ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში


გასული წლის დეკემბერში რუსეთი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანდა. ივლისში მოსკოვი ამ ორგანიზაციის სრულუფლებიანი წევრი გახდება.

მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია საერთაშორისო ვაჭრობის წესებს არეგულირებს. ამ ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოები ვალდებულნი არიან მკაცრად დაიცვან მის მიერ დაწესებული წესები.

ამ ორგანიზაციის წევრი ქვეყნების მთავრობები ვალდებულნი არიან შეინარჩუნონ იმპორტულ საქონელზე დაწესებული ტარიფები და დაიცვან ინტელექტუალური საკუთრების უფლებები.

რუსეთის მთავრობას ეკონომიკური და სავაჭრო კანონების შეცვლა მოუწევს, რათა ისინი საერთაშორისო სტანდარტებს დაექვემდებარონ.

შეერთებულმა შტატებმა მხარი დაუჭირა რუსეთის გაწევრიანებას მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში. უფრო მეტიც, პრეზიდენტ ობამას ადმინისტრაციამ კონგრესს მოუწოდა აღარ გააგრძელოს ცივი ომის დროინდელი ჯეკსონ-ვენიკის სახელით ცნობილი კანონის მოქმედება.

სენატის ფინანსური კომიტეტის თავმჯდომარის მაქს ბოხუსის განცხადებით:“ ჯეკსონ-ვენიკის კანონი კრძალავს კომუნისტურ, და ყოფილ კომუნისტურ ქვეყნებთან ნორმალური სავაჭრო ურთიერთობების დამყარებას, სანამ ისინი საკუთარ მოქალაქეებს თავისუფალი ემიგრაციის საშუალებას არ მისცემენ. თავის დროზე ეს კანონი კონგრესმა საბჭოთა კავშირიდან ემიგრაციაზე არსებული შეზღუდვების გამო დააწესა, რაც ძირითადად ამ ქვეყნიდან ებრაელების თავისუფალი ემიგრაციის ხელშეწყობისთვის იყო გამიზნული. ამ კანონმა თავისი საქმე გააკეთა, რამაც მილიონობით ებრაელს საბჭოთა კავშირიდან წასვლის საშუალება მისცა. მაგრამ დღეს ამ კანონის არსებობა წარსულის გადმონაშთად შეიძლება მივიჩნიოთ.“

პეტერსონის საერთაშორისო ეკონომიკური ინსტიტუტის ექსპერტის ანდერს ასლუნდის განცხადებით:“ ჯერ ერთი, ეს კანონი იმ სახელმწიფოს წინააღმდეგ არის მიმართული, რომელიც აღარ არსებობს. მეორეც, ემიგრაცია დიდი ხანია აღარ წარმოადგენს არანაირ პრობლემას.“

ამერიკელი ექსპერტების განცხადების თანახმად რუსეთთან ნორმალური სავაჭრო ურთიერთობების დამყარება შეუძლებელია, თუ ეს საკანონმდებლო შესწორება არ იქნება გაუქმებული.

მოსკოვთან ვაჭრობით პირველ რიგში ამერიკული ბიზნესია დაინტერესებული, მაგრამ როგორც სენატორი ჯონ კული აცხადებს:“ მართალია ემიგრაცია აღარ წარმოადგენს პრობლემას, მაგრამ რუსეთის ხელისუფლება უხეშად არღვევს ადამიანის უფლებებს და არაფრად აგდებს კანონის უზენაესობას.“

გარდა ამისა ამერიკელი სენატორის განცხადებით:“ მოსკოვმა ცოტა ხნის წინ დაბლოკა გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია სირიასთან დაკავშირებით და კვლავაც აგრძელებს ასადის რეჟიმისთვის იარაღის მიწოდებას. კრემლში არ არის ისეთი მთავრობა, რომელიც საერთაშორისო ვალდებულებებს ასრულებს და ამერიკულ ბიზნესთან ნორმალური სავაჭრო ურთიერთობებს იმსახურებს.“

სენატორი კულის აზრით ჯეკსონ-ვენიკის კანონის გაუქმება ჯერ ნაადრევია, რადგან ამერიკა-რუსეთის ურთიერთობაში კიდევ ბევრი საკითხებია გასარკვევი.

XS
SM
MD
LG