ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკის „ჩაის სმის“ მოძრაობა


ათასობით კონსერვატიულად განწყობილმა ამერიკელმა აქტივისტმა, რომლებიც ეგრედწოდებულ „ჩაის სმის" მოძრაობაში არიან გაერთიანებული, ავტობუსებით გასულ შაბათ-კვირას ნევადას შტატის პატარა ქალაქ სერჩლაითიდან დაიწყო გადაადგილება. „ჩაის სმის" მოძრაობამ ქალაქი სერჩლაითი იმის გამო ამოარჩია, რომ დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურა, შეერთებული შტატების სენატის უმრავლესობის დემოკრატი ლიდერი ჰერი რიდი ამ ქალაქიდან არის წარმოშობით. „ჩაის სმის" მოძრაობა მთავრობისგან გადასახადებისა და ფედერალური მთავრობის ჩარევის შემცირებას მოითხოვს. ამ მოძრაობის სახელწოდება ამერიკელი პატრიოტების მიერ ბრიტანეთის იმპერიული მთავრობის მიერ დაწესებული გადასახადების წინააღმდეგ მიმართულ საპროტესტო აქციას უკავშირდება, რომელიც 1773 წელს ბოსტონის პორტში გაიმართა. „ჩაის სმის" მოძრაობა დღევანდელი ფორმით 2009 წელს ჩამოყალიბდა.

სერჩლაითი წყნარი და მიყრუებული ქალაქია, სადაც, როგორც წესი, არავინ არ ჩერდება. მაგრამ მდგომარეობა მკვეთრად შეიცვალა, როცა აქ „ჩაის სმის" მოძრაობა მოვიდა. ისინი იქ ხელნაკეთი ტრანსპარანტებითა და დროშებით მივიდნენ. „ჩაის სმის" მოძრაობის მიმდევრებს არ მოსწონთ გადასახადები, ფედერალური მთავრობის მზარდი გავლენა და პრეზიდენტი ბარაკ ობამა.

სერჩლაითში გამართული ხალხმრავალი დემონსტრაციის მთავარი მომენტი იყო ალასკის შტატის ყოფილი გუბერნატორისა და ვიცე პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატის სარა პალინის გამოსვლა. თავის გამოსვლაში მან პრეზიდენტ ბარაკ ობამას პოლიტიკური კამპანიის „იმედისა" და „ცვლილების" თემებს დასცინა. პალინმა დემონსტრანტებს მოუწოდა ნოემბერში დაგეგმილ კონგრესის არჩევნებში ჰერი რიდსა და სხვა დემოკრატებს ხმა არ მისცენ. ამასთან დაკავშირებით მან განაცხადა:

„მოახლოვებულ არჩევნებში ჩვენ უნდა განვაცხადოთ, რომ მთავრობის უსაზღვრო როლს, დიდ ეროვნულ დავალიანებასა, და ობამას, რიდისა და პელოსის ფინანსურ პოლიტიკას ბოლო მოეღო. თქვენ თანამდებობიდან გათავისუფლებულები ბრძანდებით!"

სერჩლაითში გამართულ საპროტესტო დემონსტრაციაში მონაწილეობის მისაღებად აქტივისტები სხვადასხვა შტატებიდან ჩავიდნენ. დემონსტრაციის შემდეგ დემოკრატებმა, ყოფილი ვიცე პრეზიდენტის ალ გორის ჩათვლით, ლას ვეგასში ჰერი რიდს პატივი მიაგეს. მას სერჩლაითში გამართული დემონსტრაცია არც უხსენებია. თავის გამოსვლაში ჰერი რიდმა აღნიშნა:

„თქვენი მხარდაჭერის გარეშე მე ამ თანამდებობაზე არ ვიქნებოდი. ყოველდღე, მე მადლობას გამოვხატავ იმასთან დაკავშირებით, რომ იღბალმა გამიღიმა, რომ სენატში ასეთ საპატიო პოსტს ვიკავებ."

ყოფილი ვიცე პრეზიდენტი ალ გორი „ჩაის სმის" მოძრაობას გამოეხმაურა, როცა მან განაცხადა:

„რისხვა პოლიტიკური პლატფორმა როდია. ხოლო უთანხმოება სტრატეგიას არ წარმოადგენს."

რიდს სერჩლაითში მომხრეებიც ჰყავს. ვერლი დოინგი სერჩლაითში სამორინეს მფლობელია და ჰერი რიდს ათწლეულების მანძილზე იცნობს. მისი თქმით:

„ჩემთვის ყოვლად მიუღებელია ის, რომ ისინი აქ, სენატორ რიდის მშობლიურ ქალაქში ჩამოდიან. მე არა მგონია, რომ ამგვარი ქცევა ამერიკელებისთვის დამახასიათებელია. ისინი აქ უცნობები არიან. ისინი მას საერთოდ არც იცნობენ."


XS
SM
MD
LG