ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"ჯონსონისა და ჯონსონის" ვაქცინასთან დაკავშირებით ახალი გაფრთხილება ქვეყნდება


ამერიკის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ "ჯონსონისა და ჯონსონის" ვაქცინასთან დაკავშირებით ახალი გაფრთხილება გაავრცელა. ამჯერად საუბარია იშვიათ ნევროლოგიურ მდგომარეობასთან კავშირზე.

ფედერალურმა უწყებამ განცხადება ორშაბათს გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია, რომ მიღებულია პირველადი ცნობები 100-მდე ადამიანის შესახებ, რომელთაც ამ ვაქცინის მიღების შემდეგ ჯულიან-ბარის სინდრომი განუვითარდათ. FDA-ის თანახმად, ეს სინდრომი ვითარდება მაშინ, როდესაც იმუნური სისტემა ნერვულ უჯრედებს აზიანებს და კუნთების სისუსტეს და ზოგ შემთხვევაში პარალიზებას იწვევს. ამერიკაში ყოველ წელს ამ დიაგნოზს 3000-დან 6000-მდე ადამიანს უსვამენ.

მარეგულირებელი უწყების განმარტებით, იმ 100 ადამიანიდან, ვისაც ვაქცინის მიღების შემდეგ ჯულიან-ბარის სინდრომი განუვითარდა, 1 ადამიანი გარდაიცვალა, 95-ს კი ჰოსპიტალიზება დასჭირდა. შემთხვევების უმრავლესობა 50 წელზე ასაკოვან მამაკაცებს შორის დაფიქსირდა. სიმპტომები აცრიდან 2 კვირის შემდეგ ვლინდებოდა.

ამ ვაქცინით 12.8 მილიონი ადამიანია აცრილი და გართულების შემთხვევების რიცხვი მცირეა. თავად ამ ვაქცინით ამერიკაში აცრილთა რაოდენობაც თავისთავად მცირეა. თუმცა ფედერალური უწყება აცხადებს, რომ ვაქცინის უპირატესობა მკაფიოდ გადაწონის მის ცნობილ თუ შესაძლო რისკებს.

თუმცა "ჯონსონისა და ჯონსონის" ვაქცინის შესახებ კითხვები მარეგულირებელ უწყებებს აპრილშიც ჰქონდათ და პირველი გაფრთხილება სწორედ მაშინ გამოქვეყნდა, რადგან 50 წელზე ახალგაზრდა ქალებში სისხლის იშვიათ, მაგრამ სერიოზულ შედედებასთან დაკავშირებული პრობლემები დაფიქსირდა. სულ მცირე ერთი ადამიანი კი გარდაიცვალა.

ჯონს ჰოპკინსის მონაცემებით, მსოფლიოში ამჟამად კოვიდ-19-ის 187.3 მილიონი შემთხვევაა დაფიქსირებული, გარდაცვლილთა რიცხვი 4 მილიონს აჭარბებს. ამერიკა ორივე კატეგორიაში კვლავ პირველია - 33.8 მილიონი შემთხვევითა და 607 442 გარდაცვალებით.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG