ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკა-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის შინაარსი


ჯონ კერი და მიხეილ ჯანელიძე

ამერიკის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ზაფხულში ეწვევა. ამის შესახებ მან ვაშინგტონში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძესთან შეხვედრის დროს განაცხადა.

„ცალსახად ვაცხადებ, რომ შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. გვჯერა, რომ დამოუკიდებელი, ერთიანი და წარმატებული საქართველო კავკასიის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობისთვის აუცილებელია. ჩვენ ასევე ძალიან ვაფასებთ საქართველოს მნიშვნელოვან როლს და მის კონტრტერორისტულ ძალისხმევას ავღანეთში, რაც რეგიონისთვის არსებითი მნიშვნელობისაა. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს და მის ინტეგრაციას როგორც შეერთებულ შტატებთან, ასევე ევროპასთან,“ განაცხადა კერიმ.

საქართველოს მთავარმა დიპლომატმა ამერიკას მადლობა გადაუხადა უწყვეტი თანადგომისთვის და დასძნა, რომ საქართველოს წარმატება ბევრ სფეროში სწორედ ამერიკასთან სტრატეგიულ პარტნიორობას უკავშირდება.

“ეს ნამდვილი მეგობრობაა, რომელიც საერთო ღირებულებებსა და ინტერესებს ეფუძნება. ჩვენ ვაგრძელებთ ერთობლივ მუშაობას და მადლიერები ვართ იმ თანადგომისთვის, რომელსაც შეერთებული შტატები და ამერიკელი ხალხი გვიწევს პროგრესის მისაღწევად, რომელიც დღემდე გვაქვს სახეზე,” განაცხადა მინისტრმა.

სტრატეგიული პარტნიორობის რეალური შინაარსი

პოლიტოლოგი ზაალ ანჯაფარიძე მიიჩნევს, რომ ოთხი წლის წინ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ამერიკა-საქართველოს ურთიერთობები, ძირითადად, “ინერციით ვითარდება, რომელიც ურთიერთობებისთვის წარსულში შეიქმნა.” მისივე თქმით, ამერიკის სახელმწიფო მდივნის თბილისში ვიზიტი “მნიშვნელოვანი სიგნალი” იქნება, განსაკუთრებით, იმის გათვალისწინებით, რომ ეს ვიზიტი ოქტომბერში დანიშნულ საპარალმენტო არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე შედგება.

“უკანასკნელი ოთხი წლის განმავლობაში, რა თქმა უნდა, შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის სტრატეგული პარტნიორიბის მიმართულებით დრამატული უკუსვლა არ ყოფილა,” ამბობს ანჯაფარიძე. თუმცა, დასძენს, რომ “ყველასათვის ცნობილი საიდუმლო” ის არის, რომ ახლო სტრატეგიულ ურთიერთობებში იგულისხმება რაღაცა უფრო ღრმა, მათ შორის, ურთიერთნდობა, პერსონალური კონტაქტები, ურთიერთობის ისეთი ასპექტები, რომლებსაც დოკუმენტებში ვერ გაწერ. “ზუსტას ეს არის, ჩემი აზრით, ის, რაც ორმხრივ უერთიერთობებს დღეს აკლია,” ამბობს ექსპერტი.

ანჯაფარიძე ვარაუდობს, რომ ამერიკის მმართველ წრეებში საქართველოს მთავრობის მიმართ გარკვეული უნდობლობა არსებობს. ამის ერთი მაგალითი ამერიკის ეროვნული დაზვერვის დირექტორის ჯეიმს კლაპერის მიერ 9 თებერვალს გამოქვეყნებული “საგარეო საფრთხეების შეფასების” ყოველწლიური ანგარიშია. ამ მნიშნველოვან სახელმწიფო დოკუმენტში ნათქვამია, რომ დასავლეთთან დაახლოების ტემპის შენელებამ და “მზარდმა და ეფექტურმა რუსულმა პროპაგანდამ” შესაძლებელი გახადა იმის ალბათობა, რომ თბილისმა ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე სვლა შეწყვიტოს.

“საქართველოს მთავრობას უფრო აქტიური ურთიერთობა უნდა ჰქონდეს ამერიკის სხვადასხვა ინტერესთა ჯგუფებთან და გავლენიან წრეებთან. ასევე უნდა მოახდინოს საკომუნიკაციო არხების დივერსიფიცირება,” განაცხადა ანჯაფარიძემ.

“გარკვეული ვარდნა” ურთიერთობებში?

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი კორნელი კაკაჩია ამბობს, რომ ამერიკა-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოს განვითარებისთვის “უმნიშვნელოვანესი ფაქტორია.” თუმცა დასძენს, რომ ურთიერთობებში უკანასკნელი რვა წლის განმავლობაში, გარკვეული ვარდნა შეინიშნება.

კაკაჩიას მიაჩნია, რომ ეს ამერიკის ადმინისტრაციის ზოგად პოლიტიკას უკავშირდება პოსტ-საბჭოური სივრცის მიმართ. ბარაკ ობამას ადმინისტრაციამ “რიალ-პოლიტიკის” მიდგომა არჩია, რაც იმას ნიშნავს, რომ ამერიკის პოლიტიკა პრაქტიკულ საჭიროებებზე დაყრდნობით ჩამოაყალიბა. ჯორჯ ბუში უმცროსის ადმინისტრაციასთან შედარებით, კაკაჩიას მიაჩნია, რომ ობამას მმართველობის დროს საქართველომ “პრიორიტეტულობა დაკარგა.”

ამასთან ერთად, საქართველოში 2012 წელს ხელისუფლებაში მოსულმა “ქართულმა ოცნებამ” ვერ შეძლო საკუთარი შიდა პოლიტიკური შეხედულებებისა და პრინციპების ჩამოყალიბება, აცხადებს კაკაჩია. მისივე აზრით, იგივე ეხება საქართველოს პოლიტიკას სხვა პარტნიორ ქვეყნებთან, როგორიცაა უკრაინა, აზერბაიჯანი და თურქეთი.

კაკაჩია ამის მიზეზად, გარკვეულწილად, “ქართული ოცნების” წინასაარჩევნო პლატფორმას ასახელებს, რომლის თანახმადაც საქაართველო აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის განხეთქილების მიზეზი არ უნდა იყოს.

“ინერციად შეიძლება ის დავასახელოთ, რომ ამერიკა-საქართველოს ურთიერთობების დინამიკა შენარჩუნებულია, მაგრამ ამ ურთიერთობის ახალ სიმაღლეზე გადაყვანა ვერ მოხერხდა. “ქართულმა ოცნებამ” ვერ შეძლო ვაშინგტონისთვის მკაფიოდ დაენახვებინა საკუთარი ინტერესები და მიზნები. ამერიკის საექსპერტო წრეებში ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ წინა ხელისუფლების დროს ამერიკისთვის ცხადი იყო რა სურდა საქართველოს მთავრობას და რა სახის დახმარებას ითხოვდა ის შეერთებული შტატებისგან,” ამბობს პოლიტოლოგი.

კაკაჩიას მიაჩნია, რომ საბოლოო ჯამში, ეს გაურკვევლობა ამერიკის რიტორიკაზე აისახა. მაგალითად, ამერიკაში საუბრობენ უკრაინის კრიზისზე, რომელიც ძალიან ჰგავს საქართველოს პრობლემებს, მაგრამ საქართველოზე უფრო და უფრო ნაკლებად ისმის საუბარი. პოლიტოლოგის აზრით, ეს იმას უკავშირდება, რომ ამერიკაში საქართველოს თემა აღარ მაჩნიათ საკითხად, რომლის წამოწევაც ღირს. “ჩემი აზრით, ეს საქართველოსთვის წამგებიანი პოზიციაა,” ამბობს კაკაჩია.

მასალა "ამერიკის ხმის" რუსული რედაქციის ჟურნალისტმა ნესტან ჩარკვიანმა თბილისში მოამზადა.

XS
SM
MD
LG