ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რა ბედი ელის ამერიკულ ჯინსს?


ევროკავშირის მიერ დაწესებული ახალი ტარიფების გამო შესაძლოა ამერიკული ჯინსის წარმოებამ განვითარებად ქვეყნებში გადაინაცვლოს

ამერიკული ჯინსის ყველაზე დიდ რეკლამად იარლიყი ითვლება. „დამზადებულია ამერიკაში“ (MADE IN USA) მთელ მსოფლიოში ჯინსების გამძლეობის და ხარისხის გარანტიად მიიჩნევა. შეერთებულ შტატებში შეკერილი შარვლები ყველაზე მეტი პოპულარობით ევროპის ქვეყნებში სარგებლობს. თუმცა, სიტუაცია შეიძლება ძალიან მალე შეიცვალოს. ევროკავშირის მიერ დაწესებული ახალი ტარიფების გამო შესაძლოა ცნობილმა კომპანიებმა წარმოება განვითარებად ქვეყნებში გადაიტანონ.

პიტერ კიმი უმაღლესი ხარისხის ამერიკული ჯინსის სპეციალისტია. მისი თქმით,„ჯინსის ნაჭერი ღვინოსავითაა, ერთი და იგივე ყურძნით, იმის მიხედვით, თუ როგორ მოეპყრობი, როგორ დაამუშავებ, სრულიად სხვადასხვა შედეგს იღებ“.
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:03:03 0:00
ბმული

შესაბამისად, შარვლის ფასი შეიძლება 10 დოლარით დაიწყოს და 200-ს გადააჭარბოს. ცნობილი დიზაინრების ჯინსებს მომხმარებლის უმეტესი ნაწილი ვერ წვდება, მაგრამ პიტერი, რომელიც ამავე დროს კომპანია „ჰადსონის“ მფლობელიცაა, ამბობს, რომ ისინი მაინც აძლევენ ტონს იაფფასიან პროდუქციას.

„როგორც უმაღლესი მოდა: პოდიუმზე რაც აცვიათ, იმას თითქმის არავინ ყიდულობს. მაგრამ შემდეგ ეს ელემენტები თანდათან დაბალ იარუსებზე ინაცვლებს და სანამ მასობრივ პროდუქციად იქცევა, მომხმარებლის თითქმის ყველა ფენას ესადაგება“ - ამბობს პიტერ კიმი.

ის, თუ როგორ დამუშავდება ნაჭერი, გაირეცხება, მოდგება, ყველაფერი საბოლოო ჯამში მის ფასზე აისახება. პიტერის თქმით, კიდევ ერთი რამ აძვირებს ჯინსებს: „ჩვენ მხოლოდ ლოს ანჯელესში ვამუშავებთ ნაჭერს და ვკერავთ. როგორც ხვდებით, იაფი არ გვიჯდება“.

„ჰადსონის“ ჯინსი ყველაზე მეტად ამერიკაში და ევროპაში იყიდება, და სწორედ იმიტომ, რომ ამერიკაშია დამზადებული. თუმცა, იარლიყი შეიძლება მალე იშვიათობა გახდეს. ევროკავშირმა ამერიკულ ჯინსზე იმპორტის ტარიფი მანამდე არსებული 12-ს ნაცვლად 38 პროცენტი გახადა. იმის გათვალისწინებით, რომ ცნობილი დიზაინრების ჯინსების 3/4 კალიფორნიაში მზადდება, ტარიფის ზრდა სამუშაო ადგილების განვითარებად ქვეყნებში გადანაცვლებას გამოიწვევს, ამბობს ილზე მეჩეკი, კალიფორნიის მოდების ასოციაციის პრეზიდენტი, რაც საბოლოო ჯამში ადგილობრივ ეკონომიკას დააზარალებს. ილზე ფიქრობს, რომ „კომპანიები ჯინსების კერვას გააგძელებენ, ოღონდ მექსიკაში, სამხრეთ ამერიკაში“. პიტერ კიმიც შიშობს, რომ შედეგი დრამატული იქნება და მათი ბიზნესები ამერიკაში „პრაქტიკულად განადგურდება“.

ჯინსის მწარმოებლები ამბობენ, რომ სიტუაციით სხვა ქვეყნები ისარგებლებენ და ევროპულ ბაზრებზე დამკვიდრდებიან. ამიტომ ისინი მზად არიან დროებით თავად იზარალონ, მაგრამ საბაზრო ფასები შეინარჩუნონ და წარმოებაც ლოს ანჯელესში დატოვონ. მანამდე კი ბიზნესმენებს იმედი აქვთ, რომ ევროკავშირი და ამერიკა ახალ სავაჭრო ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებას შეძლებენ და მათ სამომავლოდ საგადასახადო შეღავათები დაუწესდებათ.
მაია ქვარცხავა, ამერიკის ხმა, ვაშინგტონი
XS
SM
MD
LG