ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დემოკრატები წარმომადგენელთა პალატაში, სავარაუდოდ, უმრავლესობას მოიპოვებენ


სენატში რესპუბლიკელებმა იმაზე მეტი მანდატი მიიღეს, ვიდრე აქამდე ჰქონდათ და უმრავლესობის შენარჩუნება შეძლეს. თუმცა წარმომადგენელთა პალატაში, სავარაუდოდ, უმრავლესობას დემოკრატები მოიპოვებენ.

ვაშინგტონის დროით, ღამის ორი საათისთვის დემოკრატებს პალატაში 205 მანდატი აქვთ მოპოვებული, რესპუბლიკელებს - 189. მიუხედავად არც ისე დიდი განსხვავებისა, ანალიტიკოსების შეფასებით, მათ უკვე მოიგეს ე.წ. საეჭვო შტატები და დარჩენილი შტატების უმრავლესობაში ნაკლებ სავარაუდოა, რომ ძალთა ბალანსი შეიცვალოს.

6 ნოემბერს ამერიკაში შუალედურ არჩევნებზე შტატების მოქალაქეებმა 435-ივე კონგრესმენი და 100-დან 35 სენატორი აირჩიეს. 36 შტატში გუბერნატორის არჩევნებიც გაიმართა.

ანალიტიკოსების შეფასებითა და სხვადასხვა გამოკითხვაზე დაყრდნობით, სავარაუდო იყო, რომ წარმომადგენელთა პალატაში დემოკრატები უმრავლესობის მოპოვებას შეძლებდნენ. მათ ამისთვის არსებული მანდატების შენარჩუნებასთან ერთად, 23 მანდატის მოპოვება სჭირდებოდათ.

ამ დრომდე სენატის 100 წევრიდან 51 რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელი იყო, 47 - დემოკრატი, 2 კი დამოუკიდებელი სენატორი, რომლებიც ხმას ძირითადად ისე აძლევდნენ, როგორც დემოკრატები. წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელებს 238 მანდატი ჰქონდათ, დემოკრატებს კი -197.

ამერიკის შუალედურ არჩევნებში, როგორც წესი, წარმომადგენელთა პალატაში მმართველი პარტია ვერ იმარჯვებს და ხშირად არსებულ უმრავლესობასაც კარგავს. ამ დრომდე ჩატარებული 29 ასეთი არჩევნებიდან მმართველმა ძალამ წარმომადგენელთა პალატის უმრავლესობა 26-ჯერ დაკარგა. მისი შენარჩუნება კი მხოლოდ 1934, 1998 და 2002 წლებში მოხერხდა.

წელს, შუალედურ არჩევნებში უპრეცედენტოდ ბევრმა ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა. ბევრმა ამ არჩევნებს უკვე უწოდა "რეფერენდუმი ტრამპის წინააღმდეგ". არაერთი გამოკითხვის თანახმად, ბევრი მოქალაქე არჩევნებზე სწორედ "ტრამპის გამო" წავიდა: მისი პოლიტიკის მიმართ მხარდაჭერის ან წინააღმდეგობის გამოსახატად. პრეზიდენტი დაძაბული წინასაარჩევნო კამპანიის ცენტრალური ფიგურა იყო.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG