ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სენატმა ენერგო-ყაირათიანობის კანონპროექტი დაბლოკა


კანონპროექტის იდეა საკმაოდ მარტივია - ამერიკის მთავარობამ, კერძო კომპანიებმა და ინდივიდუალურმა პირებმა ენერგორესურსების უფრო ყაირათიანი ხარჯვის პრაქტიკას უნდა მისდიონ. დემოკრატებს, რომლებიც ძირითადად გარემოს დაცვის მომხრეები არიან, კანონპროექტი იმის გამო მოეწონათ, რომ ის სავარაუდოდ სათბურის გაზებს შეამცირებდა. ფისკალურად კონსერვატიულმა რესპუბლიკელებმა კი კანონპროექტის ინიციატივა იმის გამო მოიწონეს, რომ ის მთავრობას მომავალში ელექტრო ენერგიის გამომუშავებისა და ზოგადად ენერგო რესურსების საფასურს შეუმცირებდა. გარდა ამის, ინიციატივა ამერიკაში ათასობით სამუშაო ადგილს შექმნიდა. შესაბამისად, მას ბიზნეს წრეები და გარემოს დამცველები ერთნაირად უჭერდნენ მხარს.

სენატის უმრავლესობის ლიდერმა ჰარი რიდმა კანონპროექტი ასე შეაჯამა:

„ეს კანონპროექტი ჩვენი ქვეყნის ენერგო დამოუკიდებლობას გაზრდის, დაიცავს გარემოს და მომხმარებელს კი ენერგო რესურსების საფასურს შეუმცირებს. ამასთან ის 200 ათას სამუშაო ადგილსაც შექმნის.“

რატომ დაიბლოკა კანონპროექტი სენატში? რესპუბლიკელებმა, რომლებსაც სენატში უმცირესობა აქვთ, ფილიბასტერის წესი გამოიყენეს, რომლის თანახმადაც კანონპროექტის განხილვა უვადოდ შეიძლება გაგრძელდეს. ფილიბასტერის შესაწყვეტად რესპუბლიკელები კანონპროექტის განხილვაში მონაწილეობის მიღებას ითხოვენ. მაგალითად, სენატორ ჯონ კორნინიდ თქმით:

„ეჭვი არ მეპარება იმაში, რომ კანონპროექტი დამტკიცდება. ის დამტკიცდება იმ შემთხვევაში, თუ უმრავლესობის ლიდერი საშუალებას მოგვცემს კანონპროექტის დასახვეწად დებატები გავმართოთ.“

რესპუბლიკელებს სურთ ამ კანონპროექტში ორი თემა შეიყვანონ - კანადიდან სადავო მილსადენის ამერიკაში შემოყვანა და ქვანახშირზე მომუშავე ელექტრო სადგურებზე დაწესებული ახალი შეზღუდვების მოხსნა. გარემოს დამცველები, რომლებიც დემოკრატების ერთ-ერთ უდიდეს საარჩევნო ბაზას წარმოადგენენ, რესპუბლიკელების წინადადებებს ეწინააღმდეგებიან. დემოკრატი სენატორი რიჩარდ დურბინი რესპუბლიკელებს ეკოლოგიური ზიანის მომტანი მიზნების მისაღწევად საპარლამენტო პროცედურების ბოროტად გამოყენებაში სდებს ბრალს:

„ამერიკის შეერთებული შტატების რესპუბლიკური პარტია ერთადერთი წამყვანი პოლიტიკური პარტიაა მთელს მსოფლიოში, რომელიც უარყოფს იმას, თუ რა მოსდის ჩვენს გარემოს კლიმატური ცვლილებებისა და გლობალური დათბობის გამო. და ამის გამო, ჩვენ ადგილიდან ვერ ვიძვრით.“

დურბინი ამბობს, რომ ენერგო-ყაირათიანობის კანონპროექტი უკვე აერთიანებს რესპუბლიკელების არაერთ შემოთავაზებას. სენატორი კორნინისთვის ეს საკმარისი არ არის, რომელიც დემოკრატებს კანონპროექტში კიდევ რამდენიმე დამატების შეტანას სთხოვს მის კენჭისყრაზე გატანამდე. კორნინი ამბობს, რომ მან და სხვა რესპუბლიკელებმა კანონპროექტი პროტესტის ნიშნად დაბლოკეს:

„ჩვენ არ ვაპირებთ უბრალოდ გავჩუმდეთ. არ ვაპირებთ დავჯდეთ და ენა ჩავიგდოთ.“

ბრუკინგსის ინსტიტუტის პოლიტიკური ანალიტიკოსი ტომას მანი ამბობს, რომ პარტიული დაპირისპირება, რომელიც დღეს სენატში მათ თანამშრომლობას მნიშვნელოვნად ართულებს, რამდენიმე ათწლეულის წლის წინ პრობლემას არ წარმოადგენდა:

„ზოგადად, სენატში იყო ღია გარემო იმისთვის, რომ საკანონმდებლო გადაწყვეტილება მიღებულიყო. დღეს ამის პირობები უბრალოდ არ არსებობს. ეს ძალიან სამწუხაროა. სენატის რეპუტაცია მნიშვნელოვნად შეირყა.“

სენატში უკანასკნელ პერიოდში არაერთი მნიშვნელოვანი კანონპროექტი გაიყინა. მათ შორისაა, ქვეყნაში მინიმალური სახელფასო ზღვრის გაზრდის, უმუშევრობის შეღავათების გაგრძელების, იარაღის მყიდველების წარსულის დეტალური შემოწმებისა და საემიგრაციო რეფორმის კანონპროექტები.
XS
SM
MD
LG