ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

12 სექტემბერს მოსკოვის შეთანხმების 20 წლისთავია


12 სექტემბერს მოსკოვის შეთანხმების 20 წლისთავია

12 სექტემბერს მოსკოვის შეთანხმების 20 წლისთავია, რომელმაც დასავლეთ და აღმოსავლეთ გერმანიის გაერთიანებას დაუდო საფუძველი.

ამასთან დაკავშირებით „ამერიკის ხმის“ რუსული რედაქცია საერთაშორისო უსაფრთხოების ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელს ალექსეი ფენენკოს ესაუბრა.

1990 წლის 12 სექტემბერს ერთი წელიც კი არ იყო გასული ბერლინის კედლის დანგრევიდან, ამერიკის ხმა დაინტერესდა თუ რა პოლიტიკური სტატუსი ჰქონდა მაშინ გერმანიას?

ალექსეი ფენენკოს განცხადებით გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სუვერენიტეტი ბონის შეთანხმების საფუძველზე 1952 წელს აღსდგა. აღმოსავლეთ გერმანიას კი საბჭოთა კავშირმა 1958 წელს აღუდგინა დამოუკიდებლობა ოღონდ შეზღუდული სახით.

დასავლეთ გერმანიას არ ჰქონდა სამხედრო-პოლიტიკურ თემებზე რეფერენდუმის ჩატარების უფლება. არ შეეძლო გადაეწყვიტა საკუთარ ტერიტორიაზე მოკავშირეთა ჯარების ყოფნა არ ყოფნის საკითხი და გაეტარებინა დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკა. გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას ასევე აკრძალული ჰქონდა იარაღის გარკვეული სახეობების განვითარება, პირველ რიგში კი მასობრივი მოსპობის იარაღის შექმნა.

იმ პერიოდში განიხილებოდა გერმანიის გაერთიანების ორი ვარიანტი. რომლებიც 2+4-ის და 4+2-ის სახელით იყვნენ ცნობილნი. პირველი ვარიანტის მიხედვით გერმანელებს თავად უნდა გადეწყვიტათ ქვეყნის გაერთიანების საკითხი. მეორე ვარიანტის მიხედვით კი მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებულ 4 სახელმწიფოს უნდა მიეღო გადაწყვეტილება ამა თუ იმ ფორმით გერმანიის გაერთიანების შესახებ. საფრანგეთი და ბრიტანეთი მეორე ვარიანტს უჭერდნენ მხარს.

საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა მიტერანი საერთოდ წინააღმდეგი იყო გერმანიის გაერთიანების. ბრიტანეთის პრემიერი მარგარეტ ტეტჩერი კი კონფედერაციას უჭერდა მხარს. მაგრამ როდესაც ამერიკელებმა გორბაჩოვის ფორმულას 2+4-ს დაუჭირეს მხარი ისინიც იძულებულნი გახდნენ დათანხმებულიყვნენ გერმანიის გაერთიანებას.

გორბაჩოვის პროგერმანული პოზიცია იმით იყო განპირობებული, რომ მას მშვენივრად ესმოდა რომ ვარშავის ხელშეკრულების დღეები დათვლილი იყო და ნატოს პოზიციების შერყევა სურდა. თუმცა მოსკოვის ხელშეკრულებამ ბოლომდე არ აღადგინა გერმანიის სუვერენიტეტი. ერთ-ერთი შეზღუდვა სამშვიდობო ხელშეკრულების დადებამდე უცხო ქვეყნის ჯარების გერმანიიდან გაყვანის მოთხოვნაზე აკრძალვა იყო. როდესაც 1991 წელს გერმანიამ იუგოსლავიაში მიმდინარე მოვლენებზე დამოუკიდებელი პოლიტიკის გატარება დაიწყო და ხორვატიის და სლოვენიის სუვერენიტეტი აღიარა, საფრანგეთი და ბრიტანეთი სერიუზულად შეშინდნენ და მოკავშირეების დასმშვიდებლად ამერიკა იძულებული გახდა ბოსნიის კონფლიქტში ჩარეულიყო, რათა ნატოს ერთიანობა შეენარჩუნებინა.

საფრანგეთის და ბრიტანეთის შეშფოთება იმ გარემოებამაც გამოიწვია, რომ გერმანიას ფაქტიურად ყველანაირი საშუალება გააჩნია ატომური ბომბის შესაქმნელად. მართალია გერმანიამ ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, მაგრამ ის ამავე დროს გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრად გასვლას ცდილობს. გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრები კი ბირთვული იარაღის მქონე სახელმწიფოები არიან. ამასთან ერთად გერმანიის ბუნდესტაგმა მიიღო გადაწყვეტილება რომ დაიწყოს გერმანიის ტერიტორიიდან ამერიკული ტაქტიკური ბირთვული იარაღის გატანის საკითხზე დებატები.

ალეკსეი ფენენკოს აზრით გერმანია დაინტერესებულია რუსეთთან მეგობრული ურთიერთობით, რადგან ყველაფერი იმაზე მიანიშნებს რომ მოსკოვი არ იქნება გერმანიის სრული სუვერენიტეტის წინააღმდეგი.

XS
SM
MD
LG