ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რატომ რთულდება ახალგაზრდების არჩევნებზე მიყვანა?


ეს შეიძლება იყოს ინდიფერენტულობა, მოუცლელობა, ეგოიზმი, განსხვავებული ინტერესები... მიზეზი ბევრია და ერთმანეთისგან განსხვავებული, მაგრამ შედეგი ერთი: 30 წლამდე ახალგაზრდების ჯგუფი ამომრჩეველთა ყველაზე დიდი ბლოკია ამერიკაში და ის მაღალი სამოქალაქო აქტივობით არ გამოირჩევა.

ახალგაზრდებს ხშირად ადანაშაულებენ მარგინალიზებაში და სამოქალაქო აქტივიზმისგან შორს დგომაში, მაგრამ არ უფიქრდებიან, რომ ეს თაობა დანარჩენებისგან მკვეთრად განსხვავდება. ე.წ. მილენიალები, ანუ ახალი, 21-ე საუკუნის ახალგაზრდობა, ყველაფრის ინტერნეტით კეთებას მიეჩვია. ამ დროს, მათ შეიძლება საფოსტო მარკა თვალითაც არ ჰქონდეთ ნანახი, ამბობს ქეი კაუაშიმა-გინსბერგი. ის მასაჩუსეტსის შტატში მდებარე ტაფტის უნივერსიტეტში, ინფორმაციის და კვლევის ცენტრს ხელმძღვანელობს. „ან კიდევ, მათ ისეთი მშობლები ყავთ, ყველაფერს რომ შვილების მაგიერ აკეთებენ“ - ამბობს ანალიტიკოსი.

კოლეჯის სტუდენტები დანარჩენ ახალგაზრდებთან ერთად, ამერიკელ ამომრჩეველთა 30 პროცენტს შეადგენენ. მაგრამ, 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ხმის მისაცემად მათი მხოლოდ ნახევარი მივიდა. ამ დროს, რამდენიმე გადამწყვეტ შტატში სულ ოდნავ მეტი ახალგაზრდა რომ მისულიყო, ანალიტიკოსების აზრით, არჩევნების შედეგები განსხვავებული იქნებოდა.

„ახალგაზრდები ხმის მიცემას უფრო გვიანდელ ეტაპზე იწყებენ, როცა ისინი ერთ ადგილზე ფუძნდებიან და გარკვეულ სტაბილურობას იძენენ“ - ამბობს პროფესორი კაუაშიმა-გინსბერგი. შესაძლოა ეს ამერიკული ცხოვრების სტილიდან გამომდინარეობდეს. ახალგაზრდები სკოლის, ან კოლეჯის დამთავრების შემდეგ, ხშირად იცვლიან საცხოვრებელ ადგილს და შტატიდან შტატში, დიდ მანძილებზე გადაადგილდებიან. ყველაფერს ართულებს ისიც, რომ მათ ხშირად კოლეჯში სწავლის გამო დიდი ვალები აქვთ, შესაბამისად დაოჯახებას და ერთ ადგილზე დაფუძნებასაც აგვიანებენ.

კითხვაზე, თუ რატომ არ მისცეს ხმა სასურველ კანდიდატს, პასუხად ბარიერების ჩამოთვლა იწყება, ყვება ტაფტის უნივესიტეტის სპეციალისტი. გარდა იმისა, რომ ისინი ლამის ყოველ წელს იცვლიან საცხოვრებელ ადგილს და შესაბამისად, სარეგისტრაციო ინფორმაციასაც, ახალგაზრდებს ხშირად ლოჯისტიკური პრობლემები აქვთ. მაგალითად, მათ ჯერ არ ჰყავთ მანქანა, რაც არაურბანულ დასახლებებში, საარჩევნო უბანზე მისასვლელად აუცილებელია.

ამას გარდა, ახალგაზრდებს უფრო ეშინიათ სამსახურიდან გათავისუფლება, რაც ასევე აუცილებელია ხმის მიცემისთვის. შეერთებულ შტატებში ხომ არჩევნები სამუშაო დღეს ტარდება. კიდევ ერთი პრობლემა: ახალგაზრდებს ხშირად არ აქვთ მართვის მოწმობა, ან სხვა აუცილებელი საიდენტიფიკაციო საბუთი, რომელსაც საარჩევნო უბანზე ითხოვენ.

ამერიკაში ხმის მიცემა წინასწარ, წერილობით, ფოსტით საშუალებითაც შეიძლება, თუკი არჩევნების დღეს უბანზე მისვლა შეუძლებელია. მაგრამ სწორედ ეს აბნევს, ე.წ. მილენიალებს, ამბობს პროფესორი კაუაშიმა-გინსბურგი. ისინი წერილის გაგზავნას მიჩვეული არ არიან და თითქმის ყველაფერს ინტერნეტით, ონლაინ-ტრანზაქციებით აგვარებენ.

ამავე აზრისაა პრინსტონის უნივერსიტეტის დეკანატის თანამშრომელი ალისონ ნაბატოვი. მისი თქმით, „სტუდენტების დიდი ნაწილი თანამედროვე ტექნოლოგიებსაა მორგებული, ყველაფერს ინტერნეტით აკეთებს, საბუთების მოწესრიგებით დაწყებული, ონლაინ-შოპინგით დამთავრებული, რაც ხშირად ერთი დაწკაპუნებით, სწრაფად ხდება“. მისი თქმით, ქაღალდებში ქექვა უკვე ბევრისთვის უკვე „ერთგვარი გამოწვევა“ ხდება.

„იმის მიუხედავად, რომ კოლეჯის სტუდენტები ძალიან გაგვაკრიტიკეს საპრეზიდენტო არჩევნებში ისტორიულად დაბალი აქტიურობისთვის, ყურადღება მაინც დიდად არავის გაუმახვილებია იმაზე, თუ რა რთულია კოლეჯის სტუდენტისთვის ბიულეტენების ყუთამდე მიღწევა“ - წერს მედელინ მარი, პრინსტონის უნივერსიტეტის მეორეკურსელი საუნივერსიტეტო გაზეთში Daily Princetonian.

ყველგან არა, მაგრამ ზოგ შტატში ხმის მიცემა ფაქსითაც შეიძლება. თუმცა, აქაც უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ ეს ტექნოლოგიაც მოძველებულია და ახალგაზრდების უმეტესობამ მისი არსებობის შესახებ უკვე აღარაფერი იცის.

დღემდე არ არის დაშვებული ხმის ინტერნეტით მიცემა. ონლაინ-რეგისტრაცია დაშვებულია, მაგრამ ხმის მიცემა - არა. ინტერნეტით არჩევნებში მონაწილეობა მარტო იმ შემთხვევაში შეიძლება, თუ ამერიკის მოქალაქე სამხედრო მოსამსახურეა და ქვეყანაში არ იმყოფება.

შტატების ადგილობრივ მთავრობებს ინტერნეტით ხმის მიცემის უსაფრთხოება ძალიან აშფოთებთ. ამიტომ, ამერიკის არც შუალედურ და არც საპრეზიდენტო არჩევნებში ინტერნეტით მონაწილეობა არც ამ ეტაპზე და არც უახლოეს მომავალში არ განიხილება.

სპეციალისტები იმედოვნებენ, რომ დაბრკოლებების მიუხედავად, ბევრი სოციალური პრობლემა, რომელიც ახალგაზრდების ცხოვრებაზე დიდ გავლენას ახდენს, მათ მეტ საარჩევნო აქტივობას გამოიწვევს. ასეთი შეიძლება იყოს ძალადობა ცეცხლსასროლი იარაღით, კლიმატური ცვლილებები და სხვა. კომპანიის CIRCLE ბოლო გამოკითხვა აჩვენებს, რომ 18-დან 24 წლამდე ახალგაზრდების 34 პროცენტს 6 ნოემბრის არჩევნებში მონაწილეობის მიღება სურს. ჰარვარდის უნივერსიტეტის გამოკითხვაში ეს მონაცემი კიდევ უფრო მაღალია და თითქმის 40 პროცენტს შეადგენს.

ანალიტიკოსები ე.წ. მილენიალების ასეთ გააქტიურებას ფლორიდის შტატის ქალაქ პარკლანდის სკოლაში მომხდარ მასობრივ მკვლელობას უკავშირებენ. ამ ფაქტის შემდეგ მთელი ამერიკის მასშტაბით ახალგაზრდების მასობრივი მსვლელობები მოეწყო, რომელმაც ახალგაზრდებს შორის ახალ ამომრჩეველთა რეგისტრაციის გააქტიურება გამოიწვია.

Facebook Forum

ტვიტერი

XS
SM
MD
LG