ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"რუსეთის გამოძიებაზე" დებატები მწვავდება


უკანასკნელ კვირებში შეერთებულ შტატებში გამწვავდა დისკუსია საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევასთან დაკავშირებით. 2016 წლის არჩევნებში ჩარევაში ბრალდებულთა ნაწილმა ბრალეულობა აღიარა, თუმცა გამძიების შედეგები ჯერ-ჯერობით გაურკვეველია. „რუსეთის გამოძიება“, როგორც მას შეერთებულ შტატებში მოიხსენიებენ, შესაძლოა შემოდგომის შუალედური არჩევნების წინ, ერთ-ერთ ყველაზე მთავარ თემად იქცეს.

რუსეთის გამოძიებაზე მომუშავე კონგრესის კომიტეტის წინაშე ბოლოს პრეზიდენტის მრჩეველი ჰოუფ ჰიქსი წარსდგა. კონგრესმენების ზოგიერთ კითხვაზე პასუხის გაცემისგან მან თავი შეიკავა.

„ეს არ არის აღმასრულებელი პრივილეგია, ეს არის აღმასრულებელი მიჩქმალვა,“ ასე შეაფასა ჰიქსის ჩვენება დემოკრატმა კონგრესმენმა ადამ შიფმა.

რუსეთის ჩარევის გამოძიებას სპეციალური გამომძიებელი რობერტ მალერი მეთაურობს.

ტრამპის საპრეზიდენტო კამპანიის ყოფილმა მეთაურმა პოლ მანაფორტმა ფულის გათეთრებისთვის წაყენებული ბრალი აღიარა.გასულ კვირას მისმა ყოფილმა მოადგილემ რიკ გეითსმა აღიარა, რომ გამომძიებლებთან დაკითხვის დროს მოიტყუა. პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კი არჩევნებში რუსეთის ჩარევას სოციალურ მედიაში ისევ უარყოფს.

„ჩვენს მთავრობაზე ყალბი წარმოდგენები შექმნეს და ეს მთავრობას აზიანებს“ - განაცხადა მან.

ტრამპის შეფასებას არ იზიარებენ სენატის უშიშროების კომიტეტში. სენატორ მარკ უორნერის თქმით, ეს უმნიშნელოვანესი საკითხია და სიმართლის დასადგენად მზადაა „მთელი დარჩენილი კარიერის მანძილზე“ იმუშაოს.

ნორსისტერნ უნივერსიტეტის მკლვევარი კოსტას პანაგოპულოსი აცხადებს, რომ რუსეთის გამოძიება თეთრ სახლზე ბევრ ეჭვს აჩენს.

„ჩემი აზრით ეს სერიოზული საფრთხეა. ჩვენ არ ვიცით რა დასკვნას გამოიტანს გამოძიება. არ ვიცით რამდენად სერიოზული იქნება ბრალდებები პრეზიდენტის მიმართ“ - ამბობს ის.

ამ გამოძიებამ შესაძლოა ტრამპის ისედაც ისტორიულად დაბალ რეიტინგებზეც იმოქმედოს. „თუ რესპუბლიკელები 2018 წლის არჩევნებში კონგრესში და სენატში უმრავლესობას დაკარგავენ, ეს ტრამპის პრეზიდენტობისთვის კატასტროფა იქნება“, ამბობს ჯონ ჰუდაკი ბრუკინგსის ისნტიტუტიდან.

თუმცა ზოგიერთი ექსპერტის შეფასებით, ტრამპის მთავარ მხარდამჭერებზე გამოძიებას გავლენა არ ექნება.

„რუსეთის გამოძიებას ტრამპზე და მის ადმინისტრაციაზე ბევრად ნაკლები გავლენა ენქება, ვიდრე ამას მისი ოპონენტები ისურვებდნენ“, ამბობს მაიკლ ბარონი.

ამ ეტაპზე ყველა, პრეზიდენტის ჩათვლით, რუსეთის გამოძიების დასრულებას და მის მიგნებებს ელოდება.

Facebook Forum

ტვიტერი

XS
SM
MD
LG