ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

“ბედის ნამცხვრის“ საცხობი ბედზე მინდობას არ აპირებს


“ბედის ნამცხვრის“ საცხობი ბედზე მინდობას არ აპირებს
“ბედის ნამცხვრის“ საცხობი ბედზე მინდობას არ აპირებს

სიეტლის უცხოელი ემიგრანტებით დასახლებულ უბანში ფუსფუსი დილაადრიანად იწყება. საწარმო „სიუ ჩონგთან“ ათობით მანქანა ერთდროულად იყრის თავს.

საწარმოს მეპატრონე ტიმ ლუ ოთხ რიგად მდგარ მანქანებს გვაჩვენებს, რომლებსაც საავარიო გაჩერების სიგნალები აქვთ ანთებული. და ამბობს, რომ რიგების მიუხედავად ისინი სწრაფად იტვირთებიან და დაახლოებით 5 წუთში ადგილს შემდეგ მანქანას უთმობენ.

„სიუ ჩონგი“ პირველად 1917 წელს ამერიკაში ჩინეთიდან ემიგრირებულმა ტიმის დიდმა ბაბუამ გახსნა. კომპანიის მთავარი მოგება ატრიის წარმოებაა. თუმცა „სიუ ჩონგს“ მთელი სიეტლი უფრო „ბედის ნამცხვრით“ იცნობს. ქალაქის ჩინური რესტორნების და კაფეების უმეტესობა ორცხობილას ტიმთან ყიდულობს.

ალან სიდელი საწარმოდან სულ რამდენიმე წუთის სავალზე ჩინურ რესტორან „ჯეიდ გარდენში“ დიმ-სამს მიირთმევს. ალანი ამბობს, რომ ამ ინტერნაციონალურ უბანში მთელი ცხოვრებაა დადის. „სიუ ჩონგის“ საწარმო კი მისი ბავშვობის და ახალგაზრდობის განუყოფელი ნაწილია.

„მაშინ შუშის კარები ჰქონდათ. თავისუფლად შეგეძლო შიგნით შესვლა და ყურება, თუ წრიული მოძრაობით როგორ ზელდნენ მანქანები „ბედის ნამცხვრის“ ცომს და შემდეგ მცხობელები თავად როგორ დებდნენ ხელით პაწაწინა ფურცელს თითოეულ ორცხობილაში“.

„ბედის ნამცხვარი“ ამერიკაში ჩინური სამზარეულოს უცვლელი ატრიბუტი გახდა. ვაფლისმაგვარ ცომში შეკრულ ორცხობილას რომ გატეხავთ, ფურცელზე დაბეჭდილ წინადადებას იპოვით. ზოგი მას ერთგვარ ბედის წინასწარმეტყველებად აღიქვამს. უმრავლესობას კი მიაჩნია, რომ ეს უბრალოდ საინტერესო ჩინური სიბრძნეა. ანდაზები როგორც წესი მოკლეა, მაგრამ მეტყველი და ცოტა დასაფიქრებელიც. მაგალითად: „კარგი რამ ცხოვრებაში მხოლოდ თვალით უხილავი შეფუთვით მოდის“, ან კიდევ: „მიიღე შემდეგი წინადადება, რომელსაც შემოგთავაზებენ და არ ინანებ“.

არავინ იცის საიდან მოდის „ბედის ნამცხვრის“ იდეა. ზოგიერთი მათ გამოგონებას მე-13 საუკუნის დროინდელ მონღოლთა შემოსევის პერიოდს მიაწერს. ერთ-ერთი იაპონელი მეცნიერი თვლის, რომ ის კიოტოში, იაპონურ ქალაქში გამოიგონეს. თავად ტიმ ლუ, საწარმოს მეპატრონე ხუმრობით ამბობს, რომ ისინი სან ფრანცისკოში შეიქმნა. ასეა თუ ისე, „ბედის ნამცხვარი“ მისი საწარმოს მოგების მეოთხედს აღემატება.

საწარმო დღის განმავლობაში მთელი დატვირთვით მუშაობს. ყველაფერი მეოთხე სართულზე ხდება. ვათვალიერებთ ატრიის იარლიყებს: ბრინჯის ატრია, შერეული ფქვილის ატრია და ა. შ. ტიმი გვიხსნის, რომ ატრია ძირითადად მსუყე ცხიმში იხრაკება, ისევე როგორც ამერიკული დონატები. შემდეგ კი მეორე ოთახში ეს წვრილი მაკარონისმაგვარი ცომი ხის მორებზე კიდია და შრება. 18 საათის გამოშრობის შემდეგ ატრია მზად არის, ამბობს ტიმი.

„ბედის ნამცხვრის“ საამქროში შევდივართ.

„დასაწყისისთვის ექვსი მთავარი პროდუქტი გვჭირდება. ეს ბებიაჩემის რეცეპტია. პურის ფქვილი, შაქარი, ვანილი, წყალი, კვერცხი და ქოქოსის ცხიმი. ცომი თხელი უნდა იყოს, ისე, როგორც ბლინის ან ფრანგული კრეპის“ - გვიხსნის ტიმი.

ფურცლის ცომში ჩადება უკვე ავტომატიზირებულია. ვაკუუმის მეშვეობით ზემოდან ჩამოშვებული მილი ლანგარიდან ორცხობილას იღებს და შიგნით ფურცელს დებს. ეკონომიკური კრიზისის პერიოდში ცოტა შევჩერდით, მაგრამ დღეს ჩემი ბიზნესი ძველებურად კარგად მიდის, ამბობს ტიმი. საწარმო წელიწადში საშუალოდ 30 მილიონ ორცხობილას აცხობს.

რამდენიმე წლის წინ „სიუ ჩონგი“ გაბანკროტებას იმით გადაურჩა, რომ ატრიების გაყიდვა პირდაპირ საცხობიდან დაიწყო. ხალხი მაშინ რესტორნებში ნაკლებად დადიოდა და სადილს უმეტესად სახლში ამზადებდა. ტიმი ამბობს, რომ აღარ უნდა ბედზე მინდობა, მას სურს ახალ ტექნოლოგიებში ინვესტიციით წარმოების პროცესი კიდევ უფრო მეტად ეფექტური გახადოს, თან მომსახურების ტერიტორიაც გააფართოვოს და ახალი კლიენტურა მოიზიდოს.

XS
SM
MD
LG