ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკმაყოფილო ამერიკელთა რაოდენობა იზრდება


გასული წლის მიწურულს, „სი-ენ-ენ“-ის მიერ ჩატარებულმა საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვამ აჩვენა, რომ გამოკითხულ ამერიკელთა 83 პროცენტი ქვეყნის მმართველობით უკმაყოფილოა. ამ გამოკითხვის შედეგებმა დისკუსიისთვის შეკრიბა ორივე ძირითადი პარტიის შთამბეჭდავი ჯგუფები, სადაც შედიოდნენ კონგრესის ყოფილი ლიდერები, კაბინეტის მდივნები და თეთრი სახლის აპარატის უფროსები.

ამ ჯგუფში, ვაშინგტონის არაქმედუნარიანობის მიზეზების შესახებ განსხვავებული შეხედულებები არ ჰქონიათ. ბოლო წლებში, დემოკრატები თეთრ სახლს და სენატს აკონტროლებდნენ, რესპუბლიკელებს კი წარმომადგენელთა პალატაში ჰქონდათ უმრავლესობა, რამაც ხანგრძლივ ჩიხში ყოფნის და ძირითად საკითხებზე კონგრესის უმოქმედობის პირობები შექმნა.

მდგომარეობა იმდენად იმედგამაცრუებელი შეიქნა, რომ ზოგიერთმა კანონმდებელმა კონგრესიდან წასვლა გადაწყვიტა. მეინის შტატის წარმომადგენელმა, რესპუბლიკელმა სენატორმა ოლიმპია სნოუიმ გადაწყვიტა, 2012 წლის არჩევნებში მონაწილეობა აღარ მიეღო, იმდენად დაიღალა ორპარტიული დაპირისპირებით გამოწვეულ ჩიხში დგომით.

„აქ, ყველაზე მნიშვნელოვანი შემდეგი არჩევნებია. აქ ჩვენ არ ვფიქრობთ იმაზე, რომ პრობლემების გადასაჭრელად საუკეთესო კანონები შევიმუშავოთ. აქ პრობლემების გადაწყვეტა აღარ ხდება. ეს ყოველთვის პოლიტიკური ქულების მისაღებად ხდება.“

ვაშინგტონის პოლიტიკური ცხოვრების ძველი ექსპერტები აღნიშნავენ, რომ უწინ, კონგრესის წევრებს ერთმანეთთან და პრეზიდენტთან მეტი ურთიერთობა ჰქონდათ.

ამჟამად, სხვადასხვა პარტიების წარმომადგენელ კანონმდებლებს შორის ბევრად ნაკლები ურთიერთობა არსებობს. ვიქტორია კენედის ამის შეცვლა სურს. კენედი, აწ გარდაცვლილ დემოკრატ სენატორ, ტედ კენედის მეუღლე იყო.

„ვფიქრობ, ხალხმა ხმამაღლა უნდა თქვას, რომ ეს ის არაა, რასაც ჩვენი მთავრობისგან მოველით, ეს ის არაა, რასაც ჩვენს მიერ არჩეული წარმომადგენლებისგან მოველით და ჩვენ გვსურს, რომ თქვენ ერთმანეთთან უფრო მჭიდრო ურთიერთობა გქონდეთ.“

ყოფილი რესპუბლიკელი სენატორი მისისიპიდან, ტრენტ ლოტი ამბობს, რომ ერთმანეთთან ურთიერთობის გარდა სხვა რამაცაა საჭირო. ლოტი, ბილ კლინტონის პრეზიდენტობის დროს, სენატის რესპუბლიკური უმრავლესობის ლიდერი იყო და ბევრი პოლიტიკურ ბრძოლას იხსენებს. მაგრამ ის ამბობს, რომ პოლიტიკოსები დღეს უფრო მტკიცედ იცავენ საკუთარ ხედვებს და კომპრომისისთვის ნაკლებად არიან მზად, რაც ქვეყანას ვნებს.

„ამას სჭირდება რაღაცის მოგება და რაღაცის დათმობა. ჯიუტი ერთპარტიული მიდგომა, როცა აცხადებ, რომ ან ჩემი ნების მიხედვით მოხდება, ან საერთოდ არ მოხდება, და არაფერს არ გავაკეთებ თუ ჩემი გეგმით არ გავაკეთებთ, საკანონმდებლო ორგანოში ვერ იმუშავებს. საკუთარი პრინციპები უნდა დაიცვა, მაგრამ იმავდროულად პრაგმატიზმიც უნდა გამოიჩინო.“

ყოფილი რესპუბლიკელი კონგრესმენი ტეხასიდან ჰენრი ბონილა ამბობს: იმისათვის, რომ ვაშინგტონის არაქმედუნარიანობა ნამდვილად შეიცვალოს, ამერიკელები მეტად უნდა ჩაერთონ არჩევნებში და პოლიტიკურ პროცესში.

„ამერიკა, ამ ადამიანებს შენ აძლევ ხმას. სამწუხაროდ, ახლა ისინი გამოხატავენ ამერიკის განწყობას. ახლა ამერიკამ ნამდვილად უნდა გაიაზროს, თუ ადგილობრივ დონეზე როგორ დაეხმარნენ ვაშინგტონში ასეთი ვითარების შექმნას და სცადოს ამის გამოსწორება.“

XS
SM
MD
LG