შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის განცხადებით ვაშინგტონი მხარს უჭერს ფილიპინების უსაფრთხოებას, მაგრამ ვერ დაეხმარება მას პეკინთან დაპირისპირებაში სამხრეთ ჩინეთის ზღვის რაიონში.
ქალბატონმა კლინტონმა ეს განცხადება ვაშინგტონში ფილიპინების მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრისას გააკეთა.
მისი თქმით:“ მაშინ როდესაც ჩვენ არცერთ მხარეს არ ვემხრობით სამხრეთ ჩინეთის ზღვის სადაო ტერიტორიაზე, როგორც წყნარი ოკეანის აკვატორიის სახელმწიფო დაინტერესებულნი ვართ ამ რაიონში მშვიდობიანი ზღვაოსნობის განვითარებით საერთაშორისო კანონების შესაბამისად.“
შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის განცხადებით ვაშინგტონი ტერიტორიული დავის მშვიდობიან გადაწყვეტას უჭერს მხარს.
ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც პეკინმა სამხრეთ ჩინეთის საზღვაო აკვატორიაზე სრული კონტროლის დაწესება მოინდომა. ეს რაიონი ნავთობის და ბუნებრივი აირის სიმდიდრით არის ცნობილი.