ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროკავშირი და აშშ კიევის აქციის დარბევას გმობენ


პოლიციის მიერ გუშინ დარბეული აქციის ადგილას დემონსტრანტები ახალ ბარიკადებს აშენებენ

ბმული

უკრაინაში პრო-ევროპული ძალების სამ კვირიანი პროტესტის შემდეგ ოთხშაბათს ვაშინგტონი პრეზიდენტ იანუკოვიჩის მისამართით საკმაოდ მკვეთრი შეფასებით გამოვიდა. ჯეიმს ბრუკი კიევიდან მოგვითხრობს.

„წადით რუსეთში, წადით რუსეთში,“ ასე გააცილეს დემონსტრანტებმა სამი უკრაინული პოლიციით გატენილი ავტობუსი, რომლებმაც კიევის რატუშაზე შეკრებილი დემონსტრანტების წარუმატებელი დარბევის შემდეგ ნელ-ნელა უკან დახევა დაიწყეს.

მომიტინგეებსა და პოლიციის დაპირისპირების დროს ოთხშაბათს ძალოვნები მომიტინგეებს კიევის ცენტრიდან გასვლას აიძულებდნენ. ძალოვანი უწყების უფორმო თანამშრომლები სიბნელეში და სიცივეში ბარიკადების ადგილას შეიჭრნენ და მაიდანზე საპროტესტო ბანაკის 20% გაანადგურეს.

ოლეგი იმის შესახებ ყვება, თუ როგორ შეეცადა პოლიცია ოპოზიციის მართვის ცენტრში შესულიყო და ხმის გამაძლიერებლები გამოერთო.

ოლეგი: ისინი შენობაში შეჭრას შეეცადნენ, თუმცა არ გამოუვიდათ, რადგან იქ ხალხი იმყოფებოდა, რომლებმაც ისინი შეაჩერეს.

პოლიციას ხელკეტები არ გამოუყენებია, თუმცა 30 ადამიანი მაინც დაშავდა.
ამ ფაქტს რამდენიმე საათში ვაშინგტონიდან მძაფრი რეაქცია მოჰყვა.
შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ სპეციალური განცხადება გაავრცელა: „ შეერთებული შტატები უკმაყოფილებას გამოთქვამს უკრაინის მაღალჩინოსნების გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომლითაც ისინი კიევში, მეიდანზე შეკრებილ მშვიდობიან პროტესტანტებს სპეცრაზმით, ბულდოზერებითა და ხელკეტები გაუსწორდნენ, იმის ნაცვლად, რომ პატივი სცენ დემოკრატიულ უფლებებსა და ადამიანის ღირსებას“, ნათქვამია ჯონ კერის სპეციალურ განცხადებაში.

კიევში ჩასული ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ვიქტორია ნულანდი პრეზიდენტ იანუკოვიჩს მეორედ შეხვდა და ამ შეხვედრის შესახებ ჟურნალისტებს გაესაუბრა.

ვიქტორია ნულანდი: მე მას ნათლად ავუხსენი იმის შესახებ, რომ ის რაც მოხდა გასულ ღამეს უსაფრთხოების თვალსაზრისით, ევროპის და დემოკრატიული ქვეყნის სახელმწიფოსთვის აბსოლუტურად დაუშვებელია.

ის უკრაინელები, რომლებმაც ინგლისური არ იციან, ნულანდის განწყობით და მიმიკებით ყველაფერს მიხვდნენ. ერთ-ერთ კადრში, რომელიც ნაციონალურ არხზე გადაიცემოდა და მისი და პრეზიდენტ იანუკოვიჩის შეხვედრას ასახავდა, ნულანდი არ იღიმებოდა. მეორე კადრში ჩანდა, რომ როდესაც ის საპროტესტო კარვებს შორის მიდიოდა, ეღიმებოდა, და მომიტინგეებს და პოლიციელებს პურს და სუხარს ურიგებდა.

ნულანდი და ევროკომისარი კეტრინ ეშტონი, რომლებიც პრეზიდენტ იანუკოვიჩს ერთი-ერთზე 6 საათის განმავლობაში პირისპირ ხვდებოდნენ, საკითხის პოლიტიკური მოგვარებისკენ მოუწოდებდნენ.
ოთხშაბათს, დღის ბოლოს პრეზიდენტი იანუკოვიჩი ოპოზიციასთან დიალოგის ინიციატივით გამოვიდა, რათა საკითხის მშვიდობიანი მოგვარების გზები განიხილონ.

ყოფილი პრემიერ-მინისტრი იულია ტიმოშენკო დასავლეთის აქტიურობას ციხიდან გამოეხმაურა და მათ უფრო მკაცრი სანქციებისკენ მოუწოდა.
მან სპეციალური მიმართვა გაავრცელა: „შეწყდეს ავტორიტარული რეჟიმი უკრაინაში ,რომელსაც ფინანსური და სავიზო სანქციები და საერთაშორისო ანტი-კორუფციული გამოძიება ახლავს თან. სხვაგვარად უკრაინა თავისუფლების სასაფლაოდ გადაიქცევა. იმოქმედეთ,“ მოუწოდა ტიმოშენკომ ოპოზიციას.

პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი სულ უფროდაუფრო იზოლაციაში ექცევა.

უკრაინის ორი ძირითადი ტაძრის - ბერძნულ-კათოლიკური და მართლმადიდებლურ უკრაინული ეკლესიების მოძღვრებმა პოლიციის მიერ ბოლო დროს მომიტინგეების დარბევის შემთხვევები დაგმეს. პოლიციის მიერ დარბევის მომენტში ყველა მომიტინგის ტელეფონზე შესაბამისი მესიჯი, ასევე სოციალურ ქსელებში შეტყობინება გავრცელდა და ტაძრებში ზარების რეკვა დაიწყო.

დღისით, საპროტესტო ადგილზე, სადაც უკვე მესამე კვირაა საპროტესტო აქცია მიმდინარეობს კვლავ მივიდნენ ადამიანები.

კიევის სამშენებლო კომპანიის ხელმძღვანელი, ვლადიმერი აქციაზე თავისი წითელი დამცავი შლემით გამოცხადდა.

ვლადიმერი: ხალხი კვლავ მტკიცედ შეეცდება საკუთარი მოთხოვნის დაცვას, ვიდრე პოლიტიკური ცვლილების მიზანს არ მივაღწევთ.

მომავალში პრეზიდენტის პოზიციების შესუსტებას სავარაუდოდ, ოლიგარქების მიერ კონტროლირებად ტელევიზიებში საპროტესტო აქციების ყოვლისმომცველი ასახვაც გამოიწვევს.

ამასობაში, პრეზიდენტის მშობლიური კუთხიდან, უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილიდან, მხარდამჭერმა ძალებმა კიევში კონცენტრაცია ვერ მოახდინეს. ამის საპირისპიროდ, პრო-ევროპულად განწყობილი ძალები საპროტესტო აქციების მოწყობის მიზნით მთელი ქვეყნის ტერიტორიიდან ჩადიან კიევში.

საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან გამოთქმულმა შეშფოთებამ ოთხშაბათს, თავის შედეგი გამოიღო - პოლიციამ მოულოდნელად უკან დაიხია.
კიევის ცენტრში, დემონსტრანტები თავიდან აშენებენ ხის ბარიკადებს, რომელიც რამდენიმე საათის წინ პოლიციამ საჭრელი ინსტრუმენტებით დაშალა.
XS
SM
MD
LG