ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსები და ამერიკელები ურთიერთშეკავების აუცილებლობაზე საუბრობენ


ამერიკისა და რუსეთის მოსახლეობა ორ ქვეყანას მეტოქეებად უფრო აღიქვამს, ვიდრე პარტნიორებად - ასეთია „ჩიკაგოს საერთაშორისო საქმეთა საბჭოსა“ და „ანალიტიკურ ცენტრ ლევადას “ 2-წლიანი პროექტის შედეგები, რომელთა პრეზენტაციაც ვაშინგტონში, “სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრში” გაიმართა. როგორც ირკვევა, ამ ქვეყნების მოსახლეობა ერთმანეთს სიფრთხილით და ეჭვით უყურებს, თავიანთ ქვეყნებს მოწინააღმდეგეებად მიიჩნევს და საფრთხეს ელოდება. თუმცა არსებობს საერთო ინტერესებიც: ორივე ქვეყნის მოსახლეობა ფიქრობს, რომ საჭიროა ახალი ტიპის შეთანხმებები დამატებითი ესკალაციის თავიდან ასაცილებლად.

შეერთებულ შტატებში 2017 წლიდან 2019 წლამდე 18 %-დან 39 %-მდე გაიზარდა მათი რიცხვი, ვისაც მიაჩნია, რომ რუსეთი ამერიკულ უსაფრთხოებას ემუქრება.

ორი ქვეყნის წამყვანი კვლევითი ინსტიტუტების მიერ საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების თანახმად, ქვეყნების მოსახლეობა ურთერთშეკავებას უფრო საჭიროდ მიიჩნევს, ვიდრე თანამშრომლობას.

წელს ამერიკის მოსახლეობის უფრო დიდ ნაწილს სჯერა, რომ რუსეთი მათი ქვეყნის უსაფრთხოებას ემუქრება, ვიდრე - 2 წლის წინ. მკვლევარების თქმით, ამ მონაცემის ზრდა განსაკუთრებით შესამჩნევია 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის შემდეგ.

“ჩვენი კვლევის ერთ-ერთი უმთავრესი მიგნება ისაა, რომ რუსებიც და ამერიკელებიც ამ ეტაპზე ამჯობინებენ, რომ მათი ქვეყანა მეორე ქვეყნის შეკავებაზე უფრო იყოს ფოკუსირებული, ვიდრე საგარეო პოლიტიკის საკითხებზე თანამშრომლობის ძიებაზე. ასევე დავადგინეთ, რომ ზოგადი შეხედულებები ამერიკაზე რუსეთში და რუსეთში ამერიკაზე, 2014 წლის შემდეგ მნიშვნელოვნად გაუარესდა“, - ამბობს ლილი ვოიტოვიჩი “ჩიკაგოს საერთაშორისო საქმეთა საბჭოდან“.

რუსეთის მოსახლეობის უმრავლესობა აცხადებს, რომ ხელისუფლების საგარეო პოლიტიკამ შეერთებულ შტატებთან ურთიერთობაზე უარყოფითად იმოქმედა და ამავე დროს გამოიწვია მათი ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობისა და ცხოვრების სტანდარტების გაუარესება. თუმცა უმეტესობა აქვე დასძენს, რომ ხელისუფლებამ გააუმჯობესა ქვეყნის სამხედრო მომზადება და მისი გავლენა საზღვარგარეთ.

რუსეთის მოქალაქეები კმაყოფილნი არიან იმით, რომ რუსეთი მათივე თქმით, „ანგარიშგასაწევი ძალაა“ და ამერიკასთან გაუარესებული ურთიერთობაც, მათი აზრით, რუსეთის მზარდი საერთაშორისო გავლენის გამართლებული საფასურია. ამავე დროს, ისინი ამართლებენ ყირიმის ანექსიას და მიიჩნევენ, რომ ამან რუსეთს ზიანზე ბევრად მეტი სარგებელი მოუტანა.

„ამ კვლევაში ჩვენ გვაქვს ორ ქვეყანაში ერთმანეთზე არსებული შეხედულებების შედარება“, - ამბობს „ანალიტიკურ ცენტრ ლევადას“ მკვლევარი დენის ვოლკოვი და განმარტავს, რომ მკვლევარები რუსეთისა და ამერიკის მოსახლეობას იდენტურ შეკითხვებს უსვამდნენ, რის გამოც კვლევა ცალსახად გამორჩეულია და პირდაპირი შედარების იშვიათ შესაძლებლობას იძლევა.

„ვხედავთ ბევრ პრობლემას, ერთნაირ განცდებს იმის შესახებ, რომ ეს ორი ქვეყანა კონფლიქტშია, მოწინააღმდეგები არიან, რომ არის საფუძველი იმისა, რომ ერთმანეთის ეშინოდეთ, ამას ვხედავთ ორივე ქვეყნის საზოგადოებრივ აზრში. არ არის ბევრი გადაკვეთის წერტილი, თუმცა თანამშრომლობის შესაძლებლობას მოსახლეობა მაინც ხედავს რამდენიმე მიმარულებით, მაგალითად ბრძოლა ტერორიზმთან და ბირთვული იარაღის გავრცელებასთან“, - ამბობს ვოლკოვი.

კვლევის შედეგები

შეერთებულ შტატებში საზოგადოების მიერ რუსეთის ამერიკული უსაფრთხოებისთვის არსებულ საფრთხედ აღქმა 2017 წლიდან 2019 წლამდე 18 %-დან 39 %-მდე გაიზარდა.​

რუსებს სჯერათ, რომ მათ ქვეყანას უფრო მეტი ინტერესი აქვს შტატებთან ორმხრივი ურთიერთობების გაუმჯობესებისა. ვიდრე - ამერიკას. უმეტესობა ფიქრობს, რომ მისი ქვეყნის საერთაშორისო იმიჯი გაიზარდა და ეს კარგია. 10-დან 7 რუსს სჯერა, რომ რუსეთმა აქტიური როლი უნდა ითამაშოს მსოფლიოს საქმეებში.

ამერიკელი და რუსი ხალხი ამბობს, რომ ურთიერთობა დაძაბული და უარყოფითია. რუსების უმეტესობა - 85 % მიიჩნევს, რომ ქვეყნები მეტოქეები არიან. მხოლოდ 8% მიიჩნევს მათ უფრო პარტნიორებად, ვიდრე მეტოქეებად. ამერიკელებიც იმავეს ამბობენ, ყოველი 10-დან 8 ამერიკელი ფიქრობს, რომ ისინი მეტოქეები არიან.

ერთმანეთისადმი ეჭვითა და სიფრთხილით განწყობილი საზოგადოების წევრების უმეტესობა ორივე ქვეყანაში მიიჩნევს, რომ მეორის შეკავებაა საჭირო. რუსების 53%-ს მიაჩნია, რომ მოსკოვმა უნდა სცადოს შეერთებული შტატების საერთაშორისო გავლენისა და ძალის შეზღუდვა, როცა თანამშრომლობის მომხრე 38 %-ია. თუმცა 2016 წელს რუსების 68 % ფიქრობდა, რომ ამერიკის ძალის ლიმიტირება იყო საჭირო. იმავე კითხვაზე მსგავსი შედეგებია შეერთებულ შტატებშიც. გამოკითუხლთა 55%-ს მიაჩნია, რომ ამერიკამ რუსეთი უნდა შეაკავოს.

რუსები კვლავ უჭერენ მხარს ყირიმის ანექსიას, ამბობენ, რომ მან უფრო მეტი სარგებელი მოიტანა (62%), ვიდრე - ზიანი (16 %) რუსეთისთვის. ამერიკელთა თითქმის ნახევარი, 49 % მიიჩნევს, რომ რუსეთის ქმედებებზე შტატების რეაქცია, მათ შორის სანქციები და 60-მდე დიპლომატის ქვეყნიდან გაძევება, მართებული იყო, 36 %- ის აზრით კი - არასაკმარისი იყო.შედეგები გარკვეულწილად განსხვავდება იმ რესპოდენტებს შორის, რომლებიც თავს დემოკრატად ან რესპუბლიკელად მიიჩნევენ. თუკი 2016 წლის ზაფხულში დემოკრატთა 62 % ამბობდა, რომ რუსეთთან მეტად მეგობრული ურთიერთობა იყო საჭირო, ახლა მათი 66% მიიჩნევს, რომ რუსეთის ძალის შეკავებაა აუცილებელი.

განსხვავებით შეერთებული შტატებისგან, რუსები ჩინეთს უფრო პარტნიორად ხედავენ, ვიდრე მეტოქედ. ამერიკელთა დიდი ნაწილი (63 %) კი პირიქით, ჩინეთს მეტოქედ აღიქვამს. მკვლევარების აზრით, შესაძლოა ეს ბოლო დროს გამწვავებულ სავაჭრო ომს უკავშირდებოდეს, თუმცა ფაქტია, რომ გასულ წელთან შედარებით, ჩინეთს მეტოქედ ამერიკის გამოკითხული მოსახლეობის 14 %-ით მეტი მიიჩნევს.

საზოგადოების წევრების უმეტესობა ორივე ქვეყანაში მიიჩნევს, რომ მეორის შეკავებაა საჭირო.
საზოგადოების წევრების უმეტესობა ორივე ქვეყანაში მიიჩნევს, რომ მეორის შეკავებაა საჭირო.

რუსებს სჯერათ, რომ მათ ქვეყანას უფრო მეტი ინტერესი აქვს შტატებთან ორმხრივი ურთიერთობების გაუმჯობესებისა. ვიდრე - ამერიკას. უმეტესობა ფიქრობს, რომ მისი ქვეყნის საერთაშორისო იმიჯი გაიზარდა და ეს კარგია. 10-დან 7 რუსს სჯერა, რომ რუსეთმა აქტიური როლი უნდა ითამაშოს მსოფლიოს საქმეებში.

ყოველი 10-დან 8 მოქალაქე რუსთში მიიჩნევს, რომ მათი ქვეყნის საგარეო პოლიტიკას უარყოფითი გავლენა ჰქონდა საგარეო პოლიტიკაზე. დიდ უმრავლესობას, 83 -% ზე მეტს მიაჩნია, რომ ქვეყნის საგარეო პოლიტიკამ გააუმჯობესა მათი ქვეყნის სამხედრო ძალების მდგოამრეობა. იგივე რაოდენობა მიიჩნევს, რომ მათი ქვეყანა მზარდი სამხედრო ძალაა, უფრო მეტად მზარდი, ვიდრე - ჩინეთი და ამერიკა. რუსების ნახევარზე მეტი ასევე (55 %) მიიჩნევს, რომ რუსეთს ახლა უფრო მეტ პატივს სცემენ, ვიდრე 10 წლის წინ. მაშინ როცა მხოლოდ 11 % ფიქრობს, რომ ამერიკას ახლა მეტ პატივს სცემენ, ვიდრე - ადრე. 67 % კი ფიქრობს, რომ ამჟამად ჩინეთს უფრო მეტ პატივს სცემენ, ვიდრე 10 წლის წინ.

რუსეთ-ამეირკის ურთიერთობის ბოლოდროინდელი ერთ-ერთი საკვანძო საკითხი საშუალო რადიუსის ბირთვული იარაღის შეთანხმებიდან ამერიკის გამოსვლა იყო. ამერიკამ რუსეთს აგვისტომდე მისცა დრო, თუკი ის არ შეწყვეტს შეთანხმების პირობების დარღვევას, ამერიკა შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს თავადაც იხსნის. მოსახლეობის აზრის გამოკითხვამ ამერიკასა და რუსეთშიც აჩვენა, რომ მოსახლეობა შეშფოთებულია ბირთვული იარაღის კონტროლის შესახებ არსებული შეთანხმებების ბედით და სურს, რომ ამ მიმართულებით თანამშრომლობა გაგრძელდეს და გაუმჯობესდეს, კერძოდ კი, შემუშავდეს ახალი შეთანხმებები, რომლებიც ორივე ქვეყნის ბირთვულ არსენალს შეზღუდავს. ამას ამერიკელთა 87 % და რუსების 74 % უჭერს მხარს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG