ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

8 აგვისტოსთან დაკავშირებით აშშ-ის საელჩოს განცხადება


შერთებული შტატები გააგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მსოფლიოს უწყვეტი მხარდაჭერის უზრუნველყოფისადმი მიმართულ მუშაობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. აღნიშნულ განცხადებას, რომელიც საქართველოს და რუსეთს შორის 2008 წლის აგვისტოში მომხდარი ესკალაციის 10 წლისთავს ეძღვნება, საქართველოში მდებარე ამერიკის საელჩო ავრცელებს. "საქართველო, ჩვენ თქვენს გვერდით ვართ" - ნათქვამია განცხადების მთავარ გზავნილში.

დღეს გავრცელებულ განცხადებაში ამერიკის საელჩო 10 წლის წინ განვითარებულ მოვლენებს კიდევ ერთხელ აღწერს: „ათი წლის წინ, დღევანდელ დღეს, რუსეთი საქართველოს სუვერენულ სახელმწიფოში შეიჭრა. კონფლიქტმა ასობით ადამიანი იმსხვერპლა, ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე აიძულა, საკუთარი სახლი დაეტოვებინა და დაიწყო დამანგრეველი ოკუპაცია, რომელმაც საქართველოს ტერიტორიის ოცი პროცენტი მოიცვა".

განცხადება ასევე ეხება ომის ხუთდღიანი ესკალაციის მიერ მოტანილ შედეგებს. "დევნილები ჯერ კიდევ ვერ უბრუნდებიან საკუთარ სახლებს. ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობას კი წაერთვა შესაძლებლობა, მონაწილე ყოფილიყო ბოლო ათწლეულის განმავლობაში მიღწეული ქვეყნის მნიშვნელოვანი ეკონომიკური და პოლიტიკური პროგრესისა" - ნათქვამია განცხადებაში.

დღეს ამერიკის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს ინიციატივით, სატელეფონო საუბარი გაიმართა საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, პომპეომ კიდევ ერთხელ დაადასტურა შეერთებული შტატების მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მიმართ. ამერიკა არასდროს შეეგუება საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას და მომავალშიც დაეხმარება საქართველოს იმ გამოწვევების დაძლევაში, რომელიც რუსეთის სამხედრო აგრესიიდან 10 წლის შემდეგ კვლავაც არსებობს - ნათქვამია პრესრილიზში.

გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა მაიკ პომპეოს ამერიკის მუდმივი მხარდაჭერისათვის. გიორგი მარგველაშვილის თქმით, ეს განსაკუთრებით იგრძნობა ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG