ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვაშინგტონი აპროტესტებს რუსეთში დაკავებული ამერიკელისადმი "არასათანადო" მოპყრობას


პოლ უელანი
პოლ უელანი

შეერთებულმა შტატებმა პროტესტი გამოხატა იმის გამო, რომ მოსკოვი "არასათანადოდ" ეპყრობა ამერიკელ მოქალაქეს - პოლ უელანს. ის რუსეთში ჯაშუშობის ბრალდებით, გასული წლის დეკემბერში დააკავეს.

"ჩვენ [რუსეთის] საგარეო საქმეთა სამინისტროში გავაპროტესტეთ დაკავებული პოლ უელანის მიმართ არასათანადო მოპყრობა". ასეთი განცხადება გააკეთა დღეს, სოციალურ ქსელ "ტვიტერზე", რუსეთში შეერთებული შტატების საელჩოს პრესსპიკერმა ანდრეა კალანმა.

საელჩო ასევე ითხოვს უელანის უსაფრთხოების გარანტიებს და აღნიშნულ ბრალდებასთან დაკავშირებით, სპეციალური გამოძიების ჩატარებას. "შეერთებული შტატების მოქალაქის კეთილდღეობა უცხოეთში ჩვენი უმაღლესი პრიორიტეტია" - ნათქვამია ამერიკის საელჩოს განცხადებაში.

რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების მონაცემებით, უელანი 28 დეკემბერს ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს. ეჭვმიტანილის ოჯახი ამბობს, რომ ის რუსეთში მეგობრის ქორწილში ჩავიდა. უელანი რუს სამართალდამცავებს მისდამი ცუდ მოპყრობაში ადანაშაულებს. ამერიკის მოქალაქის თქმით, მას სამედიცინო დახმარებაზე და შეერთებული შტატების საელჩოსთან დაკავშირებაზე უარს ეუბნებიან.

უელანის ადვოკატის, ვლადიმირ ჟერებენკოვის თქმით, ამერიკის მოქალაქეს რუსეთის მოქალაქემ ე.წ. USB-ფლეშ-მეხსიერება (USB Flesh Drive) გადასცა, რომელზეც მისი მოგზაურობის ამსახველი ფოტოები უნდა ყოფილიყო. უელანს არ შეუმოწმებია ის, თუ რა ფოტოები იყო მასში ჩატვირთული. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ელექტრონულ ფოტოებზე რუსეთის სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ფაქტები იყო აღბეჭდილი. ამის შესახებ ჟერებნიკოვმა ჟურნალისტებს ჯერ კიდევ იანვარში მოახსენა.

უელანს კანადის, ირლანდიის და ბრიტანეთის მოქალაქეობა აქვს. ის წარსულში შეერთებული შტატების შეიარაღებულ ძალებში საზღვაო ქვეითად მსახურობდა, მაგრამ იქიდან ცუდი საქციელისთვის დაითხოვეს. უელანი ამ ინციდენტთან დაკავშირებით ამბობს, რომ მას ეს ამბავი მოუწყვეს.

დაზვერვის ყოფილი თანამშრომლების აზრით, მისი ბიოგრაფიიდან და რუსეთში დიპლომატიური დაცვის უქონლობიდან გამომდინარე, ნაკლებად დასაშვებია, რომ უელანი დაზვერვის აგენტი ყოფილიყო. ექსპერტები ფიქრობენ, რომ უელანის დაკავებას სულ სხვა სარჩული ადევს. ის სავარაუდოდ, პატიმრების გაცვლის მიზნით დააკავეს მას შემდეგ, რაც შეერთებულ შტატებში, ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებზე გავლენის მოხდენის მიზნით, უცხოეთის ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი რუსეთის მოქალაქე, მარია ბუტინა აიყვანეს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG