ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკას რუსეთის აქტივობა სირიაში არ უკვირს


დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს დირექტორი ჯონ ბრენანი აბობს, რომ ვაშინგტონი მოსკოვის ქმედებით შეშფოთებულია, მაგრამ გაკვირვებული არ არის.

შეერთებული შტატების დაზვერვის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ისინი შეშფოთებით ადევნებენ თვალს მოსკოვის აგრესიული ქმედების გაღრმავებას. თუმცა, მათთვის რუსეთის სვლა მოულოდნელი არ ყოფილა. დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს დირექტორი ჯონ ბრენანი ვაშინგტონში დაზვერვის და უსაფრთხოების სპეციალისტებს შეხვდა. „რუსეთი საკმაოდ გულახდილი იყო. სირიაში დამატებით ადამიანები და პერსონალი იგზავნება“ - განაცხადა მან ხუთშაბათს გამართულ შეხვედრაზე.

დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს თქმით, კრემლი ჯარს და აღჭურვილობას სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის მთავრობის მხარდასაჭერად აგზავნის. ასადი რუსეთის დიდი ხნის მოკავშირეა, რომელმაც სირიელ ამბოხებულებთან ბრძოლაში ზედიზედ რამდენიმე დამარცხება განიცადა. რუსეთს შეშფოთების მეორე მიზეზიც ჰქონდა: ტერორისტული დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოს გაძლიერება. ამ უკანასკნელს კი ამერიკაც იზიარებს - განაცხადა ბრენანმა. მაგრამ დაზვერვის შეფს არაფერი უთქვამს იმის თაობაზე, თანამშრომლობს თუ არა ვაშინგტონი ამ საკითხში მოსკოვთან.

XS
SM
MD
LG