ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მოსკოვი ვაშინგტონს კონფრონტაციაში ადანაშაულებს


კრემლის სპიკერი დიმიტრი პესკოვი წუხილს გამოხატავს ამერიკის ახალი სამხედრო სტრატეგიის დოკუმენტის შინაარსთან დაკავშირებით და ვაშინგტონს "კონფრონტაციულ მიდგომაში" დებს ბრალს.

რუსეთმა დღეს განაცხადა, რომ შეერთებული შტატების ახალი სამხედრო სტრატეგია კონფრონტაციული ხასიათისაა და ის უკრაინის კრიზისის გამო შექმნილი დაძაბულობის შედეგად მოსკოვთან ურთიერთობის გაუმჯობესებას ხელს ვერ შეუწყობს. კრემლის სპიკერი დიმიტრი პესკოვი წუხილს გამოხატავს დოკუმენტის შინაარსთან დაკავშირებით და აცხადებს, რომ „კონფრონტაციული მიდგომა“ მისი ქვეყნის მიმართ უსაფუძვლო და ობიექტურობას მოკლებულია.

პენტაგონმა დოკუმენტი ახალი სტრატეგიის შესახებ ოთხშაბათს გამოაქვეყნა. მასში აღნიშნულია, რომ რუსეთი მეზობელი ქვეყნების სუვერენიტეტის უპატივცემულობის დემონსტრირებას აგრძელებს და საკუთარი მიზნების მისაღწევად ძალის გამოყენებაზე მიდის. „რუსეთის სამხედრო ქმედება რეგიონული უსაფრთხოებისთვის პირდაპირი საფრთხის შემცველია“ - ნათქვამია შეერთებული შტატების სამხედრო სტრატეგიის დოკუმენტში.

მოსკოვს და დასავლეთს შორის ურთიერთობა ცივი ომის შემდეგ ასეთი გართულებული არასოდეს ყოფილა. მთავარი მიზეზი უკრაინაში დაწყებული კრიზისია, რის გამოც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა რუსეთს საერთაშორისო სანქციები დააკისრა.

XS
SM
MD
LG