ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვაშინგტონი და ევროპელი ლიდერები, რუსული აგრესიის წინააღმეგ


აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ევროპელ ლიდერებთან ვირტუალურ შეხვედრას მართავს. თეთრი სახლი, 24 იანვარი, 2022.
აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ევროპელ ლიდერებთან ვირტუალურ შეხვედრას მართავს. თეთრი სახლი, 24 იანვარი, 2022.

რუსეთი აცხადებს, რომ “უდიდესი შეშფოთებით” ადევნებს თვალს აშშ-ის გადაწყვეტილებას. აღმოსავლეთ ევროპაში შესაძლო განლაგების მიზნით, ვაშინგტონი 8 500 ჯარისკაცს "მაღალ მზადყოფნაში" აყენებს.

კრემლის სპიკერმა, დმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებთან საუბრისას კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ შეერთებული შტატები რუსეთ-უკრაინის საზღვარზე არსებულ კრიზისში, დაძაბულობას კიდევ უფრო აღმავებს.

უკრაინაში რუსეთის შეჭრის მიმდინარე საფრთხეები, პრეზიდენტმა ბაიდენმა ორშაბათს, ევროპელ ლიდერებთან გამართულ ვირტუალურ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ განიხილა.

“მე მქონდა ძალიან, ძალიან, ძალიან კარგი შეხვედრა - სრული ერთსულოვნება ყველა ევროპელ ლიდერთან” - ასე შეაფასა ჟურნალისტებთან საუბრისას, პრეზიდენტმა ბაიდენმა, ევროპელ ლიდერებთან, ევროკავშირისა და ნატოს წარმომადგენლებთან გამართული ონლაინ შეხვედრა.

“რუსეთის მზარდი მტრობის ფონზე, ლიდერები საერთაშორისო ერთობის მნიშვნელობაზე შეთანხმდნენ” – ასე აფასებს გამართულ შეხვედრას ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის ოფისი.

პრეზიდენტ ბაიდენს ჯერ არ გადაუწყვეტია, განალაგებს თუ არა ამერიკის სამხედრო ტექნიკას და პერსონალს რუსეთთან ახლოს. მაგრამ, თეთრი სახლის პრესმდივანმა, ჯენ საკიმ, ევროპელ ლიდერებთან პრეზიდენტის შეხვედრის წინ განაცხადა, რომ თეთრი სახლი ყოველთვის მზად იყო, „მხარი დაეჭირა აღმოსავლეთ ფლანგზე მყოფი მოკავშირეებისთვის“.

შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის გადაწყვეტილებით, 8 500 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე, აღმოსავლეთ ევროპაში გადასასხმელად, ახლა „მაღალ მზადყოფნაშია“. თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, ამერიკელი ჯარისკაცები შესაძლოა, ნატოს საპასუხო ძალების შემადგენლობაში გააქტიურდნენ.

„აშკარაა, რომ რუსებს ახლა დეესკალაციის განზრახვა არ აქვთ“ - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას პენტაგონის სპიკერმა, ჯონ კირბიმ.

ევროპელ ლიდერებთან პრეზიდენტ ბაიდენის შეხვედრას, თეთრი სახლი ოფიციალური განცხადებით აჯამებს.

„ლიდერებმა ასევე განიხილეს ერთობლივი ძალისხმევა, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის შემდგომი აგრესიის შეკავების მიზნით.

მათ შორის, მზადება რუსეთის წინააღმდეგ ასეთი ქმედებებისთვის მასიური შედეგებისა და მძიმე ეკონომიკური ხარჯების დაწესებისთვის, ასევე ნატოს აღმოსავლეთ ფლანგზე უსაფრთხოების გასაძლიერებლად“ - ნათქვამია განცხადებაში.

ბაიდენმა გამორიცხა უკრაინაში ჯარების გაგზავნა, თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, მაგრამ პირობა დადო, რომ მოსკოვს სწრაფ და მკაცრ ეკონომიკურ სანქციებს დაუწესებს.

ბოლო ორი კვირის განმავლობაში, შეერთებული შტატების ოფიციალურმა პირებმა, რუსეთის წარმომადგენლებთან ოთხი პირისპირ შეხვედრა გამართეს.

რუსეთი ამტკიცებს, რომ უკრაინის საზღვარზე ჯარები საკუთარი დაცვის მიზნით ჰყავს განლაგებული. მაგრამ, ასევე ითხოვს გარანტიებს, რომ ნატო აღმოსავლეთ გაფართოებას შეაჩერებს და უკრაინას, ასევე საქართველოს, ალიანსში არასდროს მიიღებს. კრემლი ამბობს, რომ ამას საფრთხედ აღიქვამს.

ნატომ არაერთხელ უარყო რუსეთის ეს მოთხოვნა და განმარტავს, რომ რუსეთს, სხვა ქვეყნების ნატოში გაწევრიანებაზე ვეტოს უფლება არ აქვს.

შეერთებული შტატები და რუსეთი, ამ კვირაში გეგმავენ, ერთმანეთის მიმართ მოთხოვნების შესახებ წერილობითი პასუხები გაცვალონ.

XS
SM
MD
LG