ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩინეთთან დაძაბულობის ფონზე ტაივანს ამერიკელი კონგრესმენები სტუმრობენ


ტაივანსა და ჩინეთს შორის დაძაბულობის ფფონზე, შეერთებული შტატები ტაივანს „ურყევ“ მხარდაჭერას უცხადებს. თვითმმართველ კუნძულს ხუთი ამერიკელი კანონმდებელი სტუმრობს. ამერიკული დელეგაცია, ერთდღიანი ვიზიტის ფარგლებში, უკვე შეხვდა პრეზიდენტ ცაი ინგ-ვენს.

შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის ორპარტიული ჯგუფი ტაივანში ხუთშაბათს ღამით ჩავიდა. დელეგაციის ოფიციალური ვიზიტის შესახებ, ტაივანში „ამერიკულმა ინსტიტუტმა“, დე ფაქტო საელჩომ ისაუბრა. ცნობილია, რომ დელეგაცია მაღალი დონის შეხვედრებს გეგმავს, თუმცა ვიზიტის შესახებ დამატებითი დეტალები უცნობია.

ჩინეთსა და ტაივანს შორის, ბოლო ათწლეულების განმავლობაში არსებული დაძაბულობა ახლა ყველაზე მაღალ დონეზეა. 1949 წელს, სამოქალაქო ომის შედეგად მხარეების გაყოფის შემდეგ, ტაივანი თვითმმართველია, ტუმცა ჩინეთი მას საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს.

„მას შემდეგ, რაც ჩვენი ოფიციალური ვიზიტის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა, ჩემმა ოფისმა ჩინეთის საელჩოსგან უხეში შეტყობინება მიიღო. შეტყობინება ამბობდა, რომ მე ვიზიტი უნდა შემეწყვიტა“ - წერს „ტვიტერზე“ დელეგაციის ერთ-ერთი წევრი, ელისა სლოტკინი.

ოფიციალურ დელეგაციაში ასევე არიან, დემოკრატი კონგრესმენები, მარკ ტაკანო, კოლინ ალრედი, სარა ჯეიკობსი და რესპუბლიკელი ნენსი მეისი.

„ჩვენ ვართ ტაივანში, რათა შევახსენოთ ჩვენს პარტნიორებსა და მოკავშირეებს, რომ ჩვენი ვალდებულება და ზიარი პასუხისმგებლობაა, თავისუფალი და უსაფრთხო ინდო-წყნარი ოკეანიის რეგიონისთვის უფრო ძლიერია, ვიდრე ოდესმე“ - აცხადებს ტაკანო.

კონგრესმენი აცხადებს, რომ შეერთებული შტატების ურთიერთობა ტაივანთან „მყარი და ურყევია, რადგან ჩვენს შორის კავშირები გაღრმავდა.“

„ტაივანი გააგრძელებს შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობის გაღრმავებას, რათა დავიცვათ თავისუფლების და დემოკრატიის ჩვენი საერთო ღირებულებები, და უზრუნველყოფილი იყოს მშვიდობა და სტაბილურობა რეგიონში“ - აცხადებს ტაივანის პრეზიდენტი.

მიმდინარე ვიზიტის ჩათვლით, ტაივანში წელს კონგრესმენთა დელეგაციის სამი ოფიციალური ვიზიტი გაიმართა.

გარდა ამისა, ბაიდენის ადმინისტრაციამ, ტაივანი მომავალ თვეში დაგეგმილ დემოკრატიის სამიტზე მიიწვია, რასაც ჩინეთის გაღიზიანება მოჰყვა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG