ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჯანდაცვის ექსპერტები კონგრესს ჩვენებას მისცემენ


შეერთებული შტატების ჯანდაცვის სფეროს ოფიციალური პირები დღეს კონგრესის წინაშე წარდგებიან. ამას ფონად სდევს ქვეყნის სხვადასხვა ნაწილში კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევებისა და ჰოსპიტალიზაციის რაოდენობის სწრაფი ზრდა.


ექსპერტები წარმომადგენელთა პალატის ენერგიისა და ვაჭრობის კომიტეტის წინაშე წარდგებიან და კონგრესმენებს გააცნობენ საკუთარ აზრს იმაზე, თუ როგორ ართმევს თავს პანდემიას პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაცია. გამომსვლელთა შორის არის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორი ენტონი ფაუჩი.

ფაუჩი ერთ-ერთია სფეროს იმ ექსპერტებს შორის, რომელიც ამბობს, რომ ხალხი მეორე ტალღაზე არ უნდა იყოს კონცენტრირებული, რადგან ქვეყანა ჯერ პირველი ტალღიდან არ გამოსულა.

ბევრი შტატი იმ შეზღუდვებს ამსუბუქებს, რომელთა მიზანი ვირუსის გავრცელების შეჩერება იყო.

ტეხასის გუბერნატორი გრეგ აბოტი აცხადებს, რომ შეზღუდვების ხელახალი დაწესება მხოლოდ გამოუვალ სიტუაციაში მოხდება. ორშაბათს მან ასევე განაცხადა, რომ ვირუსი „მიუღებელი სისწრაფით“ ვრცელდება, თუმცა უარი თქვა ამ ეტაპზე ნიღბების ტარება სავალდებულოდ გამოეცხადებინა. ბოლო ორი კვირის განმავლობაში ტეხასი თითქმის ყოველდღიურად ახალი ინფიცირების რეკორდს ხსნის. ასევე მოიმატა ჰოსპიტალიზაციის შემთხვევებმა.

ლუიზიანაში, რომელიც ტეხასის მეზობელი შტატია, კოვიდ-19-ის შედეგად დღემდე 3,000-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა. შტატის გუბერნატორი ჯონ ბელ ედვარდსი ამბობს, რომ ამ ეტაპზე არსებულ შეზღუდვებს, რომლებსაც ვადა პარასკევს უნდა გასვლოდა, ძალაში ტოვებს.

ჰოსპიტალიზაციის შემთხვევბმა მოიმატა ჯორჯიის და კიდევ დაახლოებით ათ შტატში. დღემდე ამერიკაში კოვიდ-19-ის შედეგად 120 ათასზე მეტი ადამიანია გარდაცვლილი და 2.3 მილიონი დადასტურებული შემთხვევაა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG