ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ გამაძლიერებელი აცრის შესახებ გადაწყვეტილებას ცოტა ხანში მიიღებს


ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტების დირექტორმა ფრენსის კოლინსმა ტელეარხ ”ფოქსს” უთხრა, შემდეგ ორიოდ კვირაში გაირკვევა, შეერთებული შტატები მოსახლეობისთვის გამაძლიერებელო აცრის შეთავაზებას თუ დაიწყებს.

“არსებობს შეშფოთება, რომ შესაძლოა ვაქცინამ ეფექტურობის კლება დაიწყოს”, თქვა კოლინსმა.

ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტების დირექტორის თანახმად, ჯანდაცვის მუშაკები, ხანდაზმულთა სახლებში მცხოვრებნი და სხვა ასაკოვანი ადამიანები გამაძლიერებელ აცრას პირველ რიგში მიიღებენ.

კორონავირუსის დელტა ვარიანტი, შეერთებულ შტატებში კოვიდ-19-ის შემთხვევებს დღეში დაახლოებით 129 ათასი ახალი ინფიცირებით ზრდის, რაც ივლისის დასაწყისიდან 700 პროცენტიანი ზრდაა. კოლინსმა თქვა, რომ შესაძლოა შემთხვევების რაოდენობა დღეში 200 ათასამდე ავიდეს, რაც პანდემიის აფეთქების ყველაზე უარესი პერიოდის მსგავსი იქნება, რომელიც იანვარში და თებერვალში იყო.

კოლინსმა ასევე თქვა, რომ აუცრელი ადამიანები “მზა სამიზნეები” არიან და მათ აცრისკენ დაჟინებით მოუწოდებს.

ენტონი ფაუჩიმ, ქვეყნის მთავარმა ეპიდემიოლოგმა, კვირას ტელეარხ “სი ბი ესს” უთხრა, რომ თუ მონაცემები გამაძლიერებელი აცრის საჭიროებაზე მიუთითებს, ქვეყანა “აბსოლუტურად მზად იქნება” აცრები “ძალიან სწრაფად” ჩაატაროს.

ჯონს-ჰოპკინსის კორონავირუსის რესურს ცენტრის თანახმად, შეერთებულ შტატებში, ყველა სხვა ადგილთან შედარებით, ვირუსის შემთხვევების ყველაზე დიდი რაოდენობა, 36.7 მილიონი აღირიცხა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG