ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სუზან რაისი პრეზიდენტ ობამას მრჩეველი ხდება


ეროვნული უშიშროების საკითხებში მრჩევლის დანიშნვას სენატის მიერ დამტკიცება არ სჭირდება

გადადგა ტომ დონილონი, პრეზიდენტ ობამას მრჩეველი ეროვნული უშიშროების საკითხებში. მას შეერთებული შტატების ელჩი გაეროში, სიუზან რაისი შეცვლის. თეთრი სახლი აღნიშნულ საკადრო ცვლილებებს პრეზიდენტის მიერ მოგვიანებით დაგეგმილ, ოფიციალურ განცხადებამდე ადასტურებს. ტომ დონილონი საგარეო პოლიტიკის საკითხებში ამერიკის პრეზიდენტის ერთ-ერთი მთავარი მრჩეველი იყო. ის პოსტს სავარაუდოდ ივლისში დატოვებს.

სიუზან რაისი გასულ წელს სახელმწიფო მდივნის პოსტზე ჰილარი კლინტონის შემცვლელად მოიაზრებოდა. რესპუბლიკელი კანონმდებლები მას ბენღაზიში მომხდარ ტერაქტზე გაკეთებული რეაგირების გამო აკრიტიკებდნენ. მოგვიანებით, რაისმა სახელმწიფო მდივნის პოსტზე საკუთარი კანდიდატურა მოხსნა.

ეროვნული უშიშროების მრჩევლის დანიშნვას სენატის მიერ დამტკიცება არ სჭირდება. ამიტომ პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ხელს ამჯერად ვერაფერი შეუშლის. გაეროში კი რაისის პოსტზე, ოფიციალური წყაროების მიხედვით, ყოფილი ჟურნალისტის და პრეზიდენტ ობამას მრჩევლის, სამანტა პაუერის კანდიდატურა განიხილება.
XS
SM
MD
LG