს შორის შეინიშნება დიდი ენთუზიაზმი მოახლოვებულ კონგრესის არჩევნებთან დაკავშირებით. ამას გარდა, გამოკვლევამ გამოაშკარავა, რომ „ჩაის სმის“ მოძრაობის წევრები რესპუბლიკურ პარტიას უჭერენ მხარს, რის შედეგადაც არ არის გამორიცხული, რომ კონგრესის ორივე პალატა მათ კონტროლის ქვეშ აღმოჩნდეს.
გამოკითხვამ დაადგინა, რომ „ჩაის სმის“ მოძრაობის წევრების უმეტესობა მოახლოვებულ არჩევნებში ხმის მიცემას აპირებს.
„ისინი ამ არჩევნებზე გავლენას უსათუოდ მოახდენენ. ამომრჩეველთა კონტინგენტის დაახლოებით 25 პროცენტი საკუთარ თავს ‘ჩაის სმის’ მოძრაობის მომხრეებად წარადგენს. ეს კი საკმაოდ მნიშველოვან მაჩვენებელს წარმოადგენს. მათ შორის 92 პროცენტი უარყოფითად აფასებს პრეზიდენტ ობამას საქმიანობას,“ აღნიშნა გრინბერგმა.
რესპუბლიკელებისთვის „ჩაის სმის“ მოძრაობის ენერგია მიმდინარე წლის კონგრესის არჩევნებში გამარჯვების მოსასწავებელია. მაგრამ გრინბერგი აღნიშნავს, რომ ამ მოძრაობას ბევრი კრიტიკოსი გაუჩნდა, რამდენიმე ზომიერი რესპუბლიკელის ჩათვლით. მათთვის ის რადიკალურ მოსაზრებებს შეიცავს და უმცირესობებსისა და იმიგრანტების მიმართ მტრულად არის განწყობილი. ამასთან დაკავშირებით გრინბერგმა აღნიშნა:
„არსებობს უმრავლესობა, რომლისთვისაც ამ მოძრაობის მოსაზრებები ექსტრემალურია. რაც შეეხება იმას თუ რამდენად მოტივირებულია ეს მოძრაობა პრეზიდენტ ობამას მიმართ რასობრივი ნიშნით, საზოგადოებაში გავრცელებული მოსაზრებები თანაბრად არის გაყოფილი.“
კონგრესის წევრი მიშელ ბაკმანი „ჩაის სმის“ მოძრაობის მომხრეთა შორის დიდი პოპულარობით სარგებლობს. მას ალასკას შტატის ყოფილი გუბერნატორი სარა პალინი უსწრებს, რომელიც 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკური პარტიის ვიცე პრეზიდენტობის კანდიდატი იყო.
სარა პალინი მიმდინარე წლის დასაწყისში გამართულ „ჩაის სმის“ მოძრაობის ყრილობაზე სიტყვით გამოვიდა. ზოგიერთ პოლიტიკურ მიმომხილველს მიაჩნია, რომ პალინმა „ჩაის სმის“ მოძრაობის მომხრეები შეიძლება გამოიყენოს 2012 წელს საპრეზიდენტო კამპანიის წამოწყების მიზნით.