ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჯონ კერი რუსეთს ეწვევა


ვიზიტის მთავარი თემა სირიის კონფლიქტია

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი მომავალ კვირას რუსეთს ეწვევა. ის მოლაპარაკებას რუს კოლეგასთან სერგეი ლავროვთან გამართავს. ვიზიტის მთავარი თემა სირიაში შექმნილი ვითარებაა. ასევე, მოსალოდნელია კერის შეხვედრა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან. კერი და ლავროვი ერთმანეთს არაერთხელ შეხვდენენ, თუმცა ეს რუსეთში სახელმწიფო მდივნის პირველი ვიზიტია.


"ჩემი შეფასებით ვიზიტი დაგვიანდა. ველოდები, რომ დიდი რვიანის სამიტის წინ, განვიხილავთ საკითხების ფართო სპექტრს, სირიისა და ირანის ჩათვლით," - განაცხადა ჯონ კერიმ.

სირიის საკითხში შეერთებული შტატების და რუსეთის პოზიციები განსხვავდება. რუსეთმა და ჩინეთმა გაეროს უშიშროების საბჭოში რამდენჯერმე დაბლოკეს დასავლეთის ქვეყნების ინიციატივა სირიის პრეზიდენტის ბაშარ ალ-ასადის წინააღმდეგ სანქციების დაწესების თაობაზე. ასევე, რუსეთი განაგრძობს ასადის არმიისთვის შეიარაღების მიწოდებას. შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები კი ასადის ოპოზიციას უჭერენ მხარს, თუმცა ვაშინგტონი იარაღის მიწოდებისგან თავს იკავებს.

„ნათელია, რომ ჩვენსა და რუსეთს შორის შეუთანხმებლობა და აზრთასხვადასხვაობა არსებობს სირიის რეჟიმისთვის იარაღის მიწოდების ჩათვლით.

ჩვენ ნათლად განვაცხადეთ, რომ ასევე არსებობს საკითხები ქიმიური იარაღის ჩათვლით, სადაც ჩვენ გვაქვს საერთო ინტერესები და გამოვხატავთ საერთო შეშფოთებას,“ - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა პატრიკ ვენტრელმა.
მისი თქმით, მოსკოვში ჯონ კერის ვიზიტის მთავარი მიზანი პოლიტიკური თანხმობის მიღწევაა.

„ვფიქრობთ, რომ პოლიტიკური ტრანზიცია ძალადობის დასრულებისთვის საუკეთესო გზა და ეს უნდა მოხდეს რაც შეიძლება მალე, რათა ავირიდოთ ზედმეტი სისხლისღვრა და სირიაში შევინარჩუნოთ ზოგიერთი ინსტიტუტი, რათა სირიელი ხალხისთვის ელემენტარული დახმარების გაწევა არ შეწყდეს,“ - აცხადეს ვენტრელი.

რაც შეეხება კერის ვიზიტის სხვა საკითხებს, ვენტრელმა აღნიშნა, რომ ადამიანის უფლებების სფერო ყოველთვის არის განხილვის საგანი. ასევე საუბრები შეეხება, რუსეთის აკრძალვას ამერიკაში ბავშვების გაშვილების შესახებ, რუსეთიდან შეერთებული შტატების საერთაშორისო დახმარების სააგენტოს გაძევებას და ბოსტონის მარათონის დროს მომხდარ ტერაქტს, რომლის გამოძიების ფარგლებშიც ჩეჩენი ეროვნების ეჭვმიტანილია დაპატიმრებული, ხოლო მისი ძმა კი დაკავების ოპერაციის დროს მოკლეს.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG