ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

2016 წელი: აშშ და საქართველო


გიორგი კვირიკაშვილი და ჯო ბაიდენი
გიორგი კვირიკაშვილი და ჯო ბაიდენი

საქართველო-ამერიკას შორის 2016 წლის მანძილზე გამართულ შეხვედრებს შორის ყველაზე მნიშვნელოვანი, სახელმწიფო მდივნის ჯონ კერის ვიზიტი იყო, რომელიც NATO-ს ვარშავის სამიტის წინ გაიმართა. ამ წლის მანძილზე, თბილისსა და ვაშინგტონს შორის რამდენიმე მაღალი დონის შეხვედრა შედგა. საქართველოს პრეზიდენტი და პრემიერი აშშ-ის დედაქალაქს ეწვივნენ. მნიშვნელოვანი იყო ამერიკის რესპუბლიკური და დემოკრატიული პარტიების მიერ საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე წარდგენილი სადამკვირვებლო მისიები და მათ შეფასება.

ამერიკის ხმა გთავაზობთ ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების კუთხით, 2016 წელს გადადგმულ ნაბიჯების და პოლიტიკურად მნიშვნელოვანი შეხვედრების მოკლე მიმოხილვას.

მაიკლ კარპენტერის ვიზიტი

2016 წლის მიწურულს, ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნის მეორე მოადგილე, რუსეთის, უკრაინისა და ევრაზიის საკითხებში, მაიკლ კარპენტერი, თბილისს ეწვია. მისი განცხადებით, აშშ მომავალ წელსაც დაეხმარება საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლებაში. კარპენტერი პრემიერსა და პრეზიდენტს შეხვდა. მაიკლ კარპენტერის პრეზიდენტ მარგველაშვილთან შეხვედრის დროს, რომელსაც ასევე უშიშროების საბჭოს მდივანი და პრეზიდენტის მრჩევლები დაესწრნენ, ხაზი გაესვა შავი ზღვის აუზში უსაფრთხოების გაძლიერების მნიშვნელობას და რეგიონში საქართველოს, როგორც განსაკუთრებული პარტნიორის როლს. ვიზიტის ბოლოს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტს შორის უსაფრთხოების სფეროში 2016-2019 წლებისთვის ჩარჩო ხელშეკრულება გაფორმდა.

საქართველოს ახალი ელჩი ვაშინგტონში

2016 წლის ოქტომბერში, საქართველოს პრეზიდენტმა აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად დავით ბაქრაძე დანია. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ის ფიქრობს დავით ბაქრაძეს „გააჩნია ყველა ის თვისება, რაც განაპირობებს მის მომავალ წარმატებას“. დავით ბაქრაძე არჩილ გეგეშიძეს ჩაანაცვლებს. ბაქრაძეს, ელჩად დამტკიცებამდე, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პოსტი ეკავა.

2016 წლის საპარლამენტო არჩევნები

ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, თეთრმა სახლმა საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები შეაფასა, როგორც დასტური იმისა, რომ საქართველო რეგიონში დემოკრატიული რეფორმების კუთხით, ლიდერია. თეთრი სახლის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა განაცხადა, რომ „პოლიტიკური სპექტრის ლიდერებმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს, როდესაც საკუთარ მხარდამჭერებს მოუწოდებდნენ თავშეკავებისკენ, რის გამოც ქართველ ამომრჩეველს ჰქონდა საშუალება, რომ თავისუფლად მიეღო გადაწყვეტილება“.

საპარლამენტო არჩევნებს აკვირდებოდნენ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) და საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI). IRI-ის შეფასებით საქართველოში საპარლამენტო არჩევნებმა, ძირითადად წყნარ და მშვიდ გარემოში ჩაიარა. IRI-ს განცხადებით, ადგილი ქონდა დარღვევებს, თუმცა არჩევნებმა ასახა ხალხის ნება. NDI-ის სადამკვირვებლო მისიამ აღნიშნა, რომ საჭიროა ძალადობის ფაქტების გამოძიება, რომ მთავრობის ლეგიტიმაციის საკითხი არ დადგეს ეჭვქვეშ.

რეზოლუცია აშშ-ის კონგრესში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდასაჭერად

2016 წლის 15 ივლისს აშშ-ს კონგრესში, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო. რეზოლუცია გმობს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციას და მოუწოდებს მოსკოვს, უარი თქვას ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობის აღიარებაზე და პოლიტიკაზე, რომელიც საქართველოს სუვერენიტეტს აზიანებს. რეზოლუცია ასევე მოუწოდებს მოსკოვს, შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის შეთანხმებით აღებული ვალდებულებები.

რეზოლუციას მოგვიანებით, კონგრესმა უყარა კენჭი. ის საქართველოს მეგობართა ჯგუფის და ჯგუფის თანათავმჯდომარეების, ტედ პოსა (რ-ტეხასი) და ჯერალდ კონოლის (დ-ვირჯინია) მიერ იქნა ინიცირებული. რეზოლუციას კონგრესის 410 წევრმა მხარი დაუჭირა.

ნატოს ვარშავის სამიტი

ვარშავის სამიტზე, პრეზიდენტმა ობამამ განაცხადა, რომ აშშ გააგრძელებს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლებას. მან ისაუბრა იმაზე, რომ ალიანსი გაზრდის მხარდაჭერას საქართველოს და სხვა სტრატეგიული პარტნიორებისთვის.

„ვაპირებთ უფრო მეტის გაკეთებას, იმისთვის, რომ დავეხმაროთ ჩვენს პარტნიორებს ჩრდილოეთ აფრიკიდან ახლო აღმოსავლეთამდე და საქართველომდე, თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებაში", - განაცხადა ბარაკ ობამამ.

ვარშავის სამიტზე საქართველომ მიიღო კიდევ ერთი დადასტურება, რომ ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც საქართველო გახდება NATO-ს წევრი, ძალაშია. NATO სამიტის ფარგლებში, NATO-საქართველოს კომისიის პირველი სხდომა გაიმართა, რის შემდეგაც საქართველოსა და NATO-ს ერთობლივი დეკლარაცია გამოქვეყნდა. დეკლარაციაში ნათქვამია, რომ „როგორც არსებული, ასევე ახალი ინიციატივების მიზანია ალიანსთან საქართველოს თავდაცვის შესაძლებლობების და თავსებადობის გაძლიერება. აღნიშნული ინიციატივები ასევე ეხმარება საქართველოს, როგორც ასპირანტ ქვეყანას, წინ წაიწიოს გაწევრიანების მზადების პროცესში”.

სახელმწიფო მდივნის, ჯონ კერის ვიზიტი საქართველოში

2016 წლის ივლისში, ნატოს ვარშავის სამიტამდე ორი დღით ადრე სახელმწიფო მდივანი თბილისში ჩავიდა, სადაც პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან ერთად, ამერიკა-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის სხდომა გამართა. საქართველომ და ამერიკამ თანამშრომლობის გაღრმავების მემორანდუმს მოაწერეს ხელი ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში, რომელსაც საფუძველი 2009 წელს დაედო.

„მე ძალიან კარგად მესმის ის გამოწვევები, რომელთა წინაშეც საქართველო დგას და ჩვენ ვამაყობთ, რომ წვლილი შეგვაქვს თქვენ მიერ, თქვენი ქვეყნის მომავლის განსაზღვრაში. დღესდღეობით ამერიკის შეერთებული შტატების წვლილი 4,5 მილიარდ დოლარს შეადგენს, აღსანიშნავია ჩვენი დაუღალავი მუშაობა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის ისეთ მნიშვნელოვან კომპონენტზე, როგორიცაა თავდაცვა. მოხარული ვარ, რომ საქართველოს ვეწვიე ნატოს ვარშავის სამიტის წინ. რადგან, კარგად მესმის, რომ ალიანსში გაწევრიანება თქვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია. ჩვენ ვაღიარებთ თქვენ მიერ განხორციელებულ რეფორმებს“, - განაცხადა სახელმწიფო მდივანმა.

ეკონომიკური თანამშრომლობა

2016 წლის პირველ სამ კვარტალში, აშშ-დან საქართველოში 16 მილიონი დოლარის ოდენობის პირდაპირი ინვესტიცია შემოვიდა. 2016 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოს ექსპორტმა აშშ-ში 64 მილიონი დოლარი შეადგინა, ხოლო იმპორტმა 188 მილიონი.

2016 წელს ამერიკამ, დახმარების სახით საქართველოს 77 მილიონი დოლარი გამოუყო. 2017 წელს ვაშინგტონი საქართველოსთვის 90 მილიონი დოლარის დახმარებას გასცემს. დახმარების 28% დემოკრატიის განმტკიცებას, ადამიანის უფლებების დაცვას და მმართველობის გაუმჯობესებაზე დაიხარჯა, ხოლო 32% - უსაფრთხოების და მშვიდობის საკითხებზე. რაც შეეხება ეკონომიკურ განვითარებას, ამ კუთხით დახმარების 28% იყო გათვალისწინებული.

ამავე წლის ოქტომბერში, ვაშინგტონში, ამერიკა-საქართველოს ბიზნეს საბჭოს მიერ ორგანიზებული „აბრეშუმის გზის“ კონფერენცია გაიმართა. აღნიშნულ კონფერენციაზე, დამსწრეებმა საქართველოს ეკონომიკურ პოტენციალზე ისაუბრეს და ხაზის გაუსვეს „აბრეშუმის გზის“ პროექტის მნიშვნელობას საქართველოსთვის. კონფერენციას საქართველოს ოფიციალური პირები, ამერიკის ბიზნეს წრეების წარმომადგენლები და ეკონომიკის და პოლიტიკის ანალიტიკოსები ესწრებოდნენ.

პრემიერი ვაშინგტონში

2016 წლის აპრილში, საქართველოს პრემიერ მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი ვაშინგტონში ვიზიტით ჩავიდა, ეს მისი პირველი ვიზიტი იყო პრემიერის რანგში. კვირიკაშვილი ვიცე-პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს შეხვდა. როგორც საქართველოს მთავრობის განცხადებაშია ნათქვამი, მხარეებმა „ხაზი გაუსვეს შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა თავდაცვისა და უსაფრთხოების, ასევე ეკონომიკურ სფეროში არსებულ თანამშრომლობასა და შემდგომ ნაბიჯებზე”.

პრემიერი ასევე შეხვდა სენატორებს, მათ შორის, ჯონ მაკკეინს, მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელებს. პრემიერი ამასთანავე, სხვადასხვა უნივერსიტეტს ესტუმრა, სადაც ის სტუდენტების წინაშე სიტყვით გამოვიდა.

მეორე ვიზიტით, ვაშინგტონს პრემიერი სექტემბერში ესტუმრა. ის ბარაკ და მიშელ ობამას მიერ გამართულ მიღებას დაესწრო და შემდგომ ნიუ-იორკში, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოვიდა. გაეროს გენერალურ ასამბლეაზე, საკუთარ გამოსვლაში პრემიერმა ყურადღება გაამახვილა რუსეთის ოკუპაციაზე, ცვლილებებზე საქართველოში და ისაუბრა სამომავლო გეგმებზე. მისი თქმით, საქართველომ განახორციელა სასამართლო სისტემის რეფორმა, და აღმოიფხვრა „ხელისუფლების წარმომადგენელთა თუ თანამდებობის პირთა დაუსჯელობა“.

ნოემბერში, ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის ფარგლებში, პრემიერი, სახელმწიფო მდივნის მოადგილეს, ენტონი ბლინკენს შეხვდა. ბლინკენმა კვირიკაშვილთან შეხვედრაზე ხაზი გაუსვა საქართველოში დამოუკიდებელი მართლმსაჯულების და ოპოზიციის მნიშვნელობას.

პრეზიდენტი ვაშინგტონში

2016 წლის აპრილში, საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი, ბირთვული უსაფრთხოების სამიტს დაესწრო. ეს ვაშინგტონში, პრეზიდენტის რანგში, მისი მეორე ვიზიტი იყო. საქართველოს დამოუკიდებლობის რეფერენდუმის აღდგენის 25-ე წლისთავზე, ვაშინგტონში ვიზიტით მყოფი საქართველოს პრეზიდენტი, პოლიტიკური მეცნიერებების და საერთაშორისო ურთიერთობების რამდენიმე ასეულ სტუდენტს, ჯორჯ ვაშინგტონის სახელობის უნივერსიტეტში შეხვდა.

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ ჩვენი ადგილი ევროპის კავშირსა და ჩრდილო-ატლანტიკურ ორგანიზაციაშია და მივილტვით ამისკენ. ეს ჩვენი საზოგადოებისთვის და პოლიტიკოსებისთვის რთული გზა იყო... ახლა ჩვენ შედარებით ფუნქციონირებადი დემოკრატია ვართ, ვართ დემოკრატია, სადაც მთავრობა არჩევნებით იცვლება”, - განაცხადა მარგველაშვილმა.

საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი

მარტში, მიხეილ ჯანელიძე ვაშინგტონს ეწვია, სადაც ის სახელმწიფო მდივანს ჯონ კერის შეხვდა. ჯონ კერიმ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ვაშინგტონი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ძალისხმევას, რომელიც მიმართულია აშშ-სთან და ევროპასთან კიდევ უფრო მჭიდრო ინტეგრაციისკენ. მიხეილ ჯანელიძემ ამერიკელ კოლეგასთან ერთად, აღნიშნა რომ მას იმედი აქვს „საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობები კვლავ შეასრულებს რეგიონული ეკონომიკური განვითარების, დემოკრატიული პროგრესისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის საყრდენის როლს როგორც რეგიონში, ისე მის ფარგლებს მიღმა“.

XS
SM
MD
LG