ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთის მიერ დაკავებული ამერიკის მოქალაქე ყოფილი საზღვაო ქვეითია


პოლ უელანი, ამერიკის მოქალაქე რომელიც პარასკევს მოსკოვში ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს, ამერიკის ფლოტის ყოფილი საზღვაო ქვეითია. სამშაბათს, უელანის ოჯახმა სოციალურ ქსელში მესიჯი გაავრცელა, სადაც აცხადებენ, რომ მათი ნერვიულობის მიზეზი პარასკევის შემდეგ, შვილთან კავშირის შეწყვეტა და გავრცელებული ცნობები გახდა.

„ჩვენ წავიკითხეთ ცნობები მოსკოვში პოლ უელანის დაკავების შესახებ, ჩვენ შვილის და ძმის“, -ნათქვამი იყო განცხადებაში. „პოლი გადამდგარი საზღვაო ქვეითია და მოსკოვს ქორწილში დასასწრებად ესტუმრა“, - ამბობს ოჯახი.

ოჯახმა ცნობები მას შემდეგ მიიღო, რაც რუსულმა სამთავრობო ახალი ამბების სააგენტომ ინფორმაცია გაავრცელა. ოჯახი კონგრესში წარმომადგენელს და ამერიკელ დიპლომატებს დაუკავშირდა. „ჩვენ ღრმად გვაშფოთებს მისი უსაფრთხოება და კეთილდღეობა. მისი უდანაშაულობა ეჭვგარეშეა და ჩვენ გვჯერა, რომ მისი უფლებები დაცული იქნება“, - ამბობს ოჯახი.

ორშაბათს, რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ უელანი 28 დეკემბერს დააკავეს, „ჯაშუშური ქმედების განხორციელების დროს“ და რომ მათ გამოძიება გახსნეს. მოსკოვს დამატებითი დეტალები არ გაუსაჯაროებია. თუმცა, რუსეთის სახელმწიფო სააგენტო "ტასის" ცნობით, უელანს 20-წლიანი პატიმრობა ემუქრება, თუ მას დამნაშავედ ცნობენ.

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ორშაბათს განაცხადა, რომ მათ აქვთ ცნობები რუსი სამართალდამცავების მიერ ამერიკის მოქალაქის დაკავების შესახებ.

„ჩვენ საგარეო საქმეთა სამინისტროდან დაკავების შესახებ ოფიციალურად გვაცნობეს“, - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა „ამერიკის ხმისთვის“ მიწერილ ელექტრონულ წერილში. სახელმწიფო დეპარტამენტს, პირადი ინფორმაციის გაუცემლობის მიზეზებიდან გამომდინარე, დამატებითი ცნობები არ გაუვრცელებია.

ამერიკის მოქალაქის დაკავება, დასავლეთსა და რუსეთში რამდენიმე გახმაურებულ ჯაშუშთა სკანდალის ფონზე მოხდა, მათ შორის ბრიტანეთში ყოფილი ორმაგი აგენტის სერგეი სკრიპალის და მისი ქალიშვილის ნერვული აგენტით მოწამვლის და ამერიკის მიერ რუსეთის მოქალაქის მარია ბუტინას უცხო ქვეყნის აგენტობის, უკანონოდ ქმედებაში დამნაშავედ ცნობის კვალდაკვალ. ბუტინამ აღიარა, რომ ის რუსი ოფიციალური პირების დავალებით გავლენიან ამერიკელებთან კონტაქტების დამყარებას ცდილობდა.

რუსეთში უელანის დაკავების შესახებ ცნობები, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის მიერ, ამერიკის პრეზიდენტის დონალდ ტრმაპისადმი საახალწლო მიმართვიდან 24 საათში გავრცელდა. მიმართვაში, პუტინი აცხადებს, რომ მოსკოვი მზადაა ვაშინგტონთან სხვადასხვა საკითხებზე დიალოგისთვის.

2016 წელს, რუსულმა გამოცემამ „იზვესტია“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთში 13 ამერიკის მოქალაქე იყო დაკავებული. კრემლს რუსეთში დაკავებული ამერიკის მოქალაქეების შესახებ დამატებით დეტალები არ გაუსაჯაროებია.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG