ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სენატმა აშშ-ს ბიუჯეტი მიიღო


ორპარტიული შეთანხმების მიუხედავად, რესპუბლიკელები "ობამაქეას" პროექტის ჩაშლით მაინც იმუქრებიან

შეერთებული შტატების სენატში ბიუჯეტზე საბოლოო კენჭისყრა შედგა. 64 ხმით 36-ის წინააღმდეგ ამერიკის ფედერალური ბიუჯეტი 2 წლის ვადით მიიღეს, რაც ავტომატურად ხარჯების ნაწილის შემცირებას ითვალისწინებს და ასევე მთავრობას ხელახალი დახურვისგან იცავს. ეს გადაწყვეტილება ორპარტიული შეთანხმების საფუძველზე მიიღეს, რაც ნამდვილად იშვიათი მოვლენაა ამერიკის პოლიტიკურ სინამდვილეში. ბიუჯეტის კანონი თეთრ სახლში გაიგზავნა, რომელსაც ხელი ბარაკ ობამამ უნდა მოაწეროს.

ბიუჯეტის კანონი ვაშინგტონს ორი წლის ვადით ფისკალური ომებისგან სულის მოთქმის საშუალებას აძლევს. ასეთი პრეცედენტი ოქტომბერში უკვე იყო, როდესაც მთავრობამ მუშაობა დაფინანსების შეწყვეტის გამო იძულებით 16 დღით შეაჩერა. დემოკრატი სენატორი რიჩარდ დარბინი მიღებული კანონის გამო აღტაცებას ვერ მალავდა.

რიჩარდ დარბინი: კმაყოფილი ვარ მიღწეული შეთანხმებით, რადგან ძალიან ხშირად შეუთანხმებლობის მიზეზით კანონმდებლები სერიოზული მარცხის წინაშე ხშირად ვყოფილვართ.

ბიუჯეტის კანონი გასულ კვირას წარმომადგენელთა პალატამ ხმათა უმრავლესობით მიიღო. დამოუკიდებელი სენატორის, ანგუს კინგის თქმით, ეს იმის მანიშნებელია, რომ კონგრესი თავსი ფუნქციას ასრულებს:

ანგუს კინგი: ფაქტია, რომ მოლაპარაკება, დათმობებზე წასვლა შეგვიძლია. ფინანსურ და საბიუჯეტო საკითხებზე შეთანხმებას მივაღწიეთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანი, რაციონალური და პრიორიტეტულია. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენს საქმეს ვაკეთებთ.
რესპუბლიკელების მიერ კონტროლირებულ წარმომადგენელთა პალატაში და სენატში, სადაც უმრავლესობას დემოკრატები წარმოადგენენ, ბიუჯეტის კანონის შესახებ შეთანხმების მიხედვით, ხელისუფლების ავტომატური სახარჯო პოლიტიკის შემცირება, გაზრდილი შემოსავლების ხარჯზე ფედერალური დეფიციტის შემცირებას ემყარება. ამ შემთხვევაში ის კანონმდებლები, რომელთაც საბიუჯეტო საკითხებზე შეუვალი პოზიცია აქვთ, მაგალითად რესპუბლიკელი სენატორი ტობ კობურნი, კმაყოფილებას მაინც არ გამოთქვამს.

ტობ კობურნი: ეს კანონმდებლების მხრიდან დათმობას ნიშნავს. მაგრამ არ არის კომპრომისული ვარიანტი ამერიკის მოსახლეობისთვის, რადგან მიღებული კანონის მიხედვით ხარჯების ნაწილის და გადასახადების გაზრდაა მოსალოდნელი.

კობურნი და სხვა რესპუბლიკელები იმედგაცრუებულები ჩანდნენ იმის გამო, რომ ბიუჯეტი ამერიკის გრძელვადიან საბიუჯეტო დისბალანსს ვერ დაარეგულირებს. თავის მხრივ დემოკრატებიც უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ, რადგან უმუშევარი კატეგორიის მიმართ კომპენსაციის რაოდენობა არ გაიზრდება.

საბოლოოდ, ბევრმა კანონმდებელმა, გვერდზე გადადო საკუთარი დამოკიდებულება და კომპრომისულ ვარიანტს მხარი დაუჭირა. ძირითადად რესპუბლიკელები იყვნენ მოწადინებული, რომ თავიდან აეცილებინათ კიდევ ერთი სამთავრობო კრიზისი, ამის შესახებ ანალიტიკოსი ჯარედ ბერშტეინი საუბრობს.

ჯარედ ბერშტეინი: რესპუბლიკელები იმ პოზიციიდან გამოვიდნენ, რომ მთავრობის დახურვის კიდევ ერთი შემთხვევა მათ პოლიტიკურ მომავალზე და იმიჯზე უარყოფითად აისახებოდა. ამიტომ ისინი შეეცადნენ, ეს თავიდან აეცილებინათ, თუნდაც ამ დათმობას მეორეს მხრივ მათთვის პატარა ჩრდილი მიეყენებინა.

ბერშტეინი ეჭვობს, რომ ორპარტიული შეთანხმება მომავალში სხვა საკითხებთან მიმართებაშიც გაგრძელდეს:

ჯაერდ ბერშტეინი: რთულია ეს წარმოიდგინო საემიგრაციო რეფორმასთან მიმართებაში, საგადასახადო საკითხებზე, მინიმალურ სახელფასო განაკვეთზე - ამ საკითხებზე ნამდვილად არსებობს დიდი წინააღმდეგობა მათი მხრიდან. მე არ მგონია, რომ ამ კანონ-პროექტებთან დაკავშირებით მათ დათმობაზე წასვლა შეძლონ. რადგან ერთ საკითხზე მოხდა შეთანხმება, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მზად არიან მარათონის ფინიშამდე სირბილი გააგრძელონ.

ახლაც კი, როდესაც სენატორები მოემზადნენ კენჭი უყარონ ბიუჯეტის პროექტს, წარმომადგენელთა პალატა პარტიული დაპირისპირებისგან დაზღვეული მაინც არ არის. რესპუბლიკელ სენატორს, ჯონ ბარასოს პრეზიდენტ ობამას საყოველთაო დაზღვევის პროექტის ჩაშლა სურს.

ჯონ ბარასო: ბარაკ ობამას მიერ ინიცირებული ჯანდაცვის რეფორმა ტყუილი დაპირებების კრებულია, სხვა არაფერი. ეს არის საკითხის დროში გაწელვა და იმედგაცრუება.

ბიუჯეტის საკითხზე შეთანხმების მიუხედავად, საბიუჯეტო საკითხებთან დაკავშირებული დრამა კაპიტოლიუმში თებერვალში ისევ გაგრძელდება, როდესაც მთავრობა ვალის ზედა ზღვრის მორიგ გაზრდაზე დაიწყებს მსჯელობას.
XS
SM
MD
LG