ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ცნობილი გახდა გახმაურებული საიდუმლო დოკუმენტის შინაარსი


წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტმა გამოაქვეყნა აქამდე გასაიდუმლოებული ჩანაწერების დოკუმენტი, რომელზეც ბოლო ერთი კვირაა ამერიკის შეერთებულ შტატებში საუბარი არ წყდება. რესპუბლიკელი კანონმდებლები აცხადებდნენ, რომ მასში არსებული მონაცემები ააშკარავებდა გამოძიების ფედერალური ბიუროს იმ გამომძიებლების მიერ ძალაუფლების გადამეტების ფაქტებს, რომლებიც 2016 წლის ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევას იძიებდნენ.

მედია რამდენიმე დღეა ფართოდ აშუქებს დოკუმენტის გამოქვეყნების მიზანშეწონილობის მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა არგუმენტებს. სპეკულაციები დღეს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაასრულა. მან ჩანაწერებს გრიფი საიდუმლო მოუხსნა, რის შემდეგაც დოკუმენტი ძალიან მალე საჯაროდ ხელმისაწვდომი გახდა.

ჩანაწერების ავტორია წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტის რესპუბლიკელი თავმჯდომარე, დევინ ნუნესი. დოკუმენტის ძირითადი ნაწილი ეთმობა კარტერ პეიჯის თვალთვალზე გაცემულ ორდერს. პეიჯი დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბში საგარეო პოლიტიკის საკითხებში მრჩევლის პოსტზე მუშაობდა. ბიზნესმენი ეჭვმიტანილი იყო რუსეთთან საერთო ინტერესებში და გამოძიების ფედერალური ბიურო იძიებდა მის ვიზიტებს რუსეთში და სავარაუდო კონტაქტებს რუსეთის დაზვერვის აგენტებთან.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ თვალთვალზე ორდერის გაცემის აუცილებლობის დასაბუთებისას, გამოძიების ფედერალური ბიუროს აგენტებმა საფუძვლად დაუდეს ე.წ. სტილის დოსიე. საუბარია ბრიტანეთის დაზვერვის ყოფილი აგენტის, ქრისტოფერ სტილის მიერ შედგენილ დოსიეზე, რომლის მუშაობასაც ტრამპის მაშინდელი ოპონენტის, დემოკრატი ჰილარი კლინტონის კამპანია და დემოკრატთა ეროვნული კომიტეტი აფინანსებდა. სწორედ ამის შემდეგ, 2016 წლის ოქტომბერში მიიღო გამოძიების ფედერალურმა ბიურომ „საგარეო დაზვერვის ზედამხედველობის აქტით“ გათვალისწინებული თვალთვალის ორდერი.

გამოძიების ფედერალური ბიუროს გამომძიებლებმა ორდერის მისაღებად შევსებულ დოკუმენტებში არსად ახსენეს ის ფაქტი, რომ ე.წ. სტილის დოსიეს კლინტონის კამპანია აფინანსებდა და რომ შესაბამისად, ის შესაძლოა ტენდენციური და პოლიტიკურად მოტივირებული ყოფილიყო.

დღეს დილით, სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაწერა, რომ გამომძიებლებმა ძიების პროცესის პოლიტიზირება მოახდინეს. პრეზიდენტის თქმით, ტენდენციურობა რესპუბლიკელების წინააღმდეგ და დემოკრატების სასარგებლოდ აღინიშნა, რაც შეერთებულ შტატებში დიდი ხანია არ მომხდარა. მოგვიანებით, თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე ტრამპმა განაცხადა, რომ ის, რაც მან დოკუმენტში წაიკითხა საშინელებაა. "ვფიქრობ, ის, რაც ამ ქვეყანაში ხდება, სამარცხვინოა... ბევრ ადამიანს უნდა შერცხვეს საკუთარი საქციელის" - თქვა მან.

კონგრესის დემოკრატმა უმცირესობამ სპეციალური განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნა, რომ დოკუმენტში გამოქვეყნებულ ბრალდებებს მკითხველი „შეცდომაში შეჰყავს“. დემოკრატების აზრით, ეს არის „სამარცხვინო დისკრედიტაციის“ მცდელობა, რომელიც მიმართულია საგანგებო გამომძიებლის და კონგრესში მიმდინარე გამოძიებების წინააღმდეგ, ასევე ორი ინსტიტუტის - გამოძიებათა ფედერალური ბიუროს და იუსტიციის დეპარტამენტის - წინააღმდეგ.

დემოკრატები რესპუბლიკელებს "ცუდი პრეცედენტის" დამკვიდრებაში სდებენ ბრალს, რომელიც ტრამპის გამოძიებისგან დაცვის მიზნით, მთლიანად ამერიკის დაზვერვას გრძელვადიან ზიანს აყენებს. თავად გამოძიების ფედერალური ბიურო თვლის, რომ ჩანაწერები არააკურატულია და ამასთან, გამოქვეყნებულ დოკუმენტში არსად ჩანს კრიტიკულად მნიშვნელოვანი კონტექსტი, რამაც თვალთვალის ორდერის გაცემა განაპირობა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG