ამერიკელი კანონმდებლები აცხადებენ, რომ პრეზიდენტ ობამას ადმინისტრაცია შესაძლოა სათანადოდ არ იყოს მოწადინებული უკრაინის და საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის ქმედებებზე პასუხის გასაცემად.
„მაღელვებს ის მესიჯი, რომელსაც ვლადიმირ პუტინი უნდა იღებდეს ჩვენი შეზღუდული პასუხებით მის აგრესიაზე,“ განაცხადა გუშინ დემოკრატმა სენატორმა ბობ მენენდესმა.
ეს განცხადება მენენდესმა სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის სხდომაზე გააკეთა, სადაც რუსეთის მიერ სამეზობლოში საზღვრების ცვლილებაზე, მათ შორის ყირიმის ანექსიაზე და 2008 წლის აგვისტოს ომზე მსჯელობდნენ.
„რატომ არ ვიყენებთ დიპლომატიურ მექანიზმებს უფრო აგრესიულად საიმისოდ, რომ რუსეთმა გაიგოს, რომ მის ქმედებებს შედეგები მოყვება?“ იკითხა მენენდესმა იმავე სხდომაზე.
რუსეთმა აგრესიისთვის საფასური სანქციებით გადაიხადა, უპასუხა სენატორს ვიქტორია ნულანდმა, ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში.