ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ივნისში, შეერთებულ შტატებში მეტი სამუშაო ადგილი შეიკვეცა


ოთხშაბათს გამოქვეყნებული ანგარიში აჩვენებს, რომ “კოვიდ-19”-ით გამოწვეული რეცესიის გამო,ამერიკელმა დამსაქმებლებმა ივნისში დამატებით 170,219 სამუშაო ადგილი შეკვეცეს. რეცესია მოთხოვნას ამცირებს და კომპანიები გაკოტრებისკენ მიჰყავს.

სამსახურიდან დათხოვნილთა შრომითი მოწყობის გლობალური ფირმის, “ჩელენჯერ, გრეი ენდ ქრისტმასი” მონაცემებით, მიუხედავად იმისა, რომ დათხოვნები მაისის შემდეგ 57 პროცენტით შემცირდა, მონაცემი გასული წლის ივნისთან შედარებით 306 პროცენტითაა გაზრდილი. სამუშაო ადგილების შეკვეცა გასაგებს ხდის, თუ უმუშევრობაზე დახმარების განცხადებების რაოდენობა უჩვეულოდ მაღალ დონეზე რატომ შენარჩუნდა, მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსის გავრცელების შესანელებლად, მარტის შუა რიცხვებიდან დაკეტილი ბიზნესები გაიხსნა.

უმუშევრობაზე დახმარების მისაღებად შეტანილი პირველადი განცხადებების რაოდენობა1.5 მილიონზე გაჩერდა, თუმცა ეს რაოდენობა დაეცა ისტორიული, 6.867 მილიონიანი ნიშნულიდან, რომელიც მარტის ბოლოსთვის აღირიცხა.

ივნისის პირველი კვირისთვის, უმუშევრობაზე დახმარებას 30.6 მილიონი ადამიანი იღებდა.

“ჩელენჯერ, გრეი ენდ ქრისთმასის” თანახმად, დათხოვნებმა მეორე კვარტალში დღემდე ყველაზე მაღალი რიცხვი - 1.238 მილიონი შეადგინა, რაც იანვარ-მარტის პერიოდიდან 257 პროცენტით ზრდა იყო.

1.585 მილიონი შეკვეცილი სამუშაო ადგილიდან, 1.011 მილიონის მიზეზად “კოვიდ-19” დასახელდა.

ზოგადად, სამუშაო ადგილების შეკვეცის დიდი წილი ბარებზე, რესტორნებზე, სასტუმროებზე და გასართობ პარკებზე მოვიდა. თანამშრომლები დაითხოვეს ასევე საცალო მოვაჭრეებმა და კომპანიებმა, რომლებიც კერძების მომზადებით, თეთრეულის რეცხვით, მარკეტინგით და ადმინისტრაციული მომსახურებით არიან დაკავებული.

საავტომობილო სექტორში, მწარმოებლებმა, მიმწოდებლებმა და დილერებმა პერსონალის რაოდენობა შეამცირეს, მაგრამ მთავრობა, ჯანდაცვა, ტექნოლოგია, აეროკოსმოსური და თავდაცვის სექტორები თანამშრომლების აყვანას აგრძელებენ. მიმდინარე წლისთვის, 1.836 სამუშაო ადგილის შევსების გეგმის შესახებ გამოცხადდა, მათ შორის, ივნისში 75,454 ადამიანს დაასაქმებენ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG