ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩინეთის კრიტიკოსს ყაზახეთში შესვლა აეკრძალა


ევგენი ბუნინი - მარცხნიდან მეორე
ევგენი ბუნინი - მარცხნიდან მეორე

რუსული წარმოშობის ამერიკელი ევგენი ბუნინი, რომელმაც ჩინეთის ჩრდილო-დასავლეთ სინძიანის პროვინციაში მკვიდრი მოსახლეობის მდგომარეობის შესახებ ცნობადობა გააჩინა, ამბობს რომ მას ყაზახეთში შესვლა ხუთი წლით აეკრძალა.

ბუნინმა “ფეისბუქზე” დაწერა, რომ 4 სექტემბერს, როდესაც შუა აზიის ამ ქვეყანაში მეზობელი ყირგიზეთიდან თვითმფრინავით ჩავიდა, ის ყაზახეთში არ შეუშვეს. მისი სიტყვებით, ის ყირგიზეთში ერთი თვის განმავლობაში “ყოველგვარი პრობლემის გარეშე” იმყოფებოდა.

ბუნინის ცნობით, საპასპორტო კონტროლის ოფიციალურმა პირმა მას შეატყობინა, რომ ყაზახეთში შესვლა, გაურკვეველი მიზეზის გამო, ხუთი წლის განმავლობაში არ შეუძლია და ურჩია განმარტებისთვის საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის მიემართა.

“ყაზახეთო, გილოცავ რომ ავტორიტარული ჯოჯოხეთისკენ დაღმავალ გზას დაადექი”, დაწერა ბუნინმა.

ამ ვითარების შესახებ კომენტარის მისაღებად, ყაზახეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-მდივან აიბეკ სმადიაროვთან დაკავშირება ვერ მოხერხდა.

2019 და 2020 წლებში, ბუნინს უზბეკეთში შესვლაც აუკრძალეს.

ჩინეთი მთავარი სავაჭრო პარტნიორია შუა აზიაში, სადაც მთავრობები და სახელმწიფო მედია, საკონცენტრაციო ბანაკების თემას ზოგადად თავს არიდებენ, რათა პეკინთან ურთიერთობა გააუმჯობესონ.

რუსეთის და აშშ-ის ორმაგი მოქალაქეობის მქონე ბუნინი ცნობილია თავისი კვლევით, რომელიც ჩინეთის სინძიანის პროვინციის მკვიდრი ხალხების, უიღურების, ყაზახების, ყირგიზების და სხვების უფლებების დარღვევებზე ამახვილებს ყურადღებას.

ბოლო წლებში, ყაზახების ბევრი საპროტესტო გამოსვლა მოხდა, რომლებიც ჩინეთის სინძიანის პროვინციაში ეთნიკური ყაზახების მდგომარეობის გამო ოფიციალურ ჩარევას ითხოვდნენ.

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ 2 მილიონამდე უიღური, ყაზახი და პროვინციის სხვა მკვიდრი უმცირესობა დაკავების ცენტრებში იმყოფება.

ჩინეთი უარყოფს, რომ ეს ობიექტები საკონცენტრაციო ბანაკებია და მათ “ხელახლა სწავლის ბანაკებად” მოიხსენიებს. პროვინციიდან გაქცეული ადამიანები ამბობენ, რომ ამ ობიექტების ქსელში ეთნიკური ჯგუფების “პოლიტიკური ინდოქტრინაცია” მიმდინარეობს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG