ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკანდახევა ბაიდენის უჩვეულოდ მკვეთრი განცხადებიდან ტაივანზე


აშშ-ის პრეზიდენტი ტოკიოში, იაპონია. 24 მაისი, 2022 წ.
აშშ-ის პრეზიდენტი ტოკიოში, იაპონია. 24 მაისი, 2022 წ.

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადეს, რომ ტაივანთან მიმართებაში ამერიკის პოლიტიკაში არაფერი შეცვლილა. განმარტებას წინ უძღოდა იაპონიაში ვიზიტის დროს გაკეთებული ბაიდენის უჩვეულოდ მკვეთრი განცხადება.

ამერიკის პრეზიდენტმა ორშაბათს თქვა, რომ სამხედრო დახმარებას აღმოუჩენს თვითმმართველობის მქონე კუნძულს. ამ ფაქტმა ჩინეთი ძლიერ გაანაწყენა, ტაივანში კი აღფრთოვანება გამოიწვია მათ შორის, ვინც შიშობს, რომ პეკინი კუნძულს თავს დაესხმება.

"ერთიანი ჩინეთის მიმართ ჩვენი პოლიტიკა და ტაივანის სრუტეში მშვიდობის და სტაბილურობის მიმართ ერთგულება, რა თქმა უნდა, ძალაში რჩება" - განაცხადა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა. რაც შეეხება განაცხადს ტაივანის "თავდაცვისთვის სამხედრო დახმარების" აღმოჩენის თაობაზე, პრაისმა თქვა, რომ ეს ადრე იყო ნათქვამი, "დღეს კი აქ ვდგავართ".

ბაიდენის განცხადების კონტექსტი

სახელმწიფო დეპარტამენტის განმარტებამდე, იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში მყოფმა ამერიკის პრეზიდენტმა ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას უპასუხა: "დიახ". შეკითხვა კი მდგომარეობდა შემდეგში: ჰქონდა, თუ არა ბაიდენს სურვილი, რომ საჭიროების შემთხვევაში, სამხედრო დახმარებით ჩართულიყო ტაივანის თავდაცვაში.

მსგავს კითხვებს თეთრი სახლის ბინადრები, როგორც წესი თავს არიდებენ და პირდაპირ არ პასუხობენ. ასე მოხდა გასულ წელსაც, პრეზიდენტ ბაიდენის მმართველობის დროს.

თუმცა, მსგავსი განცხადება დაახლოებით 20 წლის წინ, უმცროსმა ჯორჯ ბუშმაც გააკეთა. 2001 წელს, ტელეკომპანია "ეი-ბი-სისთან" ინტერვიუში პრეზიდენტმა ბუშმა თქვა, რომ ვაშინგტონს აქვს ტაივანის დაცვის ვალდებულება, თუკი მას ჩინეთი დაესხა თავს. "დიახ, ეს ასეა... და ჩინეთმა ეს უნდა გაიგოს" - თქვა მან მსგავს კითხვაზე პასუხად.

ჩინეთი და ტაივანი

ტაივანი ჩინეთისგან სუვერენიტეტით სარგებლობს. ის ათწლეულებია დამოუკიდებლად იმართება, თუმცა ჩინეთის გვერდით მყოფ და წარსულში საუკუნეების მანძილზე მის იმპერიაში შემავალ კუნძულზე, მუდმივად არსებობს პეკინიდან მომავალი სამხედრო აგრესიის შიში.

პეკინისთვის ტაივანი, რომელსაც ჩინეთის კომუნისტური პარტია სეპარატისტულ პროვინციად მოიაზრებს, ამერიკასთან ურთიერთობაში ერთ-ერთი ყველაზე მგრძნობიარე და მნიშვნელოვანი საკითხია. ჩინეთი ღიად ამბობს, რომ საჭიროების შემთხვევაში, მზად არის ტაივანი საკუთარ იურისდიქციაში ძალის გამოყენებით დაიბრუნოს.

შეერთებულ შტატებს ტაიპეისთან ოფიციალური დიპლომატიური კავშირები არ აქვს. თუმცა, ამერიკა ტაივანის ყველაზე მნიშვნელოვანი საერთაშორისო მხარდამჭერი და იარაღის მიმწოდებელია.

ტაივანის პასუხი

ბაიდენის პასუხს ტაივანი მიესალმა. საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამ განცხადებისთვის "გულწრფელი მადლობა" გადაუხადა პრეზიდენტ ჯო ბაიდენს და ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ტაივანის მთავრობა "ერთგული რჩება თავისუფლების, დემოკრატიის და უსაფრთხოების დაცვის, და გააგრძელებს თავდაცვის გაძლიერებას".

ამას გარდა, სამინისტრო აცხადებს, რომ გააგრძელებს "თანამშრომლობას შეერთებულ შტატებთან, იაპონიასთან და მსგავსი ტიპის ქვეყნებთან, რათა მოხდეს უსაფრთხოების უზრუნველყოფა" ტაივანში და ტაივანის სრუტეში.

"ეს ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილია, რაც ნიშნავს, რომ შეერთებული შტატები გადადგამს კონკრეტულ ნაბიჯებს, რათა პასუხი გაეცეს რეგიონში ნებისმიერ სამხედრო ესკალაციას" - განაცხადა ენდიუ იანგმა, ტაივანის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი წამყვანი კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელმა.

ჩინეთის რეაქცია

პეკინის საპასუხო რეაქციამ არ დააყოვნა. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ვანგ ვებინმა თქვა, რომ მისი მთავრობა "მტკიცედ ეწინააღმდეგება" ბაიდენის კომენტარებს ტაივანთან მიმართებაში და რომ მიიღებს თავდაცვისთვის აუცილებელ ზომებს. მან ასევე აღნიშნა, რომ ტაივანი შიდა პოლიტიკური საკითხია და "უცხოეთიდან ჩარევას" ადგილი არ უნდა ჰქონდეს.

"მოვუწოდებთ ამერიკულ მხარეს, თავი აარიდოს მწვავე ზარალს, რომელიც მიადგება მშვიდობას ტაივანის სრუტეში" და ასევე ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას - განაცხადა ვანგმა პეკინში გამართულ პრესკონფერენციაზე. "ჩინეთის მხარე გადამწყვეტ ნაბიჯებს გადადგამს საკუთრი სუვერენიტეტის და უსაფრთხოების უფლებების დასაცავად და ჩვენ ამას ახლაც ვაკეთებთ".

XS
SM
MD
LG