ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თუ არსებობს ერთი სიტყვა, რომელიც ტრამპის პრეზიდენტობის პირველ წერს აღწერს - ეს რუსეთია.

“... მე რუსეთთან არაფერი მაკავშირებს. ეს ყველამ იცის. ეს დემოკრატების გამოგონილი ხრიკია. ისინი ამ მიზეზით ცდილობენ არჩევნებში დამარცხების გამართლებას“, ეს განცხადება ტრამპმა რამდენიმე კვირის წინ გააკეთა. ის უარყოფს ბრალდებას, რომ არჩევნებში კლინტონის დამარცხებაში დახმარების სანაცვლოდ ის კრემლთან ურთიერთობაში რბილია.

ამ წლის იანვარში, ტრამპის ინაუგურაციამდე ორი კვირით ადრე, ეროვნული დაზვერვის დირექტორმა, ჯეიმპს კლაპერმა დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს, ფედერალური გამოძიების ბიუროს და ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს ერთობლივი ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც ასკვნიდა, რომ პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ტრამპს გამარჯვებაში დაეხმარა.

„ჩვენ ვასკვნით, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა დაუკვეთა ამერიკის არჩევნებზე გავლენის მოხდენის კამპანია. პუტინი და რუსეთის მთავრობა ცდილობდა არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის საარჩევნო შანსების გაზრდას კლინტონის დისკრედიტაციის საშუალებით“, ნათქვამი იყო სადაზვერვო სამსახურების ანგარიშში.

ანგარიშის გამოქვეყნებას კონგრესის გამოძიების დაწყება მოჰყვა. მარტში, ფედერალური ბიუროს დირექტორმა, ჯეიმს კომიმ დაადასტურა, რომ ბიუროც იძიებდა ტრამპს და მოსკოვს შორის შესაძლო გარიგების საქმეს.

ცოტა ხნის შემდეგ, ტრამპმა კომი თანამდებობიდან გაანთავისუფლა. რასაც სპეციალური პროკურორის რობერ მალერის დანიშვნა მოჰყვა, რომელიც ტრამპის კრემლთან ურთიერთობის დამოუკიდებელ გამოძიებას აწარმოებს. მალერის გამოძიების ფარგლებში ტრამპის საარჩევნო კამპანიაში ჩართული რამდენიმე პირისთვის ბრალის წაყენება და მათ მიერ დანაშაულის აღიარება მოჰყვა. თუმცა, გამოძიების საბოლოო დასკვნა ჯერ არ გამოქვეყნებულა.

პრეზიდენტის ქმედებები და მისი სიტყვები ხშირად ერთმანეთთან შესაბამისობაში არ მოდის. ცოტა ხნის წინ, აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის მხარდაჭერილი სეპარატისტების წინაღმდეგ საბრძოლველად, მან უკრაინისთვის ლეტალური იარაღის მიყიდვის გადაწყვეტილება მიიღო. მანამდე კი ხელი მოაწერა კანონპროექტს, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებას ითვალისწინებს უკრაინაში მოსკოვის სამხედრო მოქმედებების გამო. მიუხედავად იმისა, რომ სანქციების კანონპროექტს ხელი მოაწერა, პრეზიდენტმა მას „სერიოზულად გაუმართავი“ უწოდა.

მაგრამ მის გამოსვლებში, ტრამპი ჯერ კიდევ საუბრობს კრემლთან ურთიერთობების გაუმჯობესებაზე.

“მე ვფიქრობ რუსეთთან მეგობრული ურთიერთობა, მათთან სულ დაპირისპირებისგან განსხვავებით, მსოფლიოსთვის და ჩვენი ქვეყნისთვის დადებითი რამ იქნება და არა დაბრკოლება“, თქვა ტრამპმა ნოემბერში.

ტრამპის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია, რუსეთს რევანშისტულ მეტოქედ აცხადებს, რომელიც ცდილობს ამერიკის გლობალურ გავლენას ძირი გამოუთხაროს და ამისთვის დივერსიულ ქმედებებს მიმართავს, რაც საბოლოოდ „დემოკრატიული ქვეყნების ლეგიტიმაციისთვის“ საფუძველის გამოცლას ისახავს მიზნად.

თუმცა, ტრამპმა სტრატეგიის წარმოდგენისას პუტინთან თანამშრომლობაზეც ისაუბრა. „გუშინ პრეზიდენტმა პუტინმა დამირეკა. მან მადლობა გადაუხადა ჩვენს დაზვერვის ცენტრალურ სააგენტოს მიწოდებული ინფორმაციისთვის, რომელმაც სანქტ-პეტერბურგში დაგეგმილ ტერორისტულ თავდასხმას ეხებოდა“, განაცხადა ტრამპმა.

ვაშინგტონში მიმომხილველები ამბობენ, რომ რუსეთი ის პრიზმაა, რომელშიც ტრამპის ყოველ ნაბიჯს დეტალურად განიხილავენ, რაც ტრამპს უბიძგებს კრემლის მიმართ უფრო მტკიცე იყოს ვიდრე მას ჩაფიქრებული ქონდა.

დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის მეორე წელი, სავარაუდოდ პირველი მსგავსად, რუსეთის გამოძიების ჩრდილქვეშ გაივლის. სპეციალური პროკურორის, რობერ მალერის გამოძიება დასკვნით ეტაპზე, სავარაუდოდ, 2018 წელს გადავა.

Facebook Forum

ტვიტერი

XS
SM
MD
LG