ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შეერთებული შტატების და ჩრდილოეთ კორეის ლიდერებს შორის დაგეგმილი შეხვედრა, შეერთებული შტატების ოფიციალური პირების თქმით, სწორი მიმართულებით მიდის. კიმ იანგ ჩოლი ჩრდილოეთ კორეის ყველაზე მაღალი თანამდებობის პირია, რომელიც შეერთებულ შტატებს ბოლო 18 წლის განმავლობაში ეწვია. სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოსთან მესამე შეხვედრის შემდეგ, ამერიკის მთავარმა დიპლომატმა განაცხადა, რომ მათ სერიოზულ პროგრესს მიაღწიეს.

პომპეომ თქვა: „ვიცე-თავმჯდომარე კიმ იანგ ჩოლი ახლა ვაშინგტონში გამგზავრებას გეგმავს, რათა თავმჯდომარე კიმ ჩენ უნის პირადი წერილი ადრესატს მიუტანოს. შეთავაზებული უმაღლესი დონის შეხვედრა პრეზიდენტ ტრამპს და თავმჯდომარე კიმს ისტორიულ შესაძლებლობას აძლევს იმისთვის, რომ შეერთებულ შტატებს და კორეის სახალხო დემოკრატიულ რესპუბლიკას მშვიდობის, აყვავების და უსაფრთხოების ახალი ეპოქისკენ გაუძღვნენ.“

ამავდროულად, ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ სანამ უმაღლესი დონის შეხვედრა შესაძლებელი გახდება, ვაშინგტონს სურს, რომ ჩრდილოეთ კორეამ ისტორიული ვალდებულება აიღოს. ხუთშაბათს, პრეზიდენტმა ტრამპმა ნაკლებად სავარაუდოდ მიიჩნია იმის შანსი, რომ ჩრდილოეთ კორეის მიერ, მის ყველა ბირთვულ იარაღზე უარის თქმის საკითხში გარღვევა მოხდება. ტრამპმა თქვა, რომ ბირთვული განიარაღების შეთანხმების დამტკიცებას, ორი ლიდერის ერთ შეხვედრაზე მეტი დასჭირდება.

საგარეო პოლიტიკის ანალიტიკოსები გაფრთხილებას გამოთქვამენ, რომ გამოწვევები კვლავ რჩება. დევიდ ოლბრაითი, მეცნიერების და საერთაშორისო უსაფრთხოების ინსტიტუტიდან ამბობს, რომ „ჯერ კიდევ შესასრულებელი რჩება გადამოწმების რთული სამუშაო, ჩასატარებელია ბირთვული განიარაღების პროცესი და დასახურია ბირთვული ობიექტები, გასარკვევია თუ რა რაოდენობის პლუტონიუმი და გამდიდრებული ურანი აქვთ მიღებული და საჭიროა ამის გადამოწმებაც.“

ოლბრაითი მოელის, რომ ჩრდილოეთ კორეა ბირთვულ პროგრამებს და იარაღს საკმაოდ სწრაფი ტემპით მოიცილებს, რათა ამის სანაცვლოდ, შეერთებული შტატებისგან დიდი დათმობები და უსაფრთხოების გარანტია მიიღოს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG