ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შეერთებული შტატები ავღანეთიდან უკვე თითქმის სანახევროდ გამოვიდა


ავღანეთიდან შეერთებული შტატების გამოსვლა სიჩქარეს იკრებს. სამხედრო დამგეგმავები ამბობენ, რომ აშშ-ის შეიარაღებული ძალების და აღჭურვილობის თითქმის ნახევარი შინ გაგზავნეს, აღჭურვილობის ნაწილი კი გაანადგურეს.

სამშაბათს, აშშ-ს ცენტრალურმა სარდლობამ განაცხადა, რომ ჯარის გამოყვანა “30-44 პროცენტით” დასრულებულია და ექვსი სამხედრო ობიექტი ავღანეთის უსაფრთხოების ძალებს გადაეცა. მოსალოდნელია, რომ მომდევნო დღებში და კვირებში კიდევ მეტი ბაზის გადაცემა მოხდება.

“მომავალში მოველით ბაზების და სამხედრო ქონების დამატებით გადაცემას, რაც ავღანეთის ეროვნული თავდაცვის და უსაფრთხოების ძალებს დაეხმარება იმ დროს, როდესაც ისინი საკუთარი ქვეყნის დასაცავად და სტაბილიზაციისთვის მუშაობენ”- ნათქვამია ცენტრალური სარდლობის განცხადებაში.

განახლებული ცნობის თანახმად, აშშ-მ ავღანეთიდან მთლიანობაში “300 “სი-17” თვითმფრინავის ტვირთამწეობის ტოლფასი მასალა” გამოიტანა და აღჭურვილობის კიდევ 13 ათასი ერთეული გასანადგურებლად გაიგზავნა.

ჯერ კიდევ გასულ კვირაში, ცენტრალურმა სარდლობამ განაცხადა, რომ გამოყვანის პროცესი 25 პროცენტიან ნიშნულს მიუახლოვდა. ვაშინგტონში კანონმდებლების წინაშე გამოსვლისას, თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა თქვა, რომ გამოყვანა დადგენილ ტემპს “ოდნავ უსწრებდა”.

სამშაბათს, სააგენტო “ფრანს პრესმა” მოახდინა ავღანელი და ამერიკელი ოფიციალური პირების ციტირება, რომლებიც ამბობენ, რომ ბაგრამის ავიაბაზის ავღანეთის მთავრობისთვის გადაცემა მომდევნო 20 დღეში მოხდება.

გასულ კვირაში ცნობილი გახდა, რომ პენტაგონის მიერ 2022 ფინანსური წლისთვის შეთავაზებულ ბიუჯეტში, ავღანეთის ძალები ოდნავ გაზრდილ დაფინანსებას მიიღებენ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG