ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თეთრი სახლი პალესტინელთა პრეზიდენტს მასპინძლობს


ბარაკ ობამა მაჰმუდ აბასთან ახლო აღმოსავლეთში სამშვიდობო პროცესის დაწინაურების შესაძლო გზებს განიხილავს

ობამამ დღეს თეთრ სახლში პალესტინელთა პრეზიდენტი მიიღო. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა მაჰმუდ აბასს მოუწოდა რთული და რისკიანი გადაწყვეტილებები მიიღოს, რათა ახლო აღმოსავლეთში სამშვიდობო პროცესები დაწინაურდეს. პრეზიდენტმა ობამამ ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსაც სთხოვა დაეჩქარებინა პალესტინელი ტყვეების გათავისუფლების პროცესი. ბოლო ჯგუფის გაშვება მარტის ბოლოსთვის იგეგმება.

პალესტინელთა სპიკერის -ახმედ ასაფის- განცხადებით, მისი მხარე არ სცნობს არანაირ პირობას, თუკი მათ სახელმწიფოს 1967 წელს არსებულ საზღვრებში არ აღიარებენ. ეს კი თავისთავად ქვეყნის დედაქალაქად იერუსალიმის აღმოსავლეთ ნაწილს გულისხმობს.

ისრაელის თავდაცვის მინისტრი მოშე იალონი მიიჩნევს, რომ მაჰმუდ აბასი არ არის ის ლიდერი, რომელიც კონფლიქტს დაასრულებს. მისი თქმით, პალესტინელთა პრეზიდენტი „არის ისეთი პარტნიორი, რომელსაც მხოლოდ წართმევა უნდა და სანაცვლოდ არაფერს გასცემს“.

გაეროს მანდატით მიმდინარე შვიდთვიანი სამშვიდობო მოლაპარაკება ჩიხში შევიდა და მის წარმატებით დასრულებასთან დაკავშირებით პესიმისტური ნოტები ისმის. პალესტინელთა პრეზიდენტთან შეხვედრამდე ორი კვირით ადრე პრეზიდენტი ობამა ისრაელის პრემიერ -ბენიამინ ნეთანიაჰუს- შეხვდა.
XS
SM
MD
LG