ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სენატის იურიდიული კომიტეტი სპეციალური გამომძიებლის დამცავ აქტს ამტკიცებს


ამერიკის სენატის იურიდიულმა კომიტეტმა ხუთშაბათს მხარი დაუჭირა საკანონმდებლო წინადადებას, რომელიც გათავისუფლებისგან დაიცავს ამერიკის 2016 წლის არჩევნებში რუსეთის ჩარევის საქმის სპეციალურ გამომძიებელს.

რეგულაციის თანახმად, რომელსაც მხარს 10 დემოკრატი და 4 რესპუბლიკელი სენატორი უჭერს, სპეციალური გამომძიებელი შეიძლება გაათავისუფლოს მხოლოდ გენერალურმა პროკურორმა, ან მას შემდეგ, რაც მას ცნობენ დამნაშავედ „სამსახურებრივი მოვალეობის უგულებელყოფაში, შეუფერებელ მოქმედებაში, შრომისუუნარობაში, ინტერესთა კონფლიქტში ან სხვა მნიშვნელოვანი მიზეზით".

ამ საკანონმდებლო ინიციატივის თანახმად, სპეციალურ გამომძიებელს ათი დღე ექნება იმისთვის, რომ მისი გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივროს. თუკი სასამართლო დაადგენს, რომ ის არასაკმარისი და შეუფერებელი მიზეზით გათავისუფლდა, მაშინ ის სამსახურში უნდა აღადგინონ. იუსტიციის დეპარტამენტი კი ვალდებულია კონგრესს აცნობოს, როგორც გამომძიებლის დანიშვნის, ისე გამოძიების შედეგების შესახებ და მას სრული ანგარიში ჩააბაროს.

მიუხედავად იმისა, რომ ეს საკანონმდებლო ინიციატივა რობერტ მალერს, ამჟამინდელ სპეციალურ გამომძიებელს მტკიცე მხარდაჭერას უცხადებს, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ის კანონად იქცევა. მალერს პრეზიდენტი ხშირად ესხმის თავს და მის საქმიანობას დემოკრატების მიერ წამოწყებულ „კუდიანებზე ნადირობად“ აფასებს, არაერთხელ გავრცელდა ინფორმაცია, რომ პრეზიდენტს მისი თანამდებობიდან გადაყენება სურს. რესპუბლიკელთა უმეტესობა სავარაუდოდ ამ წინადადების დამტკიცებას მხარს არ დაუჭერს.

სენატის უმრავლესობის ლიდერმა მიჩ მაკკონელმა გასულ კვირას თქვა, რომ პრეზიდენტი ტრამპი არ აპირებს რობერტ მალერის გათავისუფლებას და შესაბამისად არ არის აუცილებლობა იმისა, რომ მსგავს ინიციატივას უყარონ კენჭი. ამ წინადადებას ეწინააღმდეგება წარმომადგენელთა პალატის სპიკერი პოლ რაიანიც.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG